დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალის პირველი მატჩი ხვალ დინამო არენაზე გაიმართება. ჩვენი გუნდი საჩხერის ჩიხურას უმასპინძლებს, მატჩი კი 18.00 საათზე დაიწყება.
20 აპრილს დინამო თბილისს ისტორიაში 10 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. დედაქალაქელებმა 6 შეხვედრა სათავისოდ დაასრულეს, 3 მატჩში მოგებული არ გამოვლენილა და ერთხელაც მეტოქემ იმარჯვა. გატანილი და გაშვებული გოლების ბალანსი 13/8 დინამოს სასარგებლოდ.
1946 წელს თბილისელებმა ლეგენდარული ბორის პაიჭაძის გოლით 1:0 დაამარცხეს კიეველი თანაკლუბელები. 1950 წელს დინამომ ლენინგრადის ზენიტთან დათმო პაექრობა 1:3. ერთადერთი გოლი გარი გარიშვილის ანგარიშზეა. 1956 წელს დინამომ მოსკოვის ტორპედოს უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში 4:2 აჯობა მეტოქეს. ბორის ხასაიამ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ავთანდილ ჭკუასელმა და ანდრო ზაზროევმა გაიტანეს. 1958 წელს ლენინგრადის ზენიტთან პაექრობა ყაიმით 1:1 დასრულდა. ჩვენი გუნდიდან თენგიზ მელაშვილმა გამოიჩინა თავი. 1960 და 1961 წლებში რიგის დაუგავას ვუმასპინძლეთ და პირველ შემთხვევაში ფრედ 0:0 დავცილდით, ხოლო მეორე ჯერზე ზაურ კალოევისა და მიშა მესხის გოლებით 2:1 მოვიგეთ. 1963 წელს ერევანში ადგილობრივ არარატთან 1:1 ვითამაშეთ, გოლი კი ერევნელთა კარში სლავა მეტრეველმა შეაგდო. მომდევნო წელს ვლადიმერ ბარქაიას ზუსტი თამაშით იაროსლავში შინიკი 1:0 დავამარცხეთ.
1995 წელს ზესტაფონში მარგვეთთან მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგო ჩვენმა გუნდმა, გოლი კი დღევანდელი გუნდის კაპიტანმა- ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა. 2002 წელს დინამოსა და მერანი-91- ის მატჩიც იმავე ანგარიშით დასრულდა, თავის გამოჩენა კი ვლადიმერ ბურდულმა მოახერხა.