• Geo
  • Eng
17.03.2016
პირველი მარცხი მეორე წრეში

დინამო არენაზე 27- ე ჩემპიონატის 21- ე ტურის მატჩი გაიმართა. დინამომ გორის დილას უმასპინძლა და ამ სეზონში პირველად საკუთარ მოედანზე დამარცხდა. შეხვედრა ორივე გუნდმა საშუალო ტემპში დაიწყო. მატჩის პირველივე სახიფათო მომენტი თემურ ღონღაძემ გოლად აქცია, როცა 22- ე წუთზე უმეთვალყურეოდ დარჩენილმა მიიღო ბურთი და გახსნა ანგარიში. 5 წუთში ოთარ კიტეიშვილი მეტოქის კარისკენ თავით გზავნიდა ბურთს, თუმცა მცველმა განმუხტა სიტუაცია. გაშვებული გოლის შემდეგ თბილისელები ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ. ერთ მომენტში დინამო კონტრშეტევა გამოეპარა და რენე ფერეირამ ითამაშა კარგად.

იურაი იარაბეკმა მეორე ტაიმი ორმაგი ცვლილებით განაახლა. მოედანზე ალექსანდრე იაშვილი  და ნიკოლოზ გელაშვილი შევიდნენ. ამ უკანასკნელმა მე- 60 წუთზე სახიფათოდ დაარტყა თავით, ბურთი ოდნავ აცდა დილას კარს. მომდევნო შეტევაში ჯაბა ჯიღაურის დარტმულმა სანტიმეტრებში ჩაუარა დილას კარს. დინამომ მოუმატა რიტმს და მომდევნო შეტევაში ვახო ჭანტურიშვილის დარტყმის მერე მიხეილ მუჯრიშვილმა იხსნა კარი. მუჯრიშვილმა ოთარ კიტეიშვილსაც არ დაანება გოლის გატანა, როდესაც მისი თავით დარტყმული მოიგერია.

დინამო მთლიანად დაეუფლა სათამაშო უპირატესობას. 74- ე წუთზე უჩა ლობჟანიძის დარტყმუილი ზევიდან გადასცდა დილას კარის ხარიხას. მეორე ტაიმმა მასპინძელთა სრული უპირატესობით ჩაიარა, მაგრამ დინამოელებმა მეტოქის კართან, რომელიც მთელი შემადგენლობით იცავდა თავს, რეალური სახიფათო მომენტი ვეღარ შექმნეს და საბოლოოდ 0:1 დამარცხდნენ. თბილისელები 21 ტურის შემდეგ დაგროვილი 55 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობენ სატურნირო ცხრილს და უახლოეს მდევარს- გორის დილას 11 ქულით უსწრებენ. მომდევნო შეხვედრას თბილისელები 2 აპრილს, ქობულეთში ბათუმელ თანაკლუბელებთან გამართავენ.

დინამო  0:1  დილა

გოლი: 0:1 ღონღაძე 22’ 

გაფრთხილება: ფალავანდიშვილი 37’  რენე 53’ 

დინამო: ჰრდლიჩკა, უ. ლობჟანიძე, რენე, ამისულაშვილი, გურული (გელაშვილი 46), პარუნაშვილი (ჯანელიძე 81), ჯიღაური, ჭანტურიშვილი, კიტეიშვილი, ს. ლობჟანიძე (იაშვილი 46), ქვილითაია

დილა: მუჯრიშვილი, კვირკველია, ქარქუზაშვილი (თომაშვილი 52), ბაგაევი, ხურცილავა, ფალავანდიშვილი, ძარია, წიქარიძე (მოდებაძე 74), სამხარაძე, ღონღაძე, მარცვალაძე (მაშუკოვი 86)

მსაჯი: ლ. სილაგავა

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024