• Geo
  • Eng
27.02.2016
დინამომ საბურთალოსთან დიდი ანგარიშით იმარჯვა

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანმა საქართველოს პირველობის მე- 18 ტურის შეხვედრას უმასპინძლა. ერთმანეთს საბურთალო და დინამო დაუპირისპირდნენ. თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ შეხვედრა დინამოელთა სრული უპირატესობით წარიმართა და იურაი იარაბეკის გუნდმა მორიგი თბილისური დერბი დაასრულა სათავისოდ. ანგარიში კი იგივე განმეორდა, რაც ამ გუნდებს შორის პირველ წრეში დაფიქსირდა. დინამომ ოთხი უპასუხო გოლით დაამარცხა საბურთალო.

დერბი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს. გამოსარჩევია გიორგი ხარაიშვილის დარტყმა, რომელსაც უცა ლობჟანიძე გადაეღობა და დინამოელთა კარი ხიფათისგან იხსნა. მე- 20 წუთზე ვახო ჭანტურიშვილმა, რომელმაც მთელი მატჩი საკმაოდ აქტიურად და კარგად ჩაატარა, ოთარ კიტეიშვილს გადააწოდა ბურთი, დინამოელთა ნახევარმცველი მარცხენა ფრთიდან შეიჭრა საჯარიმოში, მის დარტყმულს კი ბოლო მომენტში მასპინძელთა მცველმა შეუცვალა მიმართულება. დინამოელები სათამაშო უპირატესობას დაეუფლნენ და შეხვედრის ბოლოომდე აღარ დაუთმიათ უპირატესობა. 24- ე წუთზე გიორგი თევზაძემ საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში, ზუსტი დარტყმით კი ჯაბა ჯიღაური გამოირჩა. ერთ წუთში სტუმრებმა მეორედ აიღეს საბურთალოს კარი. ოთარ კიტეიშვილის ჩაწოდება და გიორგი ქვილითაიას ზუსტი თავური- 0:2. ორიოდე წუთში ჯერ ქვილითაიას დარტყმული ოდნავ აცდა ოთო გოშაძის კარს, ხოლო შემდეგ მომენტში თავად მეკარემ იხსნა საბურთალო, როცა სეხნია კიტეიშვილის ტექნიკური დარტყმუილი მოიგერია.

მეორე ტაიმი კვლავ დინამოელთა შეტევებით დაიწყო. 58- ე წუთზე ჯაბა ჯიღაურის ძლიერად დარტყმული უკუაგდო გოშაძემ, ორიოდე წუთში კი ვახო ჭანტურიშვილისა და გიორგი ქვილითაიას ტექნიკურ თამაშს ამ უკანასკნელის მეორე გოლი მოჰყვა საბურთალოს კარში- 0:3. გატანილი გოლის შემდეგ ლიბორ ჰრდლიჩკამაც იყოჩაღა, როცა გიორგი ხარაიშვილის დარტყმული მოიგერია. 63- ე წუთზე კი გიორგი თევზაძემ შორი მანძილიდან ლამაზად შეასრულა საჯარიმო დარტმა და დაპირისპირების საბოლოო ანგარიში 0:4 დააფიქსირა. შეხვედრის 71- ე წუთზე ბოლო გოლის ავტორის ნაცვლად, მოედანზე ესპანელი ნახევარმცველი მიკელ ალვარო გამოჩნდა. დერბის დასრულებმადე კიდევ ორი სახიფათო მომენტია აღსანიშნავი. ბაჩანა არაბულის შორი მანძილიდან ტექნიკურად შესრულებული დარტყმა, რომელიც ოდნავ გადასცდა მასპინძელთა კარის ხარიხას და ბოლო წუთებზე გიორგი ჯანელიძის მიერ საბურთალოს კარის ძელს მოხვედრილი ბურთი.

იურაი იარაბეკის გუნდმა ამ მოგებით 49 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზე ერთპიროვნულად იმყოფება. მომდევნო, მეცხრამეტე ტურის შეხვედრას დინამო საკუთარ არენაზე 6 მარტს, მარტვილის მერანის წინააღმდეგ ჩაატარებს.

საბურთალო  0:4  დინამო

გოლი: 0:1 ჯიღაური 24’  0:2 ქვილითაია 25’  0:3 ქვილითაია 60’  0:4 თევზაძე 63’

გაფრთხილება: ჭანტურიშვილი 55’  კოხრეიძე 87’

საბურთალო: გოშაძე, იაშვილი, თოთაძე, მარგველაშვილი, გოშთელიანი, ხარაიშვილი, ფანცულაია, ბიძინაშვილი, ცაცკრიალაშვილი (ტერა 46), ალთუნაშვილი (კოხრეიძე 46), სოფორმაძე (მამუჩაშვილი 66)

დინამო: ჰრდლიჩკა, უ. ლობჟანიძე, ამისულაშვილი, გველესიანი, თევზაძე (ალვარო 71), ჭელიძე, პარუნაშვილი, ჯიღაური, კიტეიშვილი (ჯანელიძე 76), ჭანტურიშვილი, ქვილითაია (არაბული 61)

მსაჯი: ლ. სილაგავა

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024