• Geo
  • Eng
22.02.2016
თბილისური დერბი | მატჩამდე

საქართველოს 27- ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი დინამო არენაზე ლოკომოტივის წინააღმდეგ გამართავს. თბილისური დერბი 18.00 საათზე დაიწყება და მის რეპორტაჟს დინამოს ვებ გვერდი შემოგთავაზებთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი ლოკომოტივი 1936 წელს დაარსდა. იგი რკინიგზის ტრანსპორტის მუშაკთა საკავშირო ნებაყოფლობით სპორტულ საზოგადოებას წარმოადგენდა, რომელშიც გაერთიანდნენ დარგის მუშაკები, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, რკინიგზის წარმოება-დაწესებულებათა, სატრანსპორტო მშენებლობისა და მეტროპოლიტენის მოსამსახურეები. აგრეთვე, რკინიგზის სამინისტროს სისტემაში შემავალი უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების სტუდენტები და მოსწავლეები.

ლოკომოტივი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მართავს საშინაო მატჩებს, რომელიც 25 000 მაყურებელს იტევს. გუნდის ფერები კი ტრადიციული წითელი და თეთრია. ლოკომოტივს 1988-1989 წლებში ომც ლოკომოტივი ერქვა, 1990-1993 წლებში თბილისელები მერანის სახელით ასპარეზობდნენ, ხოლო 1993-1995 წლებში ჩვენს მომავალ მეტოქეს მერანი-ბაჩო ერქვა. ლოკომოტივი სსრკ- ს უმაღლეს (1938 და 1940), პირველ (1939, 1946-1948, 1959-1970) და მეორე ლიგებში (1936-1937, 1981-1982, 1984-1986, 1988-1989) გამოდიოდა. საქართველოს უმაღლეს ლიგაში ლოკომოტივს დებიუტი 1997 წელს ჰქონდა. გუნდი არის საქართველოს თასის სამგზის მფლობელი 2000, 2002 და 2005 წლებში. პირველობის ვერცხლის მედალოსანი 2001 და 2002 წლებში და 1999 წლის პრიზიორი.

 

 

მწვრთნელი და ლოკომოტივი

გასული წლის ოქტომბრიდან თბილისის ლოკომოტივს ესპანელი ფეხბურთის სპეციალისტი- ხერარდ სარაგოსა ხელმძღვანელობს. მისი გუნდი დღეისათვის ჩატარებული 16 მატჩიდან დაგროვილი 15 ქულით სატურნირო ცხრილში მე- 12 ადგილს იკავებს. 19 გატანილი გოლით 24- ის წინააღმდეგ. ხერარდ სარაგოსა ლოკომოტივს 2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის მაისამდეც წვრთნიდა.

 

 

დინამომდე

ლოკომოტივმა ზამთრის მოსამზადებელი ეტაპი ესპანეთში გაიარა, სადაც ოთხი ტესტ მატჩი გამართა. თბილისელებმა 11:1 აჯობეს ბენიდორმს, 2:5 დამარცხდნენ დონეცკის შახტართან, წააგეს 1:2 სლოვაკურ მიხალოვცე ზემპლინთან და სამი უპასუხო ბურთით დამარცხდნენ დანიურ რანდერსთან. ლოკომოტივმა პირველობის მეორე წრე ჩიხურასთან საშინაო მატჩით განაახლა და ფრედ 2:2 დასცილდა მეტოქეს.

 

 

დინამო VS ლოკომოტივი

დინამო და ლოკომოტივი ტრადიციული მეტოქეები გახლავთ, რაზეც მათ მიერ ჩატარებული მატჩების სტატისტიკაც მეტყველებს. უმაღლეს ლიგაში ეს გუნდები ერთმანეთს 40- ჯერ დაუპირისპირდნენ. 23- ჯერ წარმატება დინამოელებს დარჩათ, 11 მატჩი ყაიმით დასრულდა და 6 შეხვედრა ლოკომოტივმა მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 58/22 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.

ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ორჯერ დაამარცხა მეტოქე. 1997 წლის 30 აპრილს, ამ გუნდების სადებიუტო შეხვედრაში ლურჯ- თეთრებმა 4:0 აჯობეს თეთრ-წითლებს. დავით მუჯირმა ჰეთ თრიქი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი გიორგი კიკნაძის ანგარიშზეა. მეორედ დინამომ 4:0 1999 წლის 19 სექტემბერს დააფიქსირა. მიხეილ აშვეთიას დუბლს, თითო გოლი კლიმენტი წიტაიშვილმა და რობერტ ზირაქიშვილმა მიამატეს. დიდი ანგარიშით დინამო ერთხელ, 2000 წლის 23 სექტემბერს დამარცხდა. ლოკომოტივმა 3:0 მოიგო. ყველაზე მეტი გოლი ამ გუნდების დაპირისპირებაში 2008 წლის 10 მაისს გავიდა. ჩვენმა გუნდმა პირველობის ბოლო ტურში, უკვე ჩემპიონის სტატუსით 6:5 მოუგო ლოკომოტივს. მათე ვაწაძემ და მიხეილ ხუციშვილმა დუბლი შეასრულეს. თავის გამოჩენა ასევე ჯორჯ აკირემმა და ლევან ხმალაძემ მოახერხეს. ყველაზე პოპულარული ანგარიში გუნდების დუელში გახლავთ 1:0, რომელიც 13- ჯერ დაფიქსირდა. 11 ნათამაშები ყაიმიდან კი 10 უგოლოდ დასრულდა. მათე ვაწაძეს დინამოელთაგან ყველაზე მეტი- 6 გოლი აქვს გატანილი ლოკომოტივის კარში.

ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება 2015 წლის 21 აგვისტოს შედგა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩში დინამომ 4:1 მოიგო. თბილისურ დერბში დინამოელთაგან თავის გამოჩენა გიორგი თევზაძემ, მათე ცინცაძემ, ჯაბა ჯიღაურმა და ზაზა ჭელიძემ მოახერხეს.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ლოკომოტივის ფეხბურთელები- გიორგი დიასამიძე, ალექსანდრე ბენაშვილი და ვაჟა ქიქავა დააკლდებიან.

 

 

დინამო - ლოკომოტივი | მსაჯი

საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი დინამო არენაზე, ლოკომოტივის წინააღმდეგ გამართავს- გიორგი დოგრაშვილი განსჯის. გიორგი დოგრაშვილს ასისტენტობას ზ. მენთეშაშვილი და ი. უკლება გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი შ. ქუხილავა შეასრულებს.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი დოგრაშვილმა იმსაჯა 21 თებერვალს, პირველ ლიგაში უგოლოდ დასრულებული ჭიათურა-მეშახტე გახლავთ. დოგრაშვილმა მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს 6 ყვითელი ბარათი უჩვენა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი დოგრაშვილმა ბოლოს 2015 წლის 28 აპრილს, საქართველოს თასზე იმსაჯა ცხინვალის წინააღმდეგ 0:1 დასრულებულ შეხვედრაში, მატჩის მთავარმა არბიტრმა ოთხი ყვითელი ბარათი გამოიყენა.

 

 

ლოკომოტივის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ლოკომოტივის სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

თევდორაძე - მახარაძე, გეთიაშვილი, ხიდეშელი, ჭანტურია - მზავაშვილი, სამურკასოვი, კიკნაძე, ჩიტეიშვილი - გავაშელიშვილი, ცხადაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024