2 აპრილს საქართველოს 27- ე ჩემპიონატის 22- ე ტურში ერთმანეთის წინაშე დინამო ბათუმი და დინამო თბილისი წარდგებიან. ზღვისპირელთა და მტკვრისპირელთა დაპირისპირება ქობულეთში, ჩელე არენაზე 16.00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 48 მატჩიდან, 34- ჯერ მტკვრისპირელებმა იზეიმეს გამარჯვება, 8 შეხვედრა დასრულდა ფრედ, ხოლო 6 დაპირისპირებიდან ზღვისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 102/42 თბილისელთა სასარგებლოდ.
ურთიერთშეხვედრებში ყველაზე მეტჯერ- ექვსჯერ დაფიქსირდა ანგარიში 3:1 და 3:0. ხუთჯერ და შვიდჯერ შეხვედრები 2:0 და 1:0 დასრულდა. ყველაზე უხვგოლიანი მატჩი 1994 წლის 18 სექტემბერს გაიმართა. ბათუმში ჩატარებულ შეხვედრაში რვა გატანილი გოლი ვიხილეთ. არჩილ არველაძის ჰეთ–თრიქს, შოთა არველაძის დუბლი მიემატა და თბილისელებმა 5:3 იმარჯვეს. იმავე ანგარიშით იმარჯვა დინამო თბილისმა 2012 წლის 11 ნოემბერს. დიდი ანგარიშით დინამო მეთექვსმეტე ჩემპიონატის მეცხრე ტურში დამარცხდა. 2004 წელს ჩატარებულ შეხვედრაში დედაქალაქელები 0:3 დამარცხდნენ. ყველაზე დიდი ანგარიშით მტკვრისპირელებმა მეტოქე 2007 წლის 29 სექტემბერს დაამარცხეს. მეცხრამეტე ჩემპიონატის მეშვიდე ტურში დინამომ შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა ბათუმელ სეხნიას. თავი კი გამოიჩინეს: სანდრო კობახიძემ და ჯორჯ აკირემმა დუბლებით, მიხეილ ხუციშვილმა, ილია სპასოევიჩმა და ლევან ხმალაძემ კი თითო გოლით.
ბოლო შეხვედრა ამ გუნდებს შორის, რომელიც 2015 წლის 3 ოქტომბერს თბილისში, დინამო არენაზე გაიმართა, ოთარ კიტეიშვილის გოლით და დედაქალაქელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.