კვირას 22 მაისს დინამო თბილისი მშობლიურ არენაზე საქართველოს 27- ე პირველობის ბოლო ტურის შეხვედრას გამართავს. თბილისელთა მეტოქე ქობულეთის შუქურა იქნება.
22 მაისს თავის ისტორიაში დინამო თბილისს 18 შეხვედრა აქვს გამართული. 10 შემთხვევაში დაპირისპირება დინამოელთა სასარგებლოდ დასრულდა, 4- ჯერ მეტოქემ იმარჯვა და 4 მატჩიც გამარჯვებულის გარეშე მიილია. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 36/14 თბილისელთა სასარგებლოდ.
1950 წელს დინამოსა და სპარტაკის შეხვედრა, რომელსაც მოსკოვმა უმასპინძლა ყაიმით 1:1 დასრულდა. გოლი ვარდიმიადის ანგარიშზეა. 1955 წელს თბილისელები მოსკოვში დაუპირისპირდნენ თანაკლუბელებს და 0:1 დამარცხდნენ. მომდევნო წელს ჩვენმა გუნდმა კიევის დინამოს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა უკრაინული ფეხბურთის ფლაგმანი. ხასაიამ ორი გოლი გაიტანა, ერთი ბურთიც ზაზროევის ანგარიშზეა. 1971 წელს დინამომ ვოროშილოვგრადში ნოდიას გოლით 1:0 მოუგო ზარიას. 1977 წელს თბილისელებმა ბაქოს ნეფთჩი 4:1 დაამარცხეს. ყიფიანმა დუბლი შეასრულა აღნიშნულ შეხვედრაში. თითო გოლიც შენგელიამ და ჩელებაძემ გაუტანეს ჩვენს მეზობლებს. 1985 წელს ვუმასპინძლეთ ერევნის არარატს და უგოლოდ დავცილდით. 3 წლის შემდეგ მარცხი 0:2 ოდესაში ჩერნომორეცთან.
1991 წელს გალის მზიურთან შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 1994 წელს ანჩაბაძის, კიკნაძის და ყაველაშვილის გოლებით ჩვენმა გუნდმა ბათუმის ბათუმი დაამარცხა 3:0. მომდევნო წელს დინამომ წყალტუბოში სამგურალი დაამარცხა შვიდი უპასუხო ბურთით. დემეტრაძემ ორი გოლი გაუტანა მასპინძლებს. თითო გოლი იაშვილის, კიკნაძის, ჯამარაულის, ყიფიანის და ცქიტიშვილის ანგარიშზეა. 1997 წელს თელავში, კახეთთან დაპირისპირება დინამოელთა სასარგებლოდ 5:2 მორჩა. დემეტრაძის ჰეთ თრიქს გოგიჩაიშვილმა დუბლი მიამატა. მომდევნო წელს 2:2 ფრე წყალტუბოს სამგურალთან. კიკნაძე და მაჭავარიანი ზუსტი დარტყმის ავტორები. 2002 წელს მარცხი ქუთაისის ტორპედოსთან 0:1. შემდეგ სეზონზე იმავე ანგარიშით გამარჯვება თბილისის ლოკომოტივთან. გოლი ალექსიძემ გაიტანა. 2004 წელს გამარჯვება გორის დილასთან 2:1. თავის გამოჩენა მელქაძემ და დვალმა მოახერხეს. შემდეგ წელს ისევ გორის დილასთან თამაში და ამჯერად გამარჯვება 3:0. მელქაძემ ორჯერ აიღო გორელთა კარი, ერთხელაც დვალიშვილმა დაარტყა ზუსტად. 2011 წელს მარცხი ქუთაისის ტორპედოსთან 1:2. გოლი ჯიღაურმა გაიტანა. 2015 წელს დინამომ საჩხერის ჩიხურა მიიღო და სამი უპასუხო ბურთით აჯობა მეტოქეს. გოლები ზემოიმერელთა კარში გიორგი პაპუნაშვილმა, ლაშა თოთაძემ და ვახო ჭანტურიშვილმა გაიტანეს.