• Geo
  • Eng
11.03.2016
ზუგდიდი - დინამო | მატჩამდე

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეოცე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 15.00 საათზე დაიწყება და მის რეპორტაჟს დინამოს ვებ გვერდი შემოგთავაზებთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

ზუგდიდის სფეხბურთო ისტორია სათავეს XX საუკუნის დასაწყისიდან იღებს და მას შემდეგ ამ ქალაქის სახელით არაერთ გუნდს უთამაშია. 1990 წლიდან საქართველოს დამოუკიდებელ საფეხბურთო ჩემპიონატში ქალაქ ზუგდიდს ჯერ საფეხბურთო კლუბი ოდიში წარმოადგენდა, შემდეგ კი- დინამო. ჩვენ ქვეყანაში მომხდარი სამოქალაქო ომისა და მომდევნო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ზუგდიდური გუნდი ქართულ საფეხბურთო ელიტას დაემშვიდობა. 2007/2008 წლის სეზონში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, უმაღლეს ლიგაში ზუგდიდური კლუბი- მგლები ასპარეზობდა. 2008 წელს უმაღლესლიგელი მგლებისა და პირველლიგელი ბაიას გაერთიანების შემდეგ ჩემპიონატში გამოსვლა ზუგდიდურმა კლუბმა- ბაიას სახელით განაგრძო. 2012 წელს ჩვენმა მომავალმა მეტოქემ სახელწოდება კიდევ ერთხელ შეიცვალა და ამჯერად ზუგდიდის სახელით გამოდის.

 

 

მწვრთნელი და ზუგდიდი

2016 წლის იანვრიდან ზუგდიდურ კლუბს უკრაინელი ფეხბურთის სპეციალისტი- იური ბაკალოვი წვრთნის. მიმდინარე ჩემპიონატში ზუგდიდმა 19 გამართული მატჩიდან 9 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე- 15 ადგილზე იმყოფება. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 13/42.

 

 

დინამომდე

2015/2016 წლების სეზონის მეორე ნახევარის პირველი მატჩი ზუგდიდმა ბათუმის დინამოსთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დათმო. ამას მოჰყვა წაგება ქუთაისის ტორპედოსთან 0:2 და ფრე ცხინვალთან 1:1. ბოლოს ზუგდიდი ჩიხურას შეხვდა და 4 უპასუხო გოლით დამარცხდა. მეორე წრის განახლებამდე ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ზამთრის შეკრება თურქეთში გაიარა.

 

 

ზუგდიდი - დინამო

თბილისურ ზუგდიდური დაპირისპირება დღემდე 43- ჯერ გაიმართა, საიდანაც 32 შემთხვევაში გამარჯვება ჩვენს ფეხბურთელებს დარჩათ, 7 მატჩი ფრედ დასრულდა, 4 თამაში კი ზუგდიდურმა კლუბმა მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 116/29 არის.

სხვადასხვა დროს თბილისელმა ფეხბურთელებმა ზუგდიდური ოდიშის, დინამოს, მგლებისა და ბაიას წინააღმდეგ იასპარეზეს. ამჯერად კი მტკვრისპირელები საფეხბურთო კლუბ ზუგდიდს დაუპირისპირდებიან. დიდი ანგარიშით დინამომ 16–ჯერ იმარჯვა. ამათგან აღსანიშნავია 1992 წელს მოპოვებული გამარჯვება, როდესაც თბილისელებმა მეტოქეს 7:2 მოუგეს. დინამომ ზუგდიდელი ოპონენტი სამჯერ ერთნაირი ანგარიშით 5:0 დაამარცხა – 1994, 1997 და 1999 წლებში. 2009 წლის 19 სექტემბერს ჩვენმა გუნდმა ანგარიშით 6:0 იმარჯვა. 2012 წელს 26 თებერვალს, ოცდამეერთე ტურში დინამო არენაზე გამართული მატჩი ანგარიშით 5:1 დასრულდა და ასევე 2012 წლის 20 მაისს თბილისელებმა საკუთარ მინდორზე 6:1 დაჯაბნეს მოწინააღმდეგე. თბილისში 2015 წლის 20 მაისს გაიმართული მატჩი, ჩვენი გუნდის გამარჯვებით- 7:0 დასრულდა. ეს ანგარიში ამ გუნდების შეხვედრაში დაფიქსირებული ყველაზე დიდი სხვაობაა. გიორგი ჩირგაძემ ჰეთ თრიქი შეასრულა, დუბლი ვახო ჭანტურიშვილის ანგარიშზეა, თითო გოლი კი გიორგი პაპუნაშვილმა და ჯაბა ჯიღაურმა გაიტანეს.

ბოლოს დინამო და ზუგდიდი ერთმანეთის პირისპირ 2015 წლის 20 სექტემბერს წარდგნენ. თბილისელებმა დინამო არენაზე სტუმრებს 3:1 აჯობეს. გოლები კი ზუგდიდელთა კარში გიორგი გველესიანმა და გიორგი ქვილითაიამ (2) გაიტანეს.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო დინამოდან ლაშა პარუნაშვილი და ვახო ჭანტურიშვილი გამოტოვებენ, ხოლო ზუგდიდს იმავე მიზეზით გიორგი ქანთარია ვერ დაეხმარება.

 

 

ზუგდიდი - დინამო | მსაჯი

ზუგდიდისა და დინამოს დაპირისპირებას გიორგი ყრუაშვილი განსჯის. გიორგი ყრუაშვილს ასისტენტობას დ. ჩიგოგიძე და დ. კურტანიძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი პ. მაჭარაძე შეასრულებს.

ჩვენი გუნდის თამაში გიორგი ყრუაშვილმა უკანასკნელად 2015 წლის 29 აგვისტოს იმსაჯა. შეხვედრაში, რომელშიც დინამომ საბურთალო 4:0 დაამარცხა, მსაჯმა ექვსი ყვითელი ბარათი გამოიყენა.  

ბოლო შეხვედრა, რომელიც გიორგი ყრუაშვილმა იმსაჯა, 6 მარტს საქართველოს პირველობაზე გამართული სიონი 4:1 საპოვნელა გახლავთ. გიორგი ყრუაშვილმა აღნიშნულ შეხვედრაში ორი ფეხბურთელი გააფრთხილა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ყრუაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გიორგი ყრუაშვილი

დაბადების თარიღი: 1986 წლის 29 მაისი

===========================================

უმაღლესი ლიგა – 50 თამაში / 196 ყვითელი / 7 წითელი / 10 პენალტი

პირველი ლიგა – 27 თამაში / 82 ყვითელი / 12 წითელი / 7 პენალტი

მეორე ლიგა – 3 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

საქართველოს თასი –  9 თამაში / 25 ყვითელი / 1 წითელი / 3 პენალტი

უეფას U17 ელიტრაუნდი - 4 თამაში / 11 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფას U19 ჩემპიონთა ლიგა - 2 თამაში / 9 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფას U21 საკვალიფიკაციო - 1 თამაში / 6 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფას ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი - 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

ზუგდიდის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ზუგდიდელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

ზარქუა - ჯავაშვილი, ნარმანია, მაჩაიძე, გავაშელიშვილი - ჩებოტარევი, წურწუმია, კოვალენკო, გ. სამუშია - თ. სამუშია, ბულია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024