• Geo
  • Eng
13.04.2016
ჩიხურა - დინამო | ურთიერთშეხვედრები

შაბათს 16 აპრილს, ეროვნული პირველობის 25- ე ტურის შეხვედრაში დინამო თბილისი საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდება. მატჩი ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე 16.00 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ჩვენების ნახვა დინამოს ვებ გვერდის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

 

დინამო და ჩიხურა ეროვნულ ასპარეზზე დღემდე ერთმანეთს 13 შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. დინამოს ანგარიშზე დიდი უპირატესობაა- 9 მოგება, 1 მარცხი და 3 ფრე. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 37/9 თბილისელთა სასარგებლოდ.

 

2006 წლის 18 ნოემბერს დინამომ ანგარიშით 3:1 აჯობა მეტოქეს. გოლები მიხეილ ხუციშვილმა, სანდრო იაშვილმა და გიორგი თავბერიძემ (საკუთარ კარში) გაიტანეს. მეორე მატჩი 2007 წლის 16 მაისს გაიმართა და ჩვენმა გუნდმა მშრალი ანგარიშით- 5:0 იმარჯვა. გატანილი გოლებით გიორგი ფეიქრიშვილი, სანდრო იაშვილი, გიორგი მერებაშვილი, მიხეილ ხუციშვილი და გურამ კაშია გამოირჩნენ. მესამე შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2012 წლის 26 სექტემბერს საჩხერეში შედგა და უგოლოდ დასრულდა. მეოთხედ დინამო თბილისი საჩხერლებს 2 დეკემბერს დინამო არენაზე დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 5:2 იმარჯვა. ჩისკომ აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ თრიქი შეასრულა. თითო გოლი კი მიკელ ალვაროს და ჯაბა დვალის ანგარიშზეა. 2013 წლის 6 აპრილს ჩატარებულ მატჩში დინამომ სამი უპასუხო ბურთით იმარჯვა. ჩისკოს დუბლს ერთი გოლი ლევან ხმალაძემ მიამატა. მეექვსე დაპირისპირება საჩხერეში 12 მაისს გაიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 4:2 დასრულდა. გოლები პეტერ გრაიციარის, ჩისკოს, გიორგი მერებაშვილის და კარლეს კოტოს ანგარიშზეა. 2013 წლის 20 ოქტომბერს დინამომ ანგარიშით 6:1 დაამარცხა მეტოქე. ჩისკომ მორიგი ჰეთ თრიქი შეასრულა, ჯაბა დვალმა კი დუბლი. ერთი გოლიც ირაკლი ძარიას ანგარიშზეა. 2014 წლის 2 მარტს ზესტაფონში გაიმართა ამ გუნდების დაპირისპირება. თბილისელებმა 5:1 აჯობეს ჩიხურას. ჩისკომ კიდევ ერთი ჰეთ თრიქი გაიფორმა. თითო გოლი გიორგი მერებაშვილმა და გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანეს. 4 აპრილს ივანწმინდაში თამაში ფრედ 1:1 დასრულდა. გოლი ოთარ მარცვალაძის ანგარიშზეა. შემდეგი დაპირისპირება დინამოზე 7 მაისს გაიმართა და უგოლოდ მორჩა. 2014 წლის 7 დეკემბერს ივანწმინდაში, ჩიხურამ თავის ისტორიაში პირველად დაამარცხა დინამო- 1:0. შარშან 22 მაისს ჩატარებული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 მორჩა. გოლები საჩხერელთა კარში- გიორგი პაპუნაშვილმა, ლაშა თოთაძემ და ვახო ჭანტურიშვილმა გაიტანეს. ბოლოს დინამომ ჩიხურას 1 ნოემბერს უმასპინძლა და ოთარ კიტეიშვილის დუბლით 2:0 დაამარცხა მეტოქე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024