ხვალ 21.00 საათზე დინამო არენა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას უმასპინძლებს, რომელშიც დინამო თბილისი ალაშკერტს დაუპირისპირდება.
დინამოსა და სომხური გუნდების დაპირისპირებას დიდი ისტორია აქვს და ევრო მატჩების ჩათვლით - 60 შეხვედრას ითვლის. სხვა და სხვა დროს დინამო თბილისი ერევნის დინამოს, სპარტაკს, არარატს და კილიკიას ეთამაშა. აქედან ერთი დაპირისპირება- 1961 წლის პირველ ოქტომბერს სპარტაკთან ჩაიშალა. დინამო თბილისმა ჩატარებული შეხვედრებიდან 25- ჯერ მოახერხა მეტოქის დამარცხება. 19 მატჩი ყაიმით დასრულდა და 15- ჯერ სომხურმა გუნდებმა იმარჯვეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 83/63 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. ყველაზე დიდი სხვაობით თბილისურმა გუნდმა 1966 წლის 22 სექტემბერს იმარჯვა. დინამომ არარატს 5:0 მოუგო და ხუთივე გოლი ილია დათუნაშვილმა გაუტანა ერევნელებს. ყველაზე მეტი გოლი კი 1960 წლის 15 ივლისს გავიდა. დინამომ სპარტაკი 7:4 დაჯაბნა. მიხეილ მესხმა 4 გოლი გაუტანა ერევნელებს. ორი ბურთი თენგიზ მელაშვილის ანგარიშზეა და ერთხელაც შოთა იამანიძემ გამოიჩინა თავი. ინტერტოტოს თასზე დინამო 2006 წელს შეხვდა კილიკიას. პირველი ეტაპის მატჩები თბილისელთა გამარჯვებით მორჩა. 18 ივნისს გასვლაზე დინამომ ერთის წილ ხუთი გოლი გაიტანა (ჯაბა დვალი-2, როდრიგო ტორნინი, მიხეილ ხუციშვილი, მიხეილ ბობოხიძე), ხოლო სახლში 24 ივნისს 3:0 (შოთა გრიგალაშვილი, დავით გიგაური, სანდრო იაშვილი) აჯობა მეტოქეს.