• Geo
  • Eng
29.04.2016
სამტრედია - დინამო | მატჩამდე

საქართველოს 16 გზის ჩემპიონი 27- ე ეროვნული პირველობის 27- ე ტურის შეხვედრას სამტრედიის წინააღმდეგ გამართავს. 30 აპრილს შეხვედრა სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე 16.00 საათზე დაიწყება. მატჩის ვიდეო და ტექსტური რეპორტაჟის ნახვა ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ გვერდის მეშვეობით შეგეძლებათ.

 

 

ჩვენი მეტოქე

სკ სამტრედია 1936 წელს ჩამოყალიბდა. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ლიგაში წლების განმავლობაში წარმატებულად ასპარეზობდა სამტრედიის ლოკომოტივი. შემდგომში კლუბი სხვა და სხვა სახელით (სამტრედია, სანავარდო, იბერია) ასპარეზობდა საქართველოს ჩემპიონატში.

საშინაო მატჩებს სამტრედია- ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომლის ტევადობაც 3000 გულშემატკივარზეა გათვლილი. სამტრედიის სათამაშო ფერები ძირითადად თეთრ და ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი. ყველაზე დიდი წარმატება საფეხბურთო კლუბ სამტრედიას 1994-1996 წლებში ჰქონდა, გუნდმა 1995 წელს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა. 20 წლის შემდეგ სამტრედია საქართველოს თასის ფინალში გავიდა, სადაც 0:5 დამარცხდა დინამო თბილისთან.

კლუბში სხვა და სხვა დროს უთამაშიათ ცნობილ ფეხბურთელებს: ტარიელ დვალიშვილს, დევიზ დარჯანიას, ფირუზ კანთელაძეს, გივი ბაბუნიძეს, თემურ ძაგნიძეს, სერგეი შვეცოვს. უფრო ახლო წარსულში ზაზა ჯანაშიას, კახი გოგიჩაიშვილს, გია და მიხეილ ჯიშკარიანებს, გიორგი დარასელიას, ზურაბ იონანიძეს, გრიგოლ ჭანტურიას და კახი კალაძეს.

 

 

მწვრთნელი და სამტრედია

სკ სამტრედიის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2015 წლის ივნისიდან გიორგი ცეცაძე მუშაობს. მისი თავკაცობით გუნდმა მიმდინარე სეზონში 26 მატჩი ჩაატარა. აქედან გუნდმა 17 მატჩი მოიგო, 3 ფრედ ითამაშა და 6 წააგო. დღეისათვის სამტრედია სატურნირო ცხრილში 54 ქულით მეორე ადგილს იკავებს. თასის მეოთხედფინალში კი სამტრედია ბოლნისის სიონთან დამარცხდა.

 

 

დინამომდე...

ზამთრის პაუზის შემდეგ სამტრედიამ საკმაოდ წარმატებულად განაახლა ეროვნული პირველობა. ქობულეთის შუქურასთან ნათამაშებ ფრეს 1:1 სამტრედელებმა მიჯრით 7 მოგება მიაყოლეს. შესაბამისად 3:0 საპოვნელასთან, 1:0 ლოკომოტივთან, 8:2 საბურთალოსთან, 3:2 მარტვილის მერანთან, 2:0 ზუგდიდთან, 2:1 გორის დილასთან და 2:0 ბათუმის დინამოსთან. ამის შემდეგ სამტრედია ქუთაისის ტორპედოსთან დამრცხდა 1:2 და იმავე ანგარიშით აჯობა ცხინვალს. სამტრედიამ ბოლოს ჩიხურასთან ფრედ 1:1 ითამაშა.

 

 

დინამო - სამტრედია

დინამოსა და სამტრედიის ურთიერთშეხვედრების ისტორია 32 მატჩს ითვლის. სხვა და სხვა დროს სამტრედია სახელშეცვლილი ასპარეზობდა. პირველი სამი გათამაშება ჩვენმა მომავალმა მეტოქემ- სანავარდოს სახელით ჩაატარა, ხოლო 1998 წლიდან 2001 წლის ჩათვლით გუნდს- იბერია ერქვა. 32 ჩატარებული მატჩიდან დინამომ 25 პაექრობა გამარჯვებით დაასრულა, 3 შემთხვევაში გუნდებმა ფრედ ითამაშეს, 4 დაპირისპირება კი სამტრედიამ მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 79/18 თბილისელთა სასარგებლოდ.

