• Geo
  • Eng
08.04.2016
10 აპრილი დინამო თბილისის ისტორიაში

კვირას 10 აპრილს დინამო საქართველოს ჩემპიონატის 24- ე ტურის შეხვედრაში ცხინვალს დაუპირისპირდება. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 16.00 საათზე დაიწყება.

 

10 აპრილს დინამო თბილისს თავის ისტორიაში 17 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. თბილისელებმა 13 მატჩი სათავისოდ დაასრულეს, ითამაშეს ერთი ყაიმი და სამი შეხვედრა დათმეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 40/11 ცხადია დინამოელთა სასარგებლოდ.

 

1955 წელს მინსკის სპარტაკთან თბილისში გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. გოლი ბელორუსებს ზაურ კალოევმა გაუტანა. ამის შემდეგ 10 აპრილს თბილისელებმა კიდევ 7 მატჩი გამართეს სსრკ- ს ჩემპიონატში, შვიდივე თბილისში და შვიდივე მოსკოვის გუნდებთან. სამი წლის შემდეგ დინამომ სპარტაკი მიიღო და 1:4 დამარცხდა. ერთადერთი გოლი შოთა იამანიძის ანგარიშზეა. 1963 წელს ვლადიმერ ბარქაიას ზუსტი თამაშით ჩვენმა გუნდმა ტორპედოს მოუგო 1:0. 1966 წელს მოსკოველ თანაკლუბელებთან შოთა იამანიძის და კახი ასათიანის გოლებით 2:0 ვიმარჯვეთ. ორი წლის შემდეგ ლოკომოტივმა მოგვიგო 1:0. 1972 და 1976 წლებში ერთნაირი ანგარიშით 1:0 დავამარცხეთ დინამო და სპარტაკი. გოლები შესაბამისად გოჩა გავაშელმა და ვახტანგ ქორიძემ შეყარეს. 1988 წელს მოსკოველ დინამოელებთან თბილისელებმა ერთის წილ სამი გოლი გაიტანეს. გია გურულმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც გოჩა ტყებუჩავას ანგარიშზეა.

 

1991 წელს დინამომ ფოთში ადგილობრივი კოლხეთი 2:1 დაამარცხა. კახა კაჭარავამ და გელა ინალიშვილმა გამოიჩინეს თავი. ორი წლის მერე იმავე სტადიონზე, იმავე მეტოქესთან თბილისელებმა ოთხი უპასუხო გოლი გაიტანეს. შოთა და არჩილ არველაძეების ანგარიშზე თითო გოლია, დანარჩენი ორი კი ბადრი კვარაცხელიამ და გიორგი ქინქლაძემ შეაგდეს. მომდევნო წელს გორში გელა ინალიშვილის დუბლით და გიორგი ნემსაძის გოლით დილას ვაჯობეთ 3:0. 1995- ში თბილისური დერბი გაიმართა შევარდენთან და დინამომ 6:1 მოუგო მეტოქეს. გიორგი ქინქლაძის პოკერს ერთი გოლი ალექსანდრე იაშვილმა მიამატა და ერთიც მიხეილ ყაველაშვილმა. 1999 წელს ჩვენმა გუნდმა ზუგდიდის ოდიში მიიღო და 5:0 დაამარცხა. თავის გამოჩენა მიხეილ აშვეთიამ, რატი ალექსიძემ, გიორგი კიკნაძემ, თემურ ტუღუშმა და არჩილ სახვაძემ მოახერხეს. 2004 წელს ვიტ ჯორჯიამ მოგვიგო მინიმალური ანგარიშით 1:0. მომდევნო სეზონში ბათუმს 2:1 ვაჯობეთ. შოთა ბაბუნაშვილმა და ვლადიმერ დვალიშვილმა გაიტანეს გოლები. 2009 და 2010 წლებში დინამომ ზესტაფონს და ბოლნისის სიონს 4:0 მოუგო. პირველ შემთხვევაში გოლები დონალდ ჯუსიმ, ალექსანდრე კოშკაძემ და დანილო ტომიჩმა (2) გაიტანეს, ხოლო მეორე შეხვედრაში თენგიზ ჩიკვილაძის დუბლს, ჯორჯ აკირემმა და მათე ვაწაძემ მიაყოლეს გოლები.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024