• Geo
  • Eng
14.05.2016
მორიგი გამარჯვება თასის ფინალამდე

საქართველოს 27- ე ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის შეხვედრას ბოლნისმა უმასპინძლა. თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე  პირისპირ ადგილობრივი სიონი და დინამო თბილისი წარდგნენ. მწვრთნელებმა ორივე გუნდის შემადგენლობაში მცირედი ცვლილებები განახორციელეს და რამდენიმე საკვანძო მოთამაშეს დასვენების საშუალება მისცეს. ეს გუნდები 4 დღეში ერთმანეთს თასის ფინალში შეეჭიდებიან, თუმცა შეხვედრას არც ისე აკლდა პრინციპულობა. პირველმა ტაიმმა მთლიანად სტუმართა უპირატესობით ჩაიარა. დებიუტში გიორგი ქვილითაიას მიჯრით ორჯერ შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ ჩვენი გუნდის ფორვარდს სოსლან ნანიევი გადაეღობა ორივე შემთხვევაში. საბოლოოდ ტაიმის მიწურულს პირველობის ბომბარდირმა მაინც მოახერხა მორიგი გოლის გატანა და თავისი აქტივის 24- მდე გაზრდა. საგოლე გადაცემა კი საბა ლობჟანიძემ ჩაიწერა, რომელმაც ორიოდე წუთით ადრე თავად მოახერხა შეხვედრაში ანგარიშის გახსნა. აღნიშვნის ღირსია, მანამდე გიორგი თევზაძის დარტყმულიც. საერთოდ თევზაძემ და მთლიანად დედაქალაქელთა დაცვის ხაზმა საკმაოდ კარგად იასპარეზა და შეიძლება ითქვას მატჩის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დაშვებული ერთადერთი შეცდომის გარდა, რომელიც ჩვენს გუნდს მიღებულ გოლად დაუჯდა, პრაქტიკულად უშეცდომოდ ითამაშა. ზუსტი დარტმა კი მასპინძელთა მხრიდან შკებულიანმა შეასრულა. მეორე ტაიმი უფრო მეტად მოედნის ცენტრში გაგრძელდა. დინამოელები ცდილობდნენ ბურთის მეტ გათამაშებას და სათამაშო რიტმის შეთავაზებას. 76- ე წუთზე დედაქალაქელთა შემადგენლობაში ახალგაზრდა ენვერ ლილუაშვილის დებიუტი შედგა, რომელიც მწვანე მინდორზე გიორგი ქვილითაიას ნაცვლად შევიდა. საბოლოოდ შეხვედრა დინამოს გამარჯვებით 2:1 დასრულდა და 22 მაისს გასამართი ბოლო ტურის მატჩამდე თბილისელები კიდევ ერთ გადამწყვეტ და მნიშნელოვან შეხვედრას ჩაატარებენ. 18 მაისს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი საქართველოს თასის ფინალს მასპინძლობს. დინამო თბილისი და სიონი ბოლნისი 19.00 საათიდან ერთმანეთის პირისპირ წარდგებიან.

 

სიონი  1:2  დინამო

გოლი: 0:1 ს. ლობჟანიძე 42’  0:2 ქვილითაია 44’  1:2 შკებულიანი 90+3’

 

სიონი: ნანიევი, ფოფხაძე, სვანიძე (C), გაფრინდაშვილი, გიორბელიძე, ჯინჭარაშვილი, შალამბერიძე (ტატანაშვილი 73), საჯაია (შკებულიანი 66), გვალია, მანაგაძე, ლუის მედინა

დინამო: ჰრდლიჩკა, უ. ლობჟანიძე (C), გურული, ჭელიძე, თევზაძე, ალვარო, ჯიღაური, ს. ლობჟანიძე, ჯანელიძე (ჭანტურიშვილი 56), კიტეიშვილი (პარუნაშვილი 68), ქვილითაია (ლილუაშვილი 76)

 

მსაჯი: გ. დოგრაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024