17 მარტს დინამო თბილისი საქართველოს პირველობის ოცდამეერთე ტურში გორის დილას უმასპინძლებს. შეხვედრა დინამო არენაზე 18.00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს მაყურებელი დინამოს ვებ გვერდზე იხილავს.
17 მარტს დინამოს თავის ისტორიაში 6 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. თბილისელთა აქტივში ხუთი მოგებაა. ერთი მატჩიც ფრედ 0:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა 2013 წელს ჩვენი მომავალი მეტოქის- გორის დილას წინააღმდეგ შედგა.
1982 წელს უეფას თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში დინამო ვარშავაში ლეგიას დაუპირისპირდა. შეხვედრაში რამაზ შენგელიას გოლით თბილისელებმა 1:0 იმარჯვეს.
1985 წელს ჩვენმა გუნდმა იმავე ანგარიშით ვილნიუსში ადგილობრივი ჟალგირისი დაამარცხა. შედეგიანი დარტყმა თენგიზ სულაქველიძის ანგარიშზეა.
1999 წელს ბოლნისში სიონმა უმასპინძლა დინამოს. თბილისელებმა ერთის წილ სამი გოლი გაუტანეს მასპინძლებს. მიხეილ აშვეთიამ დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც თემურ ტუღუშის ანგარიშზეა. 2002 წელს დინამომ ვლადიმერ ბურდულის და გიორგი შაშიაშვილის გოლებით 2:0 მოუგო ფოთის კოლხეთს. ხუთი წლის შემდეგ ქუთაისმა ქართული დერბი მიიღო. პრინციპულ შეხვედრაში მტკვრისპირელებმა რიონისპირელებს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს. სანდრო იაშვილმა ორჯერ აიღო ტორპედოს კარი. თითო გოლით კი სანდრო კობახიძე, გიორგი მერებაშვილი და ლევან ხმალაძე გამოირჩა.