თურქულ შეკრებაზე დინამო თბილისის პირველი სპარინგ-მეტოქე ხორვატიული საფეხბურთო კლუბი სპლიტი იქნება. მატჩი თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება.
ჩვენი მომავალი მეტოქე 1912 წელს დაარსდა. ცრვენი (სპლიტის ზედმეტსახელი) საშინაო მატჩებს პარკ მლადეჟის სტადიონზე ატარებს, რომლის ტევადობაც 8 000 მაყურებელზეა გათვლილი. გუნდის ოფიციალური ფერი წითელია, თუმცა თავიდან სპლიტი შავი ფერის ფორმით თამაშობდა. ეს იმ პერიოდში, როცა კლუბს ანარხი ერქვა. შემდეგ პერიოდში სპლიტმა კიდევ რამდენჯერმე შეიცვალა სახელი: ბორაცი, კუვშინი, დალმატინცა და არსენალი.
სპლიტმა ოთხჯერ იასპარეზა იუგოსლავიის ჩემპიონატის უმარლეს დივიზიონში, თუმცა დასამახსოვრებელი შედეგის გარეშე. 2010 წლიდან კი გამოდის ხორვატიის უმაღლეს ლიგაში და სადებიუტო სეზონში ბრინჯაოს მედლებიც მოიპოვა. წინა სეზონში სპლიტი ხორვატიის თასის ფინალში ზაგრების დინამოსთან დამარცხდა.
სპლიტი ხორვატიის მიმდინარე ჩემპიონატში 21 თამაშიდან დაგროვებული 32 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს. ბალკანელები ბელეკში 23 იანვრიდან იმყოფებიან და ორი სპარინგის ჩატარებაც მოასწრეს. მარცხი 0:2 შვეიცარიულ აარაუსთან და გამარჯვება გრაცის შტურმთან ანგარიშით 3:2.