• Geo
  • Eng
30.04.2016
მარცხი სამტრედიაში

დინამო თბილისი სამტრედიას ჩემპიონის სტატუსით ესტუმრა. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონი პრინციპულ შეხვედრას სავსე ტრიბუნებით დახვდა. მასპინძლებს მოტივაციას სატურნირო მდგომარეობაც უმაგრებდა. მატჩი აქტიურად დაიწყო. პირველივე წუთზე მიკელ ალვარომ სახიფათოდ მოაწოდა საჯარიმო, მომდევნო შეტევაში კი ბუდუ ზივზივაძე არტყავდა ძლიერად, ბურთი დინამოს კარს დიდი მანძილით აცდა. მე- 10 წუთზე თბილისელებმა კუთხური გაითამაშეს, ლაშა პარუნაშვილი საჯარიმოს მისადგომებიდან ემუქრებოდა მასპინძელთა კარს, თუმცა დარტყმული სუსტი აღმოჩნდა. შეხვედრის მე- 18 წუთზე სტუმარ მცველთა შეცდომით ისარგებლა გივი იოსელიანმა და ანგარიში გახსნა. ტაიმის შუაში სტუმრებს იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუხდათ. ტრავმირებული რენე ფერეირას ნაცვლად მოედანზე ზაზა ჭელიძე გამოჩნდა. მატჩის 29- ე წუთზე დინამომ სტატუს ქვო აღადგინა. ვახო ჭანტურიშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად გაისროლა, ბურთი ხარიხას მოხვდა და ისე გავიდა მასპინძელთა კარში. ტაიმი საკმაოდ ხისტ და დაძაბულ პაექრობაში მიილია. მეორე ნახევრის დებიუტში გიორგი თევზაძის მარცხენა ფლანგიდან დარტყმული ბურთი სანტიმეტრებში აცდა სამტრედიის კარს. 56- ე წუთზე დავით ჯიქიამ შორი მანძილიდან ზუსტი დარტყმით მასპინძლები მეორედ დააწინაურა 2:1. სტუმრებს რამდენიმე წუთში ხელსაყრელი მომენტი შეექმნათ, თუმცა ბოლო წამს მასპინძელთა მცველმა მიკელ ალვაროს დაასწრო და განმუხტა სიტუაცია. მანამდე კი იურაი იარაბეკმა მოედანზე დინამოს დუბლების ბომბარდირი ბექა მიქელთაძე შემოიყვანა, რომელმაც მოედანზე შემოსვლიდან ცოტახანში ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა. შეხვედრის დასრულებმდე 10 წუთით ადრე მსაჯმა ნიკოლოზ გელაშვილი გააძევა მოედნიდან და სტუმრები ათნი დარჩნენ. 85- ე წუთზე ბექა მიქელთაძის ძლიერად დარტმული ომარ მიგინეიშვილმა მოიგერია კუთხურზე. შეხვედრის 88- ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა ბექა მიქელთაძეს და დინამო 9 კაცით დარჩა მოედანზე. დაძაბული მატჩის ბოლოს მსაჯმა კიდევ ორი ფეხბურთელი გააგდო მოედნიდან. ერთმანეთთან კამათის გამო არსენ ნონიკაშვილმა ოთარ კაკაბაძეს და გიორგი ახალაძეს აჩვენა წითელი ბარათები. საბოლოოდ შეხვედრა 2:1 დასრულდა. თბილისელები მომდევნო შეხვედრას 5 მაისს საჩხერეში ჩიხურას წინააღმდეგ ჩაატარებენ.

 

სამტრედია  2:1  დინამო

გოლი: 1:0 იოსელიანი 18’  1:1 ჭანტურიშვილი 29’  2:1 ჯიქია 56’ 

გაფრთხილება: უ. ლობჟანიძე 44’  ალვარო 45’  მჭედლიშვილი 74’  მიქელთაძე 74’ 88’ თვალავაძე 90+3’

გაძევება: გელაშვილი 79’  მიქელთაძე 88’  კაკაბაძე 90+7’  ახალაძე 90+7’

სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, სანდოხაძე, გოგიაშვილი, შერგელაშვილი, ცნობილაძე ©, რაჟამაშვილი, იოსელიანი (სიხარულიძე 77), მარკოზაშვილი (ახალაძე 84), ჯიქია (მთივლიშვილი 90), ზივზივაძე

დინამო: ჰრდლიჩკა, უ. ლობჟანიძე ©, გველესიანი, რენე (ჭელიძე 25), კაკაბაძე, პარუნაშვილი, თევზაძე (მიქელთაძე 59), ჭანტურიშვილი, ალვარო, ქვილითაია (არაბული 67), გელაშვილი

მსაჯი: ა. ნონიკაშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024