კვირას, 6 მარტს საქართველოს ჩემპიონატში მეცხრამეტე ტურის მატჩები გაიმართება. დინამო არენაზე თბილისური გუნდი მარტვილის მერანს მიიღებს, შეხვედრა კი 18.00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს მაყურებელი დინამოს ვებ-გვერდზე იხილავს.
6 მარტს დინამო თბილისს თავის ისტორიაში 3 ოფიციალური მატჩი აქვს გამართული და სამივე საქართველოს პირველობაზე. 2009 წელს ბორჯომში ადგილობრივ გუნდთან პაექრობა თბილისელებმა გამარჯვებით დაასრულეს. სტუმრებმა მასპინძლებს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს. დუბლი გიორგი მერებაშვილმა შეასრულა, თითო გოლი კი ოლეგ გველესიანმა და გიორგი ნერგაძემ გაუტანეს ბორჯომელებს. მომდევნო წელს დინამომ რუსთავის ოლიმპი მიიღო და გატანილი გოლების გარეშე დასცილდა მეტოქეს. 2011 წელს ლურჯ-თეთრებმა ალექსანდრე კოშკაძის და პეტარ იელიჩის გოლებით, ფოთში ადგილობრივ კოლხეთს 2:0 მოუგეს.