დინამო არენაზე დასრულებული ოცდამეერთე ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც დინამოელები დილასთან 0:1 დამარცხდნენ, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე უჩა სოსიაშვილი და იურაი იარაბეკი წარდგნენ.
უჩა სოსიაშვილი: აღვნიშნავ იმას, რომ დინამოსთან თამაშს დიდი მოტივაცია არ სჭირდება. ჩემი ინტერესი იყო- მაქსიმუმი გაგვეკეთებინა და ეს თამაში მოგვეგო, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა რთული იქნება. გვინდოდა დაგვემტკიცებინა ჩვენი რეალური ძალა და შესაძლებლობები. რაც შეეხება თამაშს, თავიდანვე ავირჩიეთ მეორე ნომრად ასპარეზობა, გამომდინარე იქიდან, რომ დინამოელებს ზედიზედ 12 თამაში ჰქონდათ მოგებული და ისედაც დინამოს წინააღმდეგ მათსავე მოედანზე პირველ ნომრად თამაში რთულია. ჩვენს შანსს ველოდებოდით, შევქმენით ორი მომენტი და ერთი საჩვენოდ გამოვიყენეთ. ვფიქრობ დილამ დამსახურებულად გაიმარჯვა.
იურაი იარაბეკი: პირველ რიგში ვულოცავ ოპონენტ მწვრთნელს გამარჯვებას. ჩვენ გვინდოდა კარგად გვეთამაშა, სამწუხაროდ კონტრშეტევიდან მივიღეთ გოლი. შემდეგ მეტოქე მთლიანად გადაეწყო დაცვით თამაშზე და ვეღარ მოვახერხეთ გოლის გატანა. გავაკეთეთ ცვლილებები, გვინდოდა 3 ქულის მოპოვება, მაგრამ არ გამოგვივიდა.