ორ თვიანი პაუზის შემდეგ დინამო არენამ საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრას უმასპინძლა. თბილისურ დერბიში დინამომ ლოკომოტივი მიიღო და 2:1 დაამარცხა მეტოქე. იურაი იარაბეკის გუნდს მიკრო ტრავმების გამო გიორგი ქვილითაია და მათე ცინცაძე აკლდა. ვახო ჭანტურიშვილმა კი ყვითელი ბარათების ლიმიტი ამოწურა.
მატჩი დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მე- 6 წუთზე შეეძლოთ მასპინძლებს ანგარიშის გახსნა. ჯაბა ჯიღაურის დარტყმული ლოკომოტივის კარის ძელმა მოიგერია. მასპინძლები ბევრს უტევდნენ, თუმცა რეალურ სახიფათო მომენტამდე საქმე არ მისულა. ტაიმის შუაში საბა ლობჟანიძის თავით დარტყმული ბურთია აღსანიშნავი, რომელიც ჯერ ჯაბა ჯიღაურს მოხვდა, შემდეგ კი სიტუაცია ნიკა ჭანტურიამ განმუხტა. მეორე ნახევრის დებიუტში ზვიად ქანთარიას დარტყმული ბურთი მასპინძელთა კარის ხარიხას მოხვდა. 53- ე წუთზე კი ლოკომოტივმა ანგარიში გახსნა. რევაზ ჩიტეიშვილმა შორი მანძილიდან ზუსტი და ძლიერი დარტყმით აიღო დინამოელთა კარი. ხუთიოდე წუთში დინამომ თანასწორობა აღადგინა. ნიკა ჭანტურიამ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა, მსაჯმა პენალტის ნიშნულს მიუთითა, ალექსანდრე იაშვილმა კი თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა- 1:1. შეხვედრის 69- ე წუთზე დინამოელებმა ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს, ალექსანდრე იაშვილმა საგოლე პასი მიითვალა, ოთარ კიტეიშვილმა კი ზუსტი დარტყმით თავისი გუნდი დააწინაურა 2:1. დაპირისპირებაში აღარაფერი შეცვლილა და დინამომ მორიგი 3 ქულა შემატა თავის აქტივს. მომდევნო, მეთვრამეტე ტურის მატჩს დინამოელები 27 თებერვალს საბურთალოს წინააღმდეგ ჩაატარებენ.
დინამო 2:1 ლოკომოტივი
გოლი: 0:1 ჩიტეიშვილი 53’ 1:1 იაშვილი (პენ) 58’ 2:1 კიტეიშვილი 69’
გაფრთხილება: რენე 52’ ჭანტურია 56’ იაშვილი 62’ ცხადაძე 62’
დინამო: ჰრდლიჩკა, უ. ლობჟანიძე, ანისულასვილი, რენე, გურული (თევზაძე 65), პარუნაშვილი, ჯიღაური, ს. ლობჟანიძე (არაბული 46), კიტეიშვილი, იაშვილი, გელაშვილი (ჭელიძე 78)
ლოკომოტივი: თევდორაძე, ფოფხაძე (ჩიხლაძე 72), ჩიტეიშვილი, ჭანტურია, გეთიაშვილი, ცხადაძე (სამურკასოვი 67), გავაშელიშვილი, ქანთარია (კიკნაძე 62), სულთანიშვილი, მახარაძე, არდაზიშვილი
მსაჯი: გ. დოგრაშვილი