შაბათს 14 მაისს, დინამო თბილისი საქართველოს 27- ე პირველობის ბოლოსწინა ტურის შეხვედრას ბოლნისში ჩაატარებს. ადგილობრივ სიონთან მატჩი თამაზ სტეფანიას სტადიონზე 17.00 საათზე დაიწყება.
14 მაისს თბილისელებს თავის ისტორიაში 12 ოფიციალური მატჩი აქვთ ჩატარებული. დინამომ 7 შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა, 3 ყაიმი ითამაშა და ორჯერ დამარცხდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 17/6 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.
1962 წელს თბილისელები ლენინგრადში ადგილობრივ დინამოსთან 1:2 დამარცხდნენ. გოლი ჩრდილოელებს შოთა იამანიძემ გაუტანა. 1969 წელს ტაშკენტში პახტაკორთან მატჩი უგოლოდ მორჩა. 1971 წელს გივი ნოდიას გოლით ალმა ათას კაირათს ვაჯობეთ 1:0. სამი წლის შემდეგ მოსკოვში დინამოსთან ფრე 0:0. 1976- ში ლვოვის კარპატი დავჯაბნეთ სამი უპასუხო გოლით. დავით ყიფიანმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც ვიტალი დარასელიას ანგარიშზეა. 1985 წელს თბილისელებმა ქუთაისის ტორპედო დაამარცხეს 2:0. რამაზ შენგელიამ და მალხაზ არზიანმა გამოიჩინეს თავი. 1989 წელს ერევანში არარატთან დაპირისპირებაში გოლები არ გასულა.
1992 წელს დინამო ლანჩხუთში დამარცხდა 1:2. გოლი გოჩა ჯამარაულის ანგარიშზეა. ორი წლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა იმავე ანგარიშით შევარდენს მოუგო. გოლები გელა ინალიშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა გაიტანეს. 1997 წელს თსუ-შევარდენთან მატჩი 3:1 დამთავრდა. როინ კერძევაძემ, გიორგი ანჩაბაძემ და გიორგი დემეტრაძემ ითამაშეს ზუსტად და შედეგიანად. 2005 წელს კახა მახარაძის, ლაშა ნოზაძის და ლევან მელქაძის გოლებით დინამომ კოლხეთს 3:0 მოუგო. 2011 წელს დინამო ბოლნისის სიონს დაუპირისპირდა. შეხვედრა თბილისელებმა დიმიტრი ტატანაშვილის გოლით 1:0 დაასრულეს.