• Geo
  • Eng
15.04.2016
ჩიხურა - დინამო | მატჩამდე

უმაღლესი ლიგის 25- ე ტურის შეხვედრას დინამოელები 16 აპრილს ივანწმინდაში საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა 16.00 საათზე დაიწყება, ხოლო დაპირისპირების პირდაპირ რეპორტაჟს მაყურებელი დინამოს ვებ გვერდის მეშვეობით იხილავთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

საჩხერის საფეხბურთო კლუბი ჩიხურა 1938 წელს დაარსდა. გუნდის ოფიციალური სიმბოლიკა ყვითელ და ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი. ჩვენი მომავალი მეტოქე საშინაო შეხვედრებს ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე მართავს, რომელიც 2000 მაყურებელს იტევს. ჩიხურა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას ხუთწლიანი პაუზის შემდეგ-  2012/2013 წლების სეზონში დაუბრუნდა. საქართველოს ჩემპიონატში საჩხერელთა საუკეთესო რეზულტატი 2013/2014 სეზონში დაფიქსირდა, გუნდმა უმაღლეს ლიგაში მესამე საფეხური დაიკავა. ის სეზონი ჩიხურასთვის წარმატებული გამოდგა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზეც, საჩხერის გუნდმა გათამაშების ფინალში ჩვენი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და საბოლოოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდა. ჩემპიონატში დაკავებული მესამე საფეხური და საქართველოს თასის ფინალისტობამ ჩიხურას ევროასპარეზზე შეხვედრების ჩატარების უფლება მისცა. გუნდმა უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაიწყო თამაში, სადაც ჩვენმა მომავალმა მეტოქემ მაკედონიური ტურნოვოს ბარიერი დაძლია, იმარჯვა რა ორივე შეხვედრაში 1:0 და 3:1. მეორე ეტაპზე თურქულ ბურსასპორთან ორივე პაექრობა უგოლოდ დასრულდა. პენალტების სერიაში კი საჩხერლებმა იყოჩაღეს. მესამე რაუნდში აზერბაიჯანულ ნეფთჩისთან მატჩი ბაქოში 0:0 დასრულდა. თბილისური პაექრობა კი სტუმართა გამარჯვებით 3:2 მორჩა. წინა სეზონში კი გუნდმა 30 ჩატარებულ შეხვედრაში მოპოვებული 46 ქულით ეროვნული გათამაშება მეხუთე პოზიციაზე დაასრულა.

 

 

მწვრთნელი და ჩიხურა

საჩხერის ჩიხურას მთავარი მწვრთნელი 2008 წლიდან დღემდე- სოსო ფრუიძე გახლავთ, რომელთან ერთადაც გუნდმა პირველ ლიგაში წარმატებას მიაღწია და უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. სოსო ფრუიძემ ჩიხურაში ექვსწლიანი მოღვაწეობის თავზე გუნდი ქართულ საფეხბურთო ელიტაში ანგარიშგასაწევ ძალად აქცია. 2013/2014 სეზონში გუნდმა წარმატებულად იასპარეზა ეროვნულ ჩემპიონატშიც და თასის გათამაშებაზეც. მოიპოვა საქართველოს სუპერთასი. იასპარეზა ევროთასებზე, სადაც თავი არ შეურცხვენია.  მიმდინარე პირველობაზე ზემო იმერლებს 24 ტურის მერე 43 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე- 5 ადგილზე იმყოფებიან.

 

 

დინამომდე ...

ჩიხურამ მეორე წრე ლოკომოტივთან 2:2 ყაიმით განაახლა. შემდეგ საბურთალოს მოუგო დინამომ 5 უპასუხო გოლით. ამას მოჰყვა მარცხი 2:3 მარტვილის მერანთან და ისევ გამარჯვება 4:0 ზუგდიდთან. ფრე გორის დილასთან 1:1 და მიჯრით სამი მოგება- ბათუმის დინამოსთან და ქუთაისის ტორპედოსთან 2:0 და ცხინვალტან 2:1. ბოლო მატჩი ჩიხურამ ფოთის კოლხეთთან 0:2 დათმო.

 

 

ჩიხურა - დინამო

დინამო და ჩიხურა ეროვნულ ასპარეზზე დღემდე ერთმანეთს 13 შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. დინამოს ანგარიშზე დიდი უპირატესობაა- 9 მოგება, 1 მარცხი და 3 ფრე. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 37/9 თბილისელთა სასარგებლოდ.

