კვირას 7 აგვისტოს სტარტს აიღებს საქართველოს 28- ე ჩემპიონატი, რომელიც გარდამავალი სისტემით ჩატარდება და წლის ბოლოს დასრულდება. დინამო თბილისი პირველი ტურის შეხვედრას ივანწმინდაში, საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 17.00 საათზე დაიწყება.
7 აგვისტოს დინამო თბილისს თავის ისტორიაში 9 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. 7 შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა, ორი მატჩიც მეტოქემ მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 23/12 დინამოს სასარგებლოდ.
1940 წელს დინამომ ვიქტორ ბერეჟნოის გოლით 1:0 მოუგო მოსკოვის კრილია სოვეტოვს. 1949 წელს მოსკოვის ცდკა- თან თამაში სტუმართა გამარჯვებით 6:1 მორჩა. ერთადერთი გოლი ნიკოლოზ თოდრიას ანგარიშზეა. მომდევნო სეზონში დინამომ სტალინგრადის ტრაქტორი შვიდი უპასუხო გოლით დაჯაბნა. ბასა ღოღობერიძემ და მიხეილ ჯოჯუამ დუბლი შეასრულეს. თითო გოლი ნიკოლოზ თოდრიამ, იური ვარდიმიადიმ და გივი ჯავახაძემ გაიტანეს. 1953 წელს ჩვენი დინამო მოსკოვის დინამოს შეხვდა და 3:2 იმარჯვა. გოლები ალიოშა კოტრიკაძემ, ბასა ღოღობერიძემ და ავთანდილ ჭკუასელმა გაიტანეს. ორი წლის შემდეგ დინამო კიევში თანაკლუბელთან დამარცხდა. 1:2 დასრულებულ შეხვედრაში თავი ბასა ღოღობერიძემ გამოიჩინა. 1967 წელს თბილისელებმა 6:1 ლენინგრადის ზენიტი დაამარცხეს. მიშა მესხის ჰეთ თრიქს თითო გოლი გივი ნოდიამ, ილია დათუნაშვილმა და სლავა მეტრეველმა მიამატეს. 1978 წელს ალმა ათის კაირათი მივიღეთ და ვიტალი დარასელიას გოლით 1:0 ვაჯობეთ.
2005 წელს თბილისურ დერბიში დინამომ გიორგი მეგრელაძის გოლით 1:0 მოუგო თბილისს. 2011 წელს ცხინვალის სპარტაკთან მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ორივე გოლი ესპანელების ანგარიშზეა. თავის გამოჩენა კარლეს კოტომ და ჩისკო მუნიოსმა მოახერხეს.