• Geo
  • Eng
02.04.2016
გამარჯვება დაძაბულ შეხვედრაში

დღეს ქობულეთში, ჩელე არენამ საქართველოს პირველობის 22- ე ტურის შეხვედრას უმასპინძლა. ერთმანეთს ბათუმისა და თბილისის დინამო დაუპირისპირდნენ. დედაქალაქელებს რამდენიმე თვიანი უქმობის შემდეგ დაცვის მარჯვენა ფრთაზე ოთარ კაკაბაძე დაუბრუნდა. მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთზე ლიბორ ჰრდლიჩკას ძლიერი დარტყმულის მოგერიება მოუხდა. თბილისელებმა რამდენიმე წუთში მოახერხეს მოედნის ცენტრში უპირატესობის მოპოვება და საწყის 15 წუთში ოთხჯერ მოწოდეს კუთხური. ცოტახანში ალექსანდრე იაშვილმა სახიფათოდ დაარტყა საჯარიმოდან, ბურთი ზემოდან გადაცდა მიხეილ ალავიძის კარს. მატჩის 29- ე წუთზე დინამოელების შეტევა ლოგიკურად დასრულდა. ჯაბა ჯიღაურმა ზუსტი და ტექნიკური დარტყმით მეთორმეტე გოლი გაიტანა მიმდინარე ჩემპიონატში და ანგარიშიც გახსნა. 37- ე წუთზე გიორგი ქვილითაია გადიოდა მეკარესთან პირისპირ, თუმცა ალავიძემ ამ შემთხვევაში დაასწრო ჩვენი გუნდის ფორვარდს და ბურთთან პირველი გაჩნდა. 43- ე წუთზე ზაზა ჭელიძეს შეეძლო უკეთ თამაში თუმცა მის დარტყმულს ძალა დააკლდა. ბოლო წუთებში მასპინძლებმა რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ და ტაიმი დედაქალაქელთა გამარჯვებით დასრულდა. მეორე ნახევარი ცვლილებებით განახლდა, ბათუმელთა რიგებში ნიკოლა კომაზეცი და ბექა ჭკუასელი გამოჩნდნენ, ხოლო თბილისელებმა ოთარ კაკაბაძე ვახო ჭანტურიშვილით ჩაანაცვლეს. ალექსანდრე იაშვილის მიერ 53- ე წუთზე ჩაწოდებულ კუთხურს გიორგი გველესიანი გზავნიდა კარისკენ, მისი დარტყმული არაზუსტი გამოდგა. ცოტახანში ვალერიან თევდორაძე შორი მანძილიდან არტყავდა ბურთს თბილისელთა კარში, სტუმრები კი ხარიხამ იხსნა. შეხვედრა საკმაოდ აქტიურად და მაღალ ტემპში გაგრძელდა. 64- ე წუთზე ისევ თევდორაძის დარტყმული და ლიბორ ჰრდლიჩკამ ბურთი კუთხურზე მოიგერია. 72- ე წუთზე ბათუმელთა შეტევა არჩილ ტვილდიანმა გოლით დაასრულა და ანგარიში 1:1 გახდა. 81- ე წუთზე ალავიძემ ჭანტურიშვილის ძლიერი დარტყმული მოიგერია და გადაარჩინა ბათუმელთა კარი. მომდევნო შეტევაში ალექსანდრე იაშვილის ტექნიკური დარტყმული სანტიმეტრებში აცდა მასპინძელთა კარის ცხრიანს. თბილისელებმა საბოლოოდ მაინც შეძლეს გოლის გატანა, შეცვლაზე შემოსულმა გიორგი გურულმა შორი მანძილიდან დალაშქრა ბათუმელთა კარი. ორ წუთში ჯაბა ჯიღაურს შეეძლო ანგარიშის გაზრდა, თუმცა ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარეს გაარტყა. საბოლოოდ საკმაოდ საინტერესო, დაძაბული და სანახაობრივი მატჩი დედაქალაქელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მომდევნო, 23- ე ტურის მატჩს დინამო საკუთარ სტადიონზე 6 აპრილს ტორპედო ქუთაისის წინააღმდეგ გამართავს.

დინამო ბათუმი  1:2  დინამო თბილისი

გოლი: 0:1 ჯიღაური 29’  1:1 ტვილდიანი 72’  1:2 გურული 88’

გაფრთხილება: ქავთარაძე 45’  კომაზეცი 86’ 

დინამო ბათუმი: ალავიძე, ტვილდიანი, ტეტუნასვილი, გოგიტიძე, სუხიაშვილი, შონია, ფონიავა, ვარშანიძე, ქავთარაძე (ჭკუასელი 46), თევდორაძე (ბერიაშვილი 77), მაქაცარია (კომაზეცი 46)

დინამო თბილისი: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე (ჭანტურიშვილი 46), ამისულაშვილი, გველესიანი, თევზაძე (გურული 58), ჭელიძე, პარუნაშვილი, კიტეიშვილი, ჯიღაური, იაშვილი, ქვილითაია (გელაშვილი 77)

მსაჯი: ლ. კვარაცხელია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024