• Geo
  • Eng
09.03.2016
ზუგდიდი - დინამო | ურთიერთშეხვედრები

შაბათს 12 მარტს სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონი საქართველოს 27- ე ჩემპიონატის მეოცე ტურის მატჩს მიიღებს. ერთმანეთის პირისპირ ზუგდიდი და დინამო თბილისი წარდგებიან. შეხვედრა 15.00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს დინამოს ოფიციალური ვებ გვერდი შემოგთავაზებთ.

თბილისურ ზუგდიდური დაპირისპირება დღემდე 43- ჯერ გაიმართა, საიდანაც 32 შემთხვევაში გამარჯვება ჩვენს ფეხბურთელებს დარჩათ, 7 მატჩი ფრედ დასრულდა, 4 თამაში კი ზუგდიდურმა კლუბმა მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 116/29 არის.

სხვადასხვა დროს თბილისელმა ფეხბურთელებმა ზუგდიდური ოდიშის, დინამოს, მგლებისა და ბაიას წინააღმდეგ იასპარეზეს. ამჯერად კი მტკვრისპირელები საფეხბურთო კლუბ ზუგდიდს დაუპირისპირდებიან. დიდი ანგარიშით დინამომ 16–ჯერ იმარჯვა. ამათგან აღსანიშნავია 1992 წელს მოპოვებული გამარჯვება, როდესაც თბილისელებმა მეტოქეს 7:2 მოუგეს. დინამომ ზუგდიდელი ოპონენტი სამჯერ ერთნაირი ანგარიშით 5:0 დაამარცხა – 1994, 1997 და 1999 წლებში. 2009 წლის 19 სექტემბერს ჩვენმა გუნდმა ანგარიშით 6:0 იმარჯვა. 2012 წელს 26 თებერვალს, ოცდამეერთე ტურში დინამო არენაზე გამართული მატჩი ანგარიშით 5:1 დასრულდა და ასევე 2012 წლის 20 მაისს თბილისელებმა საკუთარ მინდორზე 6:1 დაჯაბნეს მოწინააღმდეგე. თბილისში 2015 წლის 20 მაისს გაიმართული მატჩი, ჩვენი გუნდის გამარჯვებით- 7:0 დასრულდა. ეს ანგარიში ამ გუნდების შეხვედრაში დაფიქსირებული ყველაზე დიდი სხვაობაა. გიორგი ჩირგაძემ ჰეთ თრიქი შეასრულა, დუბლი ვახო ჭანტურიშვილის ანგარიშზეა, თითო გოლი კი გიორგი პაპუნაშვილმა და ჯაბა ჯიღაურმა გაიტანეს.

ბოლოს დინამო და ზუგდიდი ერთმანეთის პირისპირ 2015 წლის 20 სექტემბერს წარდგნენ. თბილისელებმა დინამო არენაზე სტუმრებს 3:1 აჯობეს. გოლები კი ზუგდიდელთა კარში გიორგი გველესიანმა და გიორგი ქვილითაიამ (2) გაიტანეს.

პ.ს. 12 მარტს დინამოს თავის ისტორიაში ერთადერთი ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. 2005 წელს დინამოელები მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ ზესტაფონთან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024