დღეს სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს პირველობის მე- 20 ტურის მატჩი გაიმართა. დინამო თბილისს ზუგდიდმა უმასპინძლა. შეხვედრაში პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც მე- 9 წუთზე გიორგი თევზაძის ჩაწოდებულს, ბაჩანა არაბული აგვირგვინებდა, თუმცა დარტყმა არაზუსტი გამოდგა. საპასუხო შეტევაში გურამ სამუშია დაემუქრა თბილისელთა კარს, მისი დარტყმულიც არაზუსტი აღმოჩნდა. ხუთიოდე წუთში ირაკლი ქობალიას დარტყმული აცდა სტუმართა კარს. მე- 18 წუთზე დინამოელებმა გახსნეს ანგარიში. ალექსანდრე იაშვილმა ოთარ კიტეიშვილთან გაითამაშა კუთხური, ამ უკანასკნელმა საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, ყველას ბაჩანა არაბულმა დაასწრო და თავით მოხდენილად გაიტანა გოლი. შეხვედრა უფრო აქტიურად გაგრძელდა და 23- ე წუთზე ევგენი კოვალენკოს შეექმნა სახიფათო მომენტი. მისი დარტყმული ზემოდან გადასცდა დინამოს კარის ხარიხას. მატჩის 31- ე წუთზე სოსო მალანიამ საჯარიმო დარტყმით აღადგინა წონასწორობა. პირველ ტაიმში აღარაფერი შეცვლილა 1:1. მეორე ნახევარი ზუგდიდელთა სახიფათო საჯარიმო დარტყმით და გიორგი ქვილითაიას ძლიერად დარტყმულით განახლდა. ორივე მომენტში ბურთი მცირედით აცდა კარს. 52- ე წუთზე ალექსანდრე იაშვილმა ჩააწოდა შეტევის მარცხენა ფრთიდან, ზაზა ჭელიძემ კი ზუსტი თავურით წინ გაიყვანა სტუმრები. აღსანიშნავია შეხვედრის მაღალი ტემპი, რომელიც ბოლომდე შენარჩუნდა. მატჩის 66- ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა იური შეველმა მეორედ აღადგინა თანაფარდობა 2:2. გოლიდან ორიოდე წუთში უჩა ლობჟანიძემ ვერ გამოიყენა წინ გასვლის რეალური შანსი. მომდევნო შეტევაში თბილისელებმა მოაწოდეს კუთხური. ალექსანდრე იაშვილის ჩაწოდებული ჯაბა ჯიღაურმა მიიღო, გაისწორა ბურთი და ძლიერი დარტმით მესამედ აიღო ზუგდიდის კარი. შეხვედრის ბოლოს ოთარ კიტეიშვილი შეიჭრა სახიფათოდ მეტოქის საჯარიმოში, მის დარტყმულს კი სიძლიერე დააკლდა. საბოლოოდ დინამომ დაძაბულ შეხვედრაში 3:2 იმარჯვა, 55 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარს გორის დილას, რომელსაც მომდევნო მატჩში, 17 მარტს უმასპინძლებს- 14 ქულით უსწრებს.
ზუგდიდი 2:3 დინამო
გოლი: 0:1 არაბული 18’ 1:1 მალანია 31’ 1:2 ჭელიძე 52’ 2:2 შეველი 66’ 2:3 ჯიღაური 70’
გაფრთხილება: უ. ლობჟანიძე 26’ თევზაძე 30’ მაჩაიძე 51’ ამისულაშვილი 55’ ქირია 90+2’ კიტეიშვილი 90+3
ზუგდიდი: ჯომიდავა, მაჩაიძე, ჩუკურა, გაგოშიძე, ჩანადირი, ტყემალაძე, მალანია (ქირია 59), სიხარულია (ლაშხია 68), გ. სამუშია, კოვალენკო, ქობალია (შეველი 60)
დინამო: ბეგაშვილი, თევზაძე (გურული 58), ამისულაშვილი, გველესიანი, უ. ლობჟანიძე, ჭელიძე, ჯიღაური, კიტეიშვილი, არაბული (ჯანელიძე 71), იაშვილი (რენე 84), ქვილითაია
მსაჯი: გ. ყრუაშვილი