დღეს დინამო თბილისის ლეგენდარული კაპიტნის, გუნდის უფროსისა და მთავარი მწვრთნელის, საქართველოსა და ამიერკავკასიის ნაკრებების უცვლელი ფეხბურთელის – ბორის პაიჭაძის იუბილეა. ბორის პაიჭაძემ დინამო თბილისის მაისურით პირველად 1936 წელს ითამაშა. 1940 წლიდან მან ჩვენი გუნდის კაპიტნის სამკლაურიც მოირგო და ათი წლის განმავლობაში გუნდს მისთვის დამახასიათებელი ქარიზმით მიუძღვოდა. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში (1936-1951) ჩატარებულ 181 მატჩში, 98 გოლი გაიტანა. საბჭოთა თასის გათამაშებაზე ჩატარებულ 40 შეხვედრაში კი მეტოქეთა კარი 25– ჯერ აიღო. შვიდი საერთაშორისო მატჩი და ხუთი გოლი. 1939 და 1940 წლების გათამაშების ვიცე ჩემპიონი. ოთხგზის პრიზიორი 1936, 1946, 1947 და 1950 წლებში. სამგზის სსრკ– ს თასის ფინალისტი 1936, 1937 და 1946 წლებში. ქართველი ფეხბურთის კარუზო, რომელიც პროფესიული კარიერის განმავლობაში მეტოქესთან უხეშობის გამო არც ერთხელ არ გაუძევებიათ მოედნიდან, 1990 წლის 9 ოქტომბერს გარდაიცვალა. სპორტის დამსახურებული ოსტატისა და ვახტანგ გორგასლის ორდენის მფლობელის, ბორის პაიჭაძის სახელს – საქართველოში ყველაზე დიდი, დინამოს მშობლიური სტადიონი – დინამო არენა, ატარებს.