• Geo
  • Eng
22.02.2016
დინამო - ლოკომოტივი | ურთიერთშეხვედრები

სამშაბათს 23 თებერვალს, დინამო არენა 41- ე თბილისურ დერბის უმასპინძლებს. საქართველოს ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში დინამო ლოკომოტივს მიიღებს. მატჩი 18.00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს დინამოს ვებ გვერდზე იხილავს მაყურებელი.

დინამო და ლოკომოტივი ტრადიციული მეტოქეები გახლავთ, რაზეც მათ მიერ ჩატარებული მატჩების სტატისტიკაც მეტყველებს. უმაღლეს ლიგაში ეს გუნდები ერთმანეთს 40- ჯერ დაუპირისპირდნენ. 23- ჯერ წარმატება დინამოელებს დარჩათ, 11 მატჩი ყაიმით დასრულდა და 6 შეხვედრა ლოკომოტივმა მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 58/22 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.

ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ორჯერ დაამარცხა მეტოქე. 1997 წლის 30 აპრილს, ამ გუნდების სადებიუტო შეხვედრაში ლურჯ- თეთრებმა 4:0 აჯობეს თეთრ-წითლებს. დავით მუჯირმა ჰეთ თრიქი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი გიორგი კიკნაძის ანგარიშზეა. მეორედ დინამომ 4:0 1999 წლის 19 სექტემბერს დააფიქსირა. მიხეილ აშვეთიას დუბლს, თითო გოლი კლიმენტი წიტაიშვილმა და რობერტ ზირაქიშვილმა მიამატეს. დიდი ანგარიშით დინამო ერთხელ, 2000 წლის 23 სექტემბერს დამარცხდა. ლოკომოტივმა 3:0 მოიგო. ყველაზე მეტი გოლი ამ გუნდების დაპირისპირებაში 2008 წლის 10 მაისს გავიდა. ჩვენმა გუნდმა პირველობის ბოლო ტურში, უკვე ჩემპიონის სტატუსით 6:5 მოუგო ლოკომოტივს. მათე ვაწაძემ და მიხეილ ხუციშვილმა დუბლი შეასრულეს. თავის გამოჩენა ასევე ჯორჯ აკირემმა და ლევან ხმალაძემ მოახერხეს. ყველაზე პოპულარული ანგარიში გუნდების დუელში გახლავთ 1:0, რომელიც 13- ჯერ დაფიქსირდა. 11 ნათამაშები ყაიმიდან კი 10 უგოლოდ დასრულდა. მათე ვაწაძეს დინამოელთაგან ყველაზე მეტი- 6 გოლი აქვს გატანილი ლოკომოტივის კარში.

ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება 2015 წლის 21 აგვისტოს შედგა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩში დინამომ 4:1 მოიგო. თბილისურ დერბში დინამოელთაგან თავის გამოჩენა გიორგი თევზაძემ, მათე ცინცაძემ, ჯაბა ჯიღაურმა და ზაზა ჭელიძემ მოახერხეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024