 

2006 წლის 18 ნოემბერს დინამომ ანგარიშით 3:1 აჯობა მეტოქეს. გოლები მიხეილ ხუციშვილმა, სანდრო იაშვილმა და გიორგი თავბერიძემ (საკუთარ კარში) გაიტანეს. მეორე მატჩი 2007 წლის 16 მაისს გაიმართა და ჩვენმა გუნდმა მშრალი ანგარიშით- 5:0 იმარჯვა. გატანილი გოლებით გიორგი ფეიქრიშვილი, სანდრო იაშვილი, გიორგი მერებაშვილი, მიხეილ ხუციშვილი და გურამ კაშია გამოირჩნენ. მესამე შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2012 წლის 26 სექტემბერს საჩხერეში შედგა და უგოლოდ დასრულდა. მეოთხედ დინამო თბილისი საჩხერლებს 2 დეკემბერს დინამო არენაზე დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 5:2 იმარჯვა. ჩისკომ აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ თრიქი შეასრულა. თითო გოლი კი მიკელ ალვაროს და ჯაბა დვალის ანგარიშზეა. 2013 წლის 6 აპრილს ჩატარებულ მატჩში დინამომ სამი უპასუხო ბურთით იმარჯვა. ჩისკოს დუბლს ერთი გოლი ლევან ხმალაძემ მიამატა. მეექვსე დაპირისპირება საჩხერეში 12 მაისს გაიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 4:2 დასრულდა. გოლები პეტერ გრაიციარის, ჩისკოს, გიორგი მერებაშვილის და კარლეს კოტოს ანგარიშზეა. 2013 წლის 20 ოქტომბერს დინამომ ანგარიშით 6:1 დაამარცხა მეტოქე. ჩისკომ მორიგი ჰეთ თრიქი შეასრულა, ჯაბა დვალმა კი დუბლი. ერთი გოლიც ირაკლი ძარიას ანგარიშზეა. 2014 წლის 2 მარტს ზესტაფონში გაიმართა ამ გუნდების დაპირისპირება. თბილისელებმა 5:1 აჯობეს ჩიხურას. ჩისკომ კიდევ ერთი ჰეთ თრიქი გაიფორმა. თითო გოლი გიორგი მერებაშვილმა და გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანეს. 4 აპრილს ივანწმინდაში თამაში ფრედ 1:1 დასრულდა. გოლი ოთარ მარცვალაძის ანგარიშზეა. შემდეგი დაპირისპირება დინამოზე 7 მაისს გაიმართა და უგოლოდ მორჩა. 2014 წლის 7 დეკემბერს ივანწმინდაში, ჩიხურამ თავის ისტორიაში პირველად დაამარცხა დინამო- 1:0. შარშან 22 მაისს ჩატარებული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 მორჩა. გოლები საჩხერელთა კარში- გიორგი პაპუნაშვილმა, ლაშა თოთაძემ და ვახო ჭანტურიშვილმა გაიტანეს. ბოლოს დინამომ ჩიხურას 1 ნოემბერს უმასპინძლა და ოთარ კიტეიშვილის დუბლით 2:0 დაამარცხა მეტოქე.

 

 

ჩიხურა - დინამო | მსაჯი

ჩვენი გუნდის შეხვედრას საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ- გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის. მას ასისტენტობას კ. სადილიანი და მ. კუპატაძე გაუწევენ. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ი. ხერხაძე შეასრულებს.

ბოლო შეხვედრა, რომელიც იმსაჯა გოგა კიკაჩეიშვილმა, 12 აპრილს საქართველოს პირველ ლიგაში გამართული იმერეთი 1:1 რუსთავი გახლავთ. მთავარმა არბიტრმა შეხვედრის მიმდინარეობისას სამ ფეხბურთელს უჩვენა ყვითელი ბარათი.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ეროვნულ ჩემპიონატში გოგა კიკაჩეიშვილმა უკანასკნელად 2015 წლის 12 დეკემბერს იმსაჯა. იმ მატჩში თბილისელებმა ქობულეთის შუქურას 3:1 მოუგეს. აღნიშნულ შეხვედრაში გოგა კიკაჩეიშვილმა ოთხჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის გოგა კიკაჩეიშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გოგა კიკაჩეიშვილი (დაბადების თარიღი: 1991 წლის 31 აგვისტო)

===========================================

უმაღლესი ლიგა - 45 თამაში / 177 ყვითელი / 10 წითელი / 6 პენალტი

პირველი ლიგა – 87 თამაში / 339 ყვითელი / 32 წითელი / 24 პენალტი

მეორე ლიგა – 34 თამაში / 100 ყვითელი / 4 წითელი / 16 პენალტი

საქართველოს თასი - 12 თამაში / 33 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

მალტის პრემიერ ლიგა - 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ფეხბურთელები არ გამოტოვებენ. 

 

 ჩიხურას სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში საჩხერელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

ჰამზიჩი – კაშია, კუსიანი, მეგრელიშვილი, ჩიკვაიძე – ლოვრეჩიჩი, ჭანკოტაძე, დობროვოლსკი, კორიფაძე  – მუმლაძე, სარდალიშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024