• Geo
  • Eng
13.05.2016
სიონი - დინამო | მატჩამდე

დინამო თბილისი საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეცხრე ტურის შეხვედრას ბოლნისშ, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრის პირდაპირ ვიდეო და ტექსტურ რეპორტაჟს დინამოს ოფიციალურ საიტზე იხილავთ.

 

 

 

ჩვენი მეტოქე

ბოლნისის საფეხბურთო კლუბი სიონი, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 1995 წლიდან ასპარეზობს. გუნდი საშინაო შეხვედრებს ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 3300 მაყურებელს იტევს. ბოლნისის სიონის საკლუბო ფერები ძირითადად თეთრ და ყვითელ ფერებში არის გადაწყვეტილი. ბოლნისურმა კლუბმა ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას 2005/2006 წლების სეზონში მიაღწია – გუნდმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. 2013/2014 სეზონის პირველობაზე ჩვენმა მეტოქემ მესამე ადგილი აიღო და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. ამით გუნდმა ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა. სიონი ევროპა ლიგის პირველ ეტაპზე ალბანეთის ფლამურტარს დაუპირისპირდა. ბოლნისელებმა საშინაო შეხვედრა 2:3 დათმეს, გასვლაზე 2:1 მოიგეს, თუმცა ეს ანგარიში არ ეყო ჩვენს მომავალ მეტოქეს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.

 

 

 

მწვრთნელი და სიონი

ბოლნისის სიონის მთავარი მწვრთნელის პოსტს 2015 წლის ივნისიდან ვარლამ კილასონია იკავებს.

 

 

 

დინამომდე...

2015/2016 წლის პირველობა სიონმა ლანჩხუთში გურიასთან 1:1 ნათამაშები ფრით გახსნა. ამას უგოლო ფრე მოჰყვა თასის 1/16 ფინალში რუსთავთან. შემდეგ იყო მოგება ფოთის კოლხეთთან მინიმალური ანგარიშით 1:0 და თასის საპასუხო მატჩში ფრე 1:1 რუსთავთან. ისევ მოგება და ფრე, ამჯერად- ქობულეთის შუქურასთან 2:0 და 0:0 თერჯოლის საპოვნელასთან. შემდეგ იყო ოთხ მატჩიანი მოგებათა სერია. თასის მერვედფინალში ლანჩხუთის გურიასთან 2:0, თბილისის ლოკომოტივთან 1:0, საბურთალოსთან 3:2 და მარტვილის მერანთან 3:0. გორის დილასთან მარცხს 0:1 თასის საპასუხო მატჩში ფრე მოჰყვა. სიონმა გურიასთან 1:1 ითამაშა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ბათუმში მოიგეს ბოლნისელებმა 5:3, დიდი ანგარიშით 6:2 დაამარცხეს ქუთაისის ტორპედო და 3:1 მოუგეს ზუგდიდს. ბოლო სამ შეხვედრაში სიონმა ერთი მარცხი განიცადა, ერთი შეხვედრა მოგებით დაასრულა და ერთიც ყაიმით. ცხინვალთან 0:2 წაგებას, საჩხერის ჩიხურასთან ოთხი უპასუხო გოლით გამარჯვება მოჰყვა, თასის მეოთხედფინალში კი სამტრედიას ეთამაშა და პირველ შეხვედრაში უგოლოდ დაშორდა. შემდეგ მიჯრით დამარცხდა დინამო თბილისთან 2:5 და 0:2 სამტრედიასთან. საქართველოს თასზე 0:0 იმავე სამტრედიასთან, რომელსაც პენალტების სერიაში აჯობა. ზამთრის შემდეგ იყო ფრე გურიასთან 1:1 და გამარჯვება კოლხეთთან 3:1. უგოლო ფრე შუქურასთან 0:0 და 4:1 მოგება საპოვნელასთან. ამას მოჰყვა სამი ფრე შესაბამისად- 0:0 ლოკომოტივთან და საბურთალოსთან და 1:1 მერანთან. შემდეგ სიონმა ზუგდიდს მოუგო 3:1 და წააგო დილასთან 1:2. ამას მოჰყვ გამარჯვება ბათუმის დინამოსთან 1:0, თასზე ნათამაშები ფრე ვიტ ჯორჯიასთან 2:2 და მარცხი ტორპედოსთან 0:1 და ცხინვალთან 1:3. სიონმა თასის განმეორებითში 3:1 აჯობა ვიტ ჯორჯიას და ფრედ ითამაშა ჩიხურასთან 1:1.

 

 

 

დინამო - სიონი

დღემდე ამ გუნდებს შორის ეროვნულ ასპარეზზე 56 შეხვედრა გაიმართა. ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა – 45 მოგება, 4 ფრე და 7 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდებაც დედაქალაქელთა სასარგებლოდ 138/30 არის.

დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა 45 გამარჯვებიდან მეტოქე 18 შეხვედრაში დიდი ანგარიშით დაამარცხეს. აქედან აღსანიშნავია 1996 წელს გამართული მატჩი, რომელშიც ჩვენმა გუნდმა ბოლნისის სიონს 8:0 მოუგო. პოკერი გიორგი დემეტრაძემ შეასრულა, დუბლი ლევან ცქიტიშვილის ანგარიშზეა, ხოლო თითო გოლი ალექსანდრე იაშვილმა და ლევან ხომერიკმა გაიტანეს. ჩვენმა ფეხბურთელებმა სიონის კარში ამდენივე გოლი გაიტანეს 1998 წელსაც, თუმცა საპასუხოდ ერთი გოლი მიიღეს და დაპირისპირება დინამოს გამარჯვებით – 8:1 დასრულდა. ლევან ხომერიკმა, რატი ალექსიძემ და გიორგი შენგელიამ ორ-ორი გოლი გაუტანეს სიონს. თითო ზუსტი დარტყმა ლევან ცქიტიშვილის და გიორგი მიქაძის ანგარიშზეა. ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ბოლნისის სიონი 2000 წელს დაამარცხა, ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 9:0 სძლია. დინამო არენაზე გამართულ მატჩში რობერტ ზირაქიშვილმა და გიორგი მიქაძემ ჰეთ თრიქი შეასრულეს. დუბლი დავით დათვაძემ გაიფორმა და ერთი გოლიც სანდრო გადელიამ შეაგდო.

დინამო თბილისისა და ბოლნისის სიონის უკანასკნელი დაპირისპირება 2015 წლის 6 დეკემბერს შედგა. დინამო არენაზე გამართული მატჩი თბილისელთა გამარჯვებით ანგარიშით 5:2 დასრულდა. გოლები სტუმართა კარში გიორგი გურულმა (2), რენე ფერეირამ, გიორგი ქვილითაიამ და საბა ლობჟანიძემ გაიტანეს.

 

 

ბოლნისის სიონის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ბოლნისელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

მერლანი – საჯაია, სვანიძე, მოსემღვდლიშვილი, ფოფხაძე – გაფრინდაშვილი, გოგობერიშვილი, რაზმაძე, შალამბერიძე ისიანი, უგულავა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024