დინამო მომავალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. შეკრების მეექვსე დღეს იურაი
იარაბეკი ერთჯერადი ვარჯიშით დაკმაყოფილდა მან საღამოს ფეხბურთელებს დასვენებისა და განტვირთვის საშუალება მისცა. ხვალ თბილისელები ლუდოგორეცთან გამართავენ ამხანაგურ შეხვედრას. ჩვენი ვებ გვერდი გთვაზობთ დინამოსა და საქართველოს ნაკრების გამოცდილ მოთამაშე- ალექსანდრე ამისულაშვილთან ინტერვიუს. საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მცველი ინტერვიუში, შეკრებაზე და მოახლოებულ ევრო მატჩებზე, მოწვეულ ლეგიონერებსა და გუნდში არსებულ განწყობაზე გვესაუბრება.
ალექსანდრე ამისულაშვილი: შეკრებაზე იდეალური მოსამზადებელი პირობებია. ერთია, რომ აქაურობისთვის უჩვეულოდ ცხელა. ვარჯიშებზე ყველა მაქსიმალურად იხარჯება და დატვირთვებიც საკმაოდ სერიოზული გვაქვს. გამძლეობასა და სისწრაფეებზე წვრთნას, ხშირად ბურთთან ვარჯიში ენაცვლება. უკვე ვითამაშეთ ერთი მატჩი ლეგიასთან. თუ გავითვალისწინებთ ჩვენი დატვირთვების ფონს, რამდენიმე ახალ ფეხბურთელს და მეტოქის სიძლიერეს, ვფიქრობ საკმაოდ კარგად ვითამაშეთ. მთავარია, რომ დაგეგმილი სამუშაო შევასრულეთ და ეს ყველაფერი ტრავმების გარეშე მოხდა. აღსანიშნავია, რომ ყველა სპარინგი სერიოზულ და ძლიერ მეტოქეებთან გვიწევს. ასე ეტაპობრივად სასურველ ფორმაში შევალთ. ჯერ მხოლოდ სავარაუდო მეტოქეებზე ვფლობთ ინფორმაციას. სუსტი მეტოქე კი დღევანდელ ფეხბურთში და მითუმეტეს ჩემპიონთა ლიგაზე არ არსებობს. ჩვენი მიზანი - ევროთასებზე ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობაა, მაგრამ არ მინდა აქცენტი მხოლოდ დაპირებებზე გავაკეთო, ამას ჯობია ჩვენი სიძლიერე მინდორზე დავამტკიცოთ. ნებისმიერ მეტოქესთან შეიძლება სწორი ტაქტიკითა და ძლიერი ფიზ-მომზადების ხარჯზე წარმატების მიღწევა. ჩვენი მხრივ მომავალს იმედიანად ვუყურებთ.
ვფიქრობ საკამაოდ კარგი ლეგიონერები შეემატა ჩვენს გუნდს და სერიოზული შევსება მივიღეთ. ეს პირველივე თამაშში გამოჩნდა. ცალკე მატია შპიჩიჩი მინდა გამოვყო, რომელთან ერთადაც ბაქოს ინტერში მაქვს ნათამაშები. მაღალი დონის ფეხბურთელია და ერთმანეთსაც მშვენივრად ვუგებთ მოედანზე. დანარჩენ ახალწვეულებსაც ვფიქრობ არ უნდა გაუჭირდეს ჩვენს გუნდთან შეგუება და ადაპტაცია. დინამოში დაბრუნების შემდეგ სასიამოვნოდ გავოცდი ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების საქმისადმი დამოკიდებულით. გუნდში საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა იდეალურად არის. პროფესიანალიზმს ვხედავ არა მხოლოდ მინდორზე, ასევე მის გარეთ. განწყობა კი გუნდში საბრძოლოა. ერთი ოჯახივით ვართ და ეს ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა. დანარჩენს კი როგორც მანამდე აღვნიშნე - იმედია მინდორზე დავამტკიცებთ.