16 აპრილს დინამო თბილისი 27- ე ჩემპიონატის 25- ე ტურის მატჩს გამართავს. თბილისელები ივანწმინდაში საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდებიან. თამაში 16 საათზე დაიწყება.
16 აპრილს დინამოელებს თავის ისტორიაში 11 ოფიციალური მატჩი აქვთ ჩატარებული. 4 მოგება, 3 ფრე და 4 წაგება. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 20/16 თბილისელთა სასარგებლოდ.
1950 წელს დინამო სახლში დამარცხდა მოსკოველ თანაკლუბელთან 1:3. გოლი რევაზ მახარაძემ გაიტანა. 1957 წელს მტკვრისპირელებმა ლენინგრადის ზენიტი მიიღეს და ორი უპასუხო გოლით დაამარცხეს ჩრდილოელი მეტოქე. გოლები ბორის ხასაიამ და ვლადიმერ ქვლივიძემ გაიტანეს. მომდევნო წელს თბილისელები მოსკოვის ტორპედოსთან 1:6 დამარცხდნენ. ერთადერთი გოლი მიშა მესხის ანგარიშზეა. 1969 წელს თბილისში ჩვენმა გუნდმა ტრადიციულ მეტოქეს- მოსკოვის სპარტაკს ალექსი ილიადის და გივი ნოდიას გოლებით 2:0 მოუგო. 1975 წელს ლენინგრადის ზენიტმა მინიმალური ანგარიშით 1:0 მოგვიგო. ორი წლის შემდეგ კი მოსკოვში ცსკა- თან გამართული მატჩი უგოლო ყაიმით დასრულდა. 1983 წელს დინამომ დონეცკის შახტიორი მიიღო, ორი გოლიც გაუტანა, თუმცა 2:3 დამარცხდა. ჩვენი გუნდიდან რამაზ შენგელია და ნუკრი კაკილაშვილი გამოირჩა.
1992 წელს დინამო ზესტაფონში, ადგილობრივ მარგვეთს დაუზავდა 0:0. 1995 წელს თბილისელებმა ლანჩხუთის გურია მიიღეს და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს გურულებს. გიორგი ქინქლაძის დუბლს თითო გოლი ალექსანდრე იაშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა მიამატეს. ორი წლის შემდეგ ქართული დერბი დასრულდა უხვგოლიანი ყაიმით. 3:3 დამთავრებულ შეხვედრაში გიორგი ანჩაბაძემ, ლევან ხომერიკმა და გიორგი დემეტრაძემ გამოიჩინეს თავი. 2004 წელს დინამომ გორის დილა მიიღო და 5:0 მოუგო ოპონენტს. გოლები ალექსანდრე გოგობერიშვილმა, გიორგი ანჩაბაძემ, კარლოს და როჩამ, მიხეილ ბობოხიძემ და სანდრო იაშვილმა გაიტანეს.