ხუთშაბათს, 17 მარტს ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეერთე ტურში დინამო თბილისი გორის დილას დაუპირისპირდება. შეხვედრა დინამო არენაზე 18.00 საათზე დაიწყება. ტრადიციულად მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს დინამოს ოფიციალური ვებ გვერდი წარმოგიდგენთ.
ჩვენი მეტოქე
გორის საფეხბურთო კლუბი 1949 წელს შეიქმნა და არსებობის მანძილზე სახელწოდება რამდენჯერმე შეიცვალა. 1961 წლიდან კი დილა ეწოდა. გუნდი საშინაო შეხვედრებს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომელიც 8 300 მაყურებელზეა გათვლილი. კლუბის სიმბოლიკა ძირითადად ცისფერ და ბორდოსფერშია გადაწყვეტილი. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან 18 წლის შემდეგ – 2008 წელს, გორის დილა უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. პირველ ლიგაში დაქვეითებულმა გორელებმა მომდევნო – 2009/2010 წლების სეზონი მეორე ლიგაში დაიწყეს. დილა უმაღლეს ლიგას სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. გუნდმა ჯერ 2009/2010 წლების სეზონში მოიპოვა პირველ ლიგაში ასპარეზობის უფლება, შემდეგ კი 2010/2011 წლების სეზონში უმაღლესი ლიგის საგზურიც მოიპოვა. პირველი ლიგის მესამეადგილოსანმა გორის დილამ გადათამაშებაში სამტრედიას 2:0 მოუგო და ქართული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა. გორის დილამ თავისი პირველი ტიტული 2011/2012 წლების სეზონში მოიპოვა. შიდაქართლელებმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში ზესტაფონს 4:1 მოუგეს. დასრულებული სეზონი კი გორელთათვის ტრიუმფალური აღმოჩნდა. დილამ თავის ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვა. ასევე დილამ ვერცხლის მედლები ირგუნა სუპერთასის ფინალში, სადაც 0:1 დამარცხდა დინამოსთან.
მწვრთნელი და დილა
2014 წლის ივნისიდან გორის დილას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი- უჩა სოსიაშვილი მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდი წინა გათამაშებაში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული. 30 მატჩიდან დილამ 64 ქულა დააგროვა და კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდა. მიმდინარე გათამაშებაში გორელებმა 20 მატჩიდან 41 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან.
დინამომდე
გორელებმა მიმდინარე ჩემპიონატის მეორე წრე ფოთელებთან გამარჯვებით გახსნეს. დილამ კოლხეთს 1:0 აჯობა. გორელებმა შემდეგ ბათუმის დინამოსთან ფრედ 2:2 ითამაშეს. ამას მოჰყვა მარცხი ქუთაისის ტორპედოსთან 0:1 და მიჯრით ორი ფრე, შესაბამისად- ცხინვალთან გატანილი გოლების გარეშე და ჩიხურასთან 1:1. გორის დილა ზამთრის შეკრებაზე თურქეთში იმყოფებოდა სადაც რამდენიმე სპარინგი გამართა. დილა 2:3 დამარცხდა ყაზახეთის ირტიშთან, ფრედ 2:2 ითამაშა იაგოდინასთან და 1:2 დამარცხდა დანიის ვენდისელთან.
დინამო - დილა
ეროვნული ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 54- ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს უპრეცენდენტო უპირატესობა აქვს. 41 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 11 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 2 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 143/28 არის.
ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9:0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. V ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამ–სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა- 6:1 და 5:0, ხოლო ოთხ–ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4:1 და 4:0 . ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ხუთი მატჩი უგოლოდ, ხოლო ორ-ორი შეხვედრა კი ანგარიშით 2:2 და 1:1 დასრულდა.
უკანასკნელად საქართველოს ჩემპიონატში დინამო თბილისი გორის დილას 2015 წლის 26 სექტემბერს დაუპირისპირდა. მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვბით ანგარიშით- 2:0 დასრულდა. ეს იყო გორელთა ისტორიაში მეორე გამარჯვება დინამოსთან, ხოლო ჩვენი გუნდისთვის მიმდინარე ჩემპიონატში ერთადერთი მარცხი.
შეხვედრის მთავარი მსაჯი
გორის დილასთან მოსალოდნელ დაპირისპირებას ლაშა სილაგავა განსჯის. მას ასისტენტობას ბ. ჭიჭინაძე და ზ. მენთეშაშვილი გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები დ. სანოძე და შ. ქუხილავა იქნებიან. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ა. აფციაური შეასრულებს.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ლაშა სილაგავამ იმსაჯა 13 მარტს, ეროვნულ ჩემპიონატში ფოთის კოლხეთისა და ტორპედო ქუთაისის დაპირისპირება გახლავთ, რომელშიც ფოთელებმა 2:0 იმარჯვეს. სილაგავამ მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს ერთი ყვითელი ბარათი უჩვენა.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით ლაშა სილაგავამ ბოლოს 27 თებერვალს იმსაჯა საბურთალოს წინააღმდეგ 4:0 მოგებულ შეხვედრაში. მატჩის მთავარმა არბიტრმა აღნიშნულ მატჩში ორი ფეხბურთელი გააფრთხილა.
ლაშა სილაგავა
დაბადების თარიღი: 1976 წლის 27 ივლისი
===========================================
უმაღლესი ლიგა - 165 თამაში / 567 ყვითელი / 27 წითელი / 26 პენალტი
პირველი ლიგა - 9 თამაში / 29 ყვითელი / 0 წითელი / 5 პენალტი
საქართველოს თასი - 28 თამაში / 75 ყვითელი / 3 წითელი / 3 პენალტი
საქართველოს სუპერთასი - 2 თამაში / 6 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი
უეფა. ჩემპიონთა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
უეფა. ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი – 4 თამაში / 21 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი
უეფა. ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი - 5 თამაში / 36 ყვითელი / 4 წითელი / 2 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19.საკვალიფიკაციო ეტაპი - 6 თამაში / 30 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი – 2 მატჩი / 11 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
მალტის ჩემპიონატი – 2 თამაში / 11 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი
დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
ხვალინდელი მატჩს დისკვალიფიკაციის გამო დინამოს მცველი- გიორგი თევზაძე გამოტოვებს. დილას შემადგენლობაში იმავე მიზეზით ვერ ითამაშებს ლევან ნონიკაშვილი.
დილას სავარაუდო შემადგენლობა
ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში გორის დილას სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
მუჯრიშვილი - ღონღაძე, კვახაძე, ბაგაევი, ხურცილავა - ძარია, ფალავანდიშვილი, პაპავა, ერისთავი - მარცვალაძე, მაშუკოვი