ხუთი და მეტი ბურთით დინამომ ხუთჯერ დაამარცხა მეტოქე. 1991 წელს თბილისელებმა 6:0 აჯობეს ოპონენტს. მიხეილ ყაველაშვილის ჰეთ თრიქს თითო გოლი თემურ ქეცბაიამ, გელა ინალიშვილმა და ზაზა რევიშვილმა მიამატეს. 1996 წელს დინამოელებმა იმავე ანგარიშით აჯობეს სამტრედიას. ალექსანდრე იაშვილი (2), როინ კერძევაძე, გიორგი დემეტრაძე, გელა ინალიშვილი და ლევან ხომერიკი გახდნენ გოლების ავტორები. ორი წლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა 7:2 იმარჯვა. მიხეილ აშვეთიასა და გიორგი შენგელიას დუბლს, გიორგი კიკნაძემ, დავით მუჯირმა და გელა ლურსმანაშვილმა (ს.კ.) შემატეს გოლები. 2000 წელს შეხვედრა 5:0 დასრულდა. თავის გამოჩენა თეიმურაზ გადელიამ, დავით დათვაძემ, არჩილ სახვაძემ, კახა გოგოლაძემ და ზაზა ზირაქიშვილმა მოახერხეს. 2011- ში დინამომ 7:1 დაამარცხა სამტრედია. ლევან ხმალაძემ და დონალდ ჯუისმა ორ-ორი გოლი გაუტანეს მეტოქეს. თითო გოლი პეტარ იელიჩის, ზურაბ არზიანის და გიორგი ხუმარაშვილის (ს.კ.) ანგარიშზეა. ყველაზე მეტჯერ 32 დაპირისპირებიდან დაფიქსირდა ანგარიში 1:0 (სულ რვაჯერ). 6 მატჩი დინამომ მოიგო მინიმალური ანგარიშით და ორიც სამტრედიამ.

ბოლო მატჩი ჩემპიონატში ამ გუნდებს შორის 2015 წლის 21 ნოემბერს თბილისში, დინამო არენაზე გაიმართა. დინამოელებმა ჯაბა ჯიღაურის დუბლით და გიორგი გურულის გოლით 3:1 მოუგეს სტუმრებს.

 

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო სამტრედიის ფეხბურთელები- ავთო ენდელაძე, გიორგი დათუნაიშვილი, ბიძინა ცინცაძე და დინამოელი ჯაბა ჯიღაური გამოტოვებენ.

 

 

სამტრედია - დინამო | მსაჯი

ჩვენი გუნდის შეხვედრას სამტრედიის წინააღმდეგ– არსენ ნონიკაშვილი განსჯის. მას ასისტენტობას ლ. თოდრი და ა. კოკაია გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები იქნებიან დ. სანოძე და გ. ავაზაშვილი. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი გ. ვარდიძე შეასრულებს.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით არსენ ნონიკაშვილმა ბოლოს 2015 წლის 22 მარტს იმსაჯა. დინამო თბილისი ლანჩხუთში ფოთის კოლხეთს გატანილი გოლების გარეშე დაუზავდა. აღნიშნულ მატჩში არსენ ნონიკაშვილს ფეხბურთელები არ გაუფრთხილებია.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც არსენ ნონიკაშვილმა იმსაჯა 26 აპრილს მეორე ლიგაში გამართული მარკ სტარსი 4:1 ცხინვალის ლიახვი გახლავთ. აღნიშნულ მატჩში ნონიკაშვილს ყვითელი არ გამოუყენებია.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, არსენ ნონიკაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

 არსენ ნონიკაშვილი (26.05.1975)

===========================================

უმაღლესი ლიგა - 81 თამაში / 281 ყვითელი / 14 წითელი / 17 პენალტი

პირველი ლიგა  31 თამაში / 126 ყვითელი / 5 წითელი / 10 პენალტი

მეორე ლიგა  23 თამაში / 36 ყვითელი / 0 წითელი / 6 პენალტი

საქართველოს თასი  11 თამაში / 45 ყვითელი / 4 წითელი / 1 პენალტი

ვირსლიგა  1 თამაში / 6 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

 

 

სამტრედიის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში სამტრედიის სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

იგინეიშვილი - მჭედლიშვილი, სანდოხაძე, მთივლიშვილი, შერგელაშვილი – მარკოზაშვილი, იოსელიანი, რაჟამაშვილი, ცნობილაძე ზივზივაძე, ჯიქია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024