• Geo
  • Eng
27.07.2016
მარცხი ზაგრებში

ხორვატიის დედაქალაქში მაქსიმირის სტადიონზე, უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე რაუნდის პირველი მატჩი გაიმართა. ადგილობრივმა დინამო ზაგრებმა დინამო თბილისს უმასპინძლა.

შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად და აგრესიულად დაიწყო. კარში პირველი დარტყმა მასპინძლებმა განახორციელეს. მე- 16 წუთზე დაახლოებით 22 მეტრიდან სიგალმა დაარტყა, ბურთი ანტონი სკრიბესთვის მარტივი ნადავლი გახდა. ხუთ წუთში სტუმრებმა შეუტიეს სახიფათოდ, ვახო ჭანტურიშვილმა ითამაშა ტექნიკურად და მეტოქე ჩამოიცილა, საბოლოო დარტყმა კი ლაშა პარუნაშვილმა შეასრულა, მაგრამ არაზუსტად. ცოტახანში მასპინძელთა კარის მიმართულებით სახიფათო საჯარიმო დაინიშნა, გიორგი პაპუნაშვილმა დაარტყა, შემდეგ დასწრებაზე ვახო ჭანტურიშვილმა ითამაშა, მაგრამ არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა. ვახო ჭანტურიშვილი კიდევ ერთხელ დაემუქრა ხორვატთა კარს, მისი ძლიერი დარტყმული სულ მცირედით აცდა მიზანს. მატჩის მე- 40 წუთზე მასპინძლებმა მოახერხეს ანგარიშის გახსნა, გოლი სუდანმა გაიტანა. ორ წუთში ზაგრებელებმა მეორე გოლი გაიტანეს. ზუსტი დარტყმა ანტე ჩორიჩის ანგარიშზეა. პირველი ტაიმიც მალე დასრულდა.

მატჩის მეორე ნახევარი თბილისელებმა ცვლილებით განაახლეს. ოთარ კიტეიშვილის ნაცვლად მოედანზე ნიკოლოზ გელაშვილი შევიდა. მატჩის 54- ე წუთზე თბილისელებმა სახიფათოდ შეუტიეს. კერძოდ ვლადიმერ დვალიშვილმა იყოჩაღა რომელიც საჯარიმოს კუთხესთან აკრძალული ილეთით შეაჩერეს. ჯარიმა დინამომ სწრაფად გაითამაშა, გელაშვილმა კი ხელსაყრელი მომენტი გაუშვა ხელიდან და ბურთი საკმაო მანძილით აცდა კარს. იურაი იარაბეკის ფეხბურთელებმა უმატეს შეტევებს. ჯერ პარუნაშვილი არტყავდა შორიდან, შემდეგ კი ჯიღაური. ჩამოწოდებულ კუთხურს კი უჩა ლობჟანიძემ შეაგება თავი, მაგრამ ბურთი გარედან მოხვდა ბადეს. მატჩის 86- ე წუთზე სტუმართა სახიფათო შეტევა, ჯაბა ჯიღაურმა ძლიერად გაისროლა, ბურთს ედუარდუ ბოლო წამს მიწვდა და კუთხურზე მოიგერია. შეხვედრის დამატებულ მესამე წუთზე მასპინძელთა კონტრშეტევა და ანხელო ენრიკესმა ახლო მანძილიდან ააცილა. საბოლოოდ მატჩი 2:0 დასრულდა.

საპასუხო შეხვედრა თბილისში, დინამო არენაზე 2 აგვისტოს გაიმართება და თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება.

 

დინამო ზაგრები  2:0  დინამო თბილისი

გოლი: 1:0 სუდანი 40’  2:0 ჩორიჩი 42’ 

გაფრთხილება: სიგალი 37’ 

 

დინამო ზაგრები: ედუარდუ, სტოიანოვიჩი, სუდანი, ანტოლიჩი (c), რიკარდუ მაშადუ (ჟუნიორი), ჰოჯიჩი (ჟონასი 62), პივარიჩი, სიგალი, როგი, ბენკოვიჩი, ჩორიჩი (ანხელო ენრიკესი 74)


დინამო თბილისი: სკრიბე, ლობჟანიძე, რენე, ამისულაშვილი (c), ჭელიძე, პარუნაშვილი, ჯიღაური, ჭანტურიშვილი, პაპუნაშვილი (კურიე 56), კიტეიშვილი (გელაშვილი 46), დვალიშვილი (ცინცაძე 78)

მსაჯი: ბობი მადენი (შოტლანდია)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024