დინამო თბილისი აგრძელებს პორტუგალიურ შეკრებას. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა ორი დღე დაისვენა და 4 თებერვლიდან განაგრძო წვრთნა. შეგახსენებთ, რომ თბილისელები სამშობლოში 13 თებერვალს დაბრუნდებიან, მანამდე კი ჩვენი გუნდი კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
ორივე სპარინგი პორტუგალიურ გუნდთანაა ჩანიშნული. 8 თებერვალს დინამოს მეტოქეობას სპორტინგ კოვილია გაუწევს, ხოლო დასკვნითი მატჩი კი 12 თებერვალს პორტიმონენსეს წინააღმდეგ გაიმართება.
გუნდს შეკრების მეორე ეტაპზე დინამო 2-დან 4 ფეხბურთელი დაემატა. მეკარე საბა ტარტარაშვილი, ნახევარმცველები ლუკა ბუბუტეიშვილი და რაულ ბარათელია და შემტევი სანდრო მიქაუტაძე. თბილისში კი პაპუნა ბერუაშვილი, თენგო გობეშია და ნიკოლოზ ჩიქოვანი დაბრუნდნენ და დედაქალაქელთა მეორე გუნდს შეუერთდნენ, რომელიც ასევე მოსამზადებელ ეტაპზე 8 თებერვალს ვიტ ჯორჯიას შეხვდება.