ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე ჩვენი გუნდის დუბლშემადგენლობამ სპარინგ მატჩი გამართა. თბილისელებს მეტოქეობა პირველლიგელმა მარნეულის ალგეთმა გაუწია. დინამოს დუბლებს დავით ჭიჭვეიშვილმა უხელმძღვანელა, რომელიც ამიერიდან გუნდის თავკაცად იმუშავებს. თამაზ სამხარაძე კი პირველ გუნდში იურაი იარაბეკის თანაშემწე იქნება.
სპარინგი საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. მატჩის დებიუტში ორი გოლიც გავიდა. თბილისელები ლილუაშვილმა დააწინაურა, ხოლო ცოტახანში სტუმრებმა სტატუს ქვო აღადგინეს. მთელი შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა. სახიფათო მომენტები ორივე კართან მრავლად შეიქმნა. მეორე ტაიმში დინამოელებმა თერთმეტმეტრიანი დარტყმის უფლება მოიპოვეს, პენალტი ზუსტად ყურაშვილმა შეასრულა და მასპინძლები დააწინაურა. ალგეთის ფეხბურთელებმა შეხვედრის დამთავრებამდე ორიოდე წუთით ადრე დინამოელთა დაცვაში არსებული უყურადღებობით ისარგებლეს და საბოლოო ანგარიში 2:2 დააფიქსირეს.
ხვალ 30 იანვარს დინამოს დუბლშემადგენლობა პირველი გუნდის დარად შეკრების გასავლელად თურქეთისკენ აიღებს გეზს.
დინამო დუბლები 2:2 ალგეთი მარნეული
დინამო დუბლები: ისიანი, კაპანაძე, კობოური, ბასარია, ნემსაძე, ბაშალეიშვილი, ნინუა, ფოჩხუა, გაბრიჩიძე, ლილუაშვილი, დავითაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: ქაფიანიძე, ყურაშვილი, აღდგომელაშვილი, ერგემლიძე