• Geo
  • Eng
04.07.2016
იურაი იარაბეკი - ამ წყვილში ჩვენ ფავორიტები ვართ

დინამოს ავსტრიული შეკრება დასასრულს უახლოვდება. დღეს თბილისელები მზადების ბოლო შეხვედრას დინამო კიევთან გამართავენ, ხვალ კი თბილისში დაბრუნდებიან. დინამოს ვებ გვერდი ჩვენი გუნდის სლოვაკ თავკაცთან- იურაი იარაბეკთან ინტერვიუს გთავაზობთ. დინამოს მწვრთნელი მიმდინარე შეკრებაზე, ჩატარებულ სპარინგებზე, გუნდზე და ევროშანსებზე ისაუბრებს.

 

იურაი იარაბეკი: ორი კვირა კარგად ვივარჯიშეთ და ვიმუშავეთ. ვნახეთ ახალი ფეხბურთელები და რაც მთავარია მათ გუნდთან შესაგუებლად დრო მიეცათ. ამ დროისთვის ჩავატარეთ 4 სპარინგი და მონაცვლეობითი სტილის ვარჯიშები. პირობები საკმაოდ კარგია და გუნდში ატმოსფეროც შესაბამისია. ახალ ფეხბურთელებს მოეთხოვებოდათ ჩვენი სწრაფი, ტექნიკური და აგრესიული სტილის ათვისება და მათაც თავი არ დაუზოგავთ, თუმცა აღნიშნეს, რომ თავიდან ჩვენი ვარჯიშები და დატვირთვები საკმაოდ გაუჭირდათ. სამწუხაროდ ამ პერიოდში რამდენიმე მიკრო ტრავმა შეგვემთხვა, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მახარებს ის არის, რომ ყველა ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯა და ეს ყველაფერი  სერიოზული ტრავმების გარეშე წარიმართა. მინდა აღვნიშნო სპარინგ პარტნიორების საკმაოდ მაღალი დონე. ამ მატჩებში ჩვენთვის მთავარი რა თქმა უნდა გუნდის შეთამაშება და მეტად შეკვრა იყო. ასევე შედეგიც გვაინტერესებდა, თუმცა შეკრებაზე რეზულტატი მაინც მეორეხარისხოვანია. ლეგიასთან კარგად ვითამაშეთ, ვაჯობეთ, მაგრამ ვერ მოვიგეთ- 1:1. ჩვენ კარგი მომენტები გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. ლუდოგორეცთან თავიდანვე არ წაგვივიდა თამაში და საბოლოოდ ეს შედეგშიც აისახა. მათ საკმაოდ მაღალი კლასის არაერთი უცხოელი ლეგიონერი ჰყავთ. მაქაბისთან შეხვედრაში ჩვენი ფეხბურთი ვითამაშეთ, 2:0 მოვიგეთ და ფაქტიურად ძირითადი შემადგენლობაც გამოიკვეთა. ლინცთან ყველას მივეცით შანსი და სათამაშო დრო. კიევის დინამოსთან შეხვედრა ფაქტიურად ევრო თასის მატჩამდე ბოლო რეპეტიციაა. საკმაოდ ძლიერი გუნდია და მომავალ მატჩზე მოტივაციას ისიც აორმაგებს, რომ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი- ვლადიმერ ვაისი დაესწრება.

 

ჩემი ასისტენტი- ბრანისლავ მრაცი იყო ანდორაში და თავად ნახა სანტა კოლომასა და ალაშკერტის შეხვედრა. სომხეთის ჩემპიონი უფრო ტექნიკური გუნდია და ვფიქრობ ალბათ მათ შევხვდებით. ისე კი ვიტყვი- ამ წყვილში ჩვენ ფავორიტები ვართ. გუნდი ერთმნიშვნელოვნად გაძლიერდა. გამოკეთდა ცინცაძე, დაგვიბრუნდა პაპუნაშვილი, დაგვემატნენ ლეგიონერები და შევინარჩუნეთ ძირითადი ბირთვი. ალექსანდრე იაშვილი გუნდის ლიდერი იყო. ამ ფუნქციას უკვე ალექსანდრე ამისულაშვილი შეასრულებს. შევეცდებით ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ და გულშემატკივარი გავახაროთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024