თურქეთში შეკრებაზე მყოფმა დინამოს სარეზერვო შემადგენლობამ დღეს მეორე სპარინგ მატჩი ჩაატარა. თბილისელებს მეტოქეობა დონეცკის შახტარის 21 წლამდელთა გუნდმა გაუწია. შეხვედრა პაპილონის სპორტული ცენტრის სათამაშო მოედანზე გაიმართა. პირველი ნახევარი თანაბარი ასპარეზობით და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. დონეცკელებს პირველ 45 წუთში საერთოდ არ შეუქმნიათ საგოლე სიტუაცია, თბილისელებმა კი მე- 40 წუთზე სწრაფი კონტრშეტევით შეძლეს ანგარიშის გახსნა. გიორგი ჩაკვეტაძემ დასარტყმელ პოზიციაზე ბექა მიქელთაძე გაიყვანა, მისი დარტყმული კი უნაკლო აღმოჩნდა და ანგარიშიც გაიხსნა. აღსანიშნავია ძლიერი ქარი, რომელმაც თავისი კორექტივები არაერთხელ შეიტანა დაპირისპირებაში. მეორე ტაიმში თამაშის ხარისხი არც შეცვლილა. შუა ტაიმში შახტარმა გაათანაბრა ანგარიში, მატჩის მიწურულს კი მეტოქემ ისარგებლა მცველების შეცდომით და ორი გოლი გაუტანა დინამოს. მომდევნო სპარინგი დავით ჭიჭვეიშვილის გუნდს 9 თებერვალს ააქვს დაგეგმილი ანტალიასფორის U19 გუნდთან.
დინამო დუბლები 1:3 შახტარი U21
დინამო დუბლები: ბულისკერია, ლოჩოშვილი (ნემსაძე 46), ქაფიანიძე (კაპანაძე 46), კიკალიშვილი (ბასარია46), ხარაბაძე (გაბრიჩიძე 70), ყურაშვილი (ბაშალეიშვილი 46), ფოჩხუა (კუცია 46), აღდგომელაშვილი (ნინუა 46), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 46), ერგემლიძე (ლილუაშვილი 46), მიქელთაძე (სილაგაძე 65)