• Geo
  • Eng
06.04.2016
გამარჯვება ქართულ დერბიში

დღეს დინამო არენამ საქართველოს პირველობის 23- ე ტურში, 61- ე ქართულ დერბის უმასპინძლა. პირველ ადგილზე მყოფმა დედაქალაქურმა გუნდმა ტორპედო ქუთაისი მიიღო და დაძაბულ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა ტრადიციული მეტოქე.

 

მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთებზე ნიკოლოზ გელაშვილს შეეძლო ანგარიშის გახსნა. მისი დარტყმული არაზუსტი აღმოჩნდა. მე- 14 წუთზე გელაშვილისა და ჯიღაურის კომბინაციაა აღსანიშნავი, ჯაბას ბოლო წამს გაექცა ბურთი. ერთ წუთში ჯიღაური თავით გზავნიდა ბურთს სტუმართა კარში, მაგრამ მეკარემ ითამაშა კარგად და განმუხტა სიტუაცია. ტორპედომ სამიოდე წუთში საკმაოდ სახიფათოდ შეუტია, ახლო მანძილიდან თორნიკე კაპანაძის დარტყმული გამოდგა არაზუსტი. მატჩის 31- ე წუთზე დინამოელთა სწრაფი კონტრშეტევა, გელაშვილის გადაცემა კიტეიშვილზე, ოთომ ძლიერად, მაგრამ არაზუსტად დაარტყა და ბურთი ოდნავ აცდა მაქსიმე ქვილითაიას კარს. ტაიმის დასულებმდე ხუთი წუთით ადრე ნიკოლოზ გელაშვილმა სოლო რეიდი მოაწყო, სისწრაფის ხარჯზე თავისი ვიზავი დაჯაბნა და უძლიერესი დარტყმით გახსნა ანგარიში 1:0. მეორე ტაიმში პირველი სახიფათო მომენტი ალექსანდრე იაშვილის ტექნიკური საჯარიმო გახლდათ, რომელიც სტუმართა მეკარემ მოიგერია. მომდევნო შეტევაში კი გიორგი გველესიანმა ითამაშა კარგად და დინამოს კართან განმუხტა სიტუაცია. მატჩის 59- ე წუთზე მოედანზე გელაშვილის ნაცვლად გიორგი ქვილითაია შემოვიდა, მანამდე კი ნიკამ კიდევ ერთი სახიფათო შეტევა განახორციელა სტუმართა კართან. მეორე ნახევრის შუაში სათამაშო რიტმი ოდნავ დაეცა. 79- ე წუთზე დინამოს კარში პენალტი დაინიშნა, თერთმეტმეტრიანი კი გიორგი კუხიანიძემ ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა 1:1. გაშვებული გოლის შემდეგ იურაი იარაბეკმა შეტევა გააძლიერა და გუნდი სამ მცველზე გადაერთო. ბოლო წუთები თბილისელთა მასირებულ შეტევებში გაილია. მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე ჯაბა ჯიღაურის დარტყმა ტორპედოს კარის ძელმა მოიგერია, ბურთი შეცვლაზე შემოსულ ბაჩანა არაბულს მიუვიდა, მან ჯიღაურს გაუკეთა პასი, ამ უკანასკნელზე კი გიორგი კუხიანიძე დაჯარიმდა. მსაჯმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულს მიუთითა, პენალტი გიორგი ქვილითაიამ ზუსტად შეასრულდა და დედაქალაქელებმა მორიგი 3 ქულა ჩაიწერეს აქტივში.

 

დინამო  2:1  ტორპედო

გოლი: 1:0 გელაშვილი 40’  1:1 კუხიანიძე (პენ) 79’  2:1 ქვილითაია (პენ) 90+4’

გაფრთხილება: იაშვილი 42’  მირცხულავა 51’  პარუნაშვილი 68'  კლიმიაშვილი 86’  ქვილითაია 94'

გაძევება: მირცხულავა 90+4’

დინამო: ჰრდლიჩკა, უ. ლობჟანიძე, გველესიანი, ამისულაშვილი, თევზაძე (არაბული 83), პარუნაშვილი, ჯიღაური, კიტეიშვილი, ჭანტურიშვილი, იაშვილი (ჭელიძე 75), გელაშვილი (გ. ქვილითაია 59)

ტორპედო: მ. ქვილითაია, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, მირცხულავა, მამასახლისი (ფურცხვანიძე 71), საღრიშვილი (ტუღუში 75), კაპანაძე, კუხიანიძე, შინდაგორიძე, ქიმაძე, ბრეგვაძე (კლიმიაშვილი 62)

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024