• Geo
  • Eng
29.08.2023
დინამომ დილას დიდი ანგარიშით მოუგო

დღეს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა დილამ დინამოს უმასპინძლა.

 

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მატჩი საკმაოდ მაღალ ტემპში, აქტუირად და თვალსასეიროდ წარიმართა. პირველივე წუთებიდან ორივე გუნდი ცდილობდა სათამაშო უპირატესობის მოპოვებას და მაღალ რიტმში თამაშს. კარისკენ პირველი სახიფათო დარტყმა სტუმრებმა შეასრულეს, დებიუტშივე ზორან მარუშიჩმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა, თუმცა ბურთი მეკარემ უპრობლემოდ მოიგერია. საპასუხოდ მასპინძლებს ჰქონდათ სახიფათო შეტევა რომელიც გიორგი ლორიამ განმუხტა, დამატებაზე კი დედაქალაქელთა კარი ხარიხამ იხსნა. პირველივე ტაიმში გიორგი ხარაიშვილს ორჯერ შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ პირველ ჯერზე კაპიტნისგან მიღებული გადაცემა ვერ გამოიყენა, მის დარტყმულ ბურთს ბოლო წამს ევჰენი კუჩერენკომ მიარტყა ხელი, ხოლო მეორე მომენტში ზედმეტად ძლიერად გამოუვიდა დარტყმა და ბურთი ზევიდან გადაცდა კარს. მატჩის დაწყებიდან ერთი საათის თავზე დინამოელებმა მეორე ტაიმში მოპოვებული ტერიტორიული უპირატესობა გოლში ასახეს. სწრაფი შეტევა სხირტლაძე-კამარას შედეგიანი კომბინაციით დასრულდა. მარცხენა ფრთიდან უსმანე კამარა აქტიურად ჩაერთო შეტევაში, ბურთი საჯარიმოში შეჭრილ დავით სხირტლაძეს გადააწოდა, რომელმაც ქუსლით უკანვე დაუბრუნა პასი და კამარამაც ზუსტი დარტყმით აიღო გორელთა კარი 0-1. ამის შემდეგ უკვე გორელებს ჰქონდათ რეალური მომენტი, მაგრამ ბანტუ მზვაკალის დარტყმული გიორგი ლორიამ ბოლო წამს უკუაგდო. თბილისელებმა მეორე გოლი 88-ე წუთზე გაიტანეს, გიორგი ხარაიშვილმა საჯარიმოს მარჯვენა ფრთიდან ტექნიკური დარტყმით გორელთა მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი. მესამე გოლი კი დინამოელებმა ცოტახანშივე გაიტანეს, წერტილი შეხვედრას თბილისელთა კაპიტანმა ზუსტი დარტყმით დაუსვა 0-3.

 

მომდევნო მატჩს ანდრეს კარასკოს გუნდი 2 სექტემბერს ქობულეთს შუქურასთან გამართავს. შეხვედრა თბილისის ზღვის მოედანზეა ჩანიშნული.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024