• Geo
  • Eng
01.04.2016
დინამო ბათუმი - დინამო თბილისი | მატჩამდე

საქართველოს 27- ე ეროვნული ჩემპიონატის, უმაღლესი ლიგის 22- ე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი ქობულეთში, დინამო ბათუმის წინააღმდეგ გამართავს. გუნდების დაპირისპირება ჩელე არენაზე 16.00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს მაყურებელი აჭარა TV- ს და დინამოს ვებ გვერდის საშუალებით იხილავს.

 

 

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი 1923 წელს დაარსდა. 1990 წელს გუნდის სახელი შეიცვალა სკ ბათუმით, თუმცა 1994 წელს კლუბმა ისევ პირვანდელი სახელი დაიბრუნა. საკლუბო ფერებად ლურჯი და თეთრია მიჩნეული. დღეისათვის ბათუმელები საშინაო შეხვედრებს ქობულეთში, ჩელე არენაზე ატარებენ. დინამო ბათუმმა 1993, 1995 და 1996 წლებში ითამაშა საქართველოს თასის ფინალში. 1997 წელს გუნდმა ბრინჯაო დაიმსახურა და ისევ თასის ფინალში დამარცხდა. 1998 წელს ბათუმელებმა ჩემპიონატის ვერცხლის მედლებს, საქართველოს თასი და სუპერთასი მიაყოლეს. ევრო ასპარეზზე ზღვისპირელებს 1995 წელს ჰქონდათ დებიუტი (თასების მფლობელთა თასი). ბელგრადის ობილიჩთან თამაში საერთო ჯამში 3:2 დასრულდა ბათუმელთა სასარგებლოდ. შემდეგ იყო დუელი გლაზგოს სელტიკთან და მარცხი ორი მატჩის ჯამში 2:7. ბათუმელებმა კიდევ სამი სეზონი იასპარეზეს ევროთასებზე. 2008 წელს გუნდი პირველ ლიგაში დაქვეითდა. 2012- ში ზღვისპირელები დაუბრუნდნენ ქართული ფეხბურთის ელიტას. იმ სეზონის ბოლოს ისევ პირველ ლიგაში დაქვეითდნენ და ერთ წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ უმაღლესი ლიგა. გასულ ზაფხულს ბათუმელებმა ქვეყნის ვიცე ჩემპიონის სტატუსით ევროპა ლიგის გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა. პირველ ეტაპზე დინამოელთა მეტოქე ომონია ნიქოზია გახლდათ. ზესტაფონში ჩატარებული დაპირისპირება ბათუმელთა სასარგებლოდ 1:0 დასრულდა. კვიპროსში კი მასპინძლებმა იმარჯვეს ორი უპასუხო ბურთით.

 

 

მწვრთნელი და დინამო ბათუმი

აჭარული კლუბის მთავარ მწვრთნელად გამოცდილი ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი- შოთა ჭეიშვილი მუშაობს. 2013/2014 სეზონში მისმა გუნდმა პირველი ლიგა მეორე ადგილზე დაასრულა და უმაღლესი ლიგის საგზური მიიღო. დასრულებულ გათამაშებაში ბათუმელებმა 30 ჩატარებული შეხვედრიდან 58 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილი მეორე ადგილზე დაასრულეს. მიმდინარე პირველობაზე თბილისელებთან მატჩს ზღვისპირელები 21 ჩატარებული მატჩიდან დაგროვილი 36 ქულით და ცხრილში მეშვიდე ადგილით ხვდებიან.

 

 

დინამომდე

ზამთრის შეკრების შემდეგ ბათუმელებმა პირველი მატჩი ზუგდიდთან გამართეს და 1:0 აჯობეს მეტოქეს. მომდევნო შეხვედრაში დინამომ 2:2 ითამაშა დილასთან და 1:0 მოუგო ფოთის კოლხეთს. შემდეგ იყო მარცხი ქუთაისის ტორპედოსთან 0:1, რასაც ბათუმელებმა ცხინვალთან 2:0 გამარჯვება და საჩხერეში ჩიხურასთან 0:2 მარცხი მიაყოლეს.

 

 

დინამო ბთ - დინამო თბ  | ურთიერთშეხვედრები

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 48 მატჩიდან, 34- ჯერ მტკვრისპირელებმა იზეიმეს გამარჯვება, 8 შეხვედრა დასრულდა ფრედ, ხოლო 6 დაპირისპირებიდან ზღვისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 102/42 თბილისელთა სასარგებლოდ.

ურთიერთშეხვედრებში ყველაზე მეტჯერ- ექვსჯერ დაფიქსირდა ანგარიში 3:1 და 3:0. ხუთჯერ და შვიდჯერ შეხვედრები 2:0 და 1:0 დასრულდა. ყველაზე უხვგოლიანი მატჩი 1994 წლის 18 სექტემბერს გაიმართა. ბათუმში ჩატარებულ შეხვედრაში რვა გატანილი გოლი ვიხილეთ. არჩილ არველაძის ჰეთ–თრიქს, შოთა არველაძის დუბლი მიემატა და თბილისელებმა 5:3 იმარჯვეს. იმავე ანგარიშით იმარჯვა დინამო თბილისმა 2012 წლის 11 ნოემბერს. დიდი ანგარიშით დინამო მეთექვსმეტე ჩემპიონატის მეცხრე ტურში დამარცხდა. 2004 წელს ჩატარებულ შეხვედრაში დედაქალაქელები 0:3 დამარცხდნენ. ყველაზე დიდი ანგარიშით მტკვრისპირელებმა მეტოქე 2007 წლის 29 სექტემბერს დაამარცხეს. მეცხრამეტე ჩემპიონატის მეშვიდე ტურში დინამომ შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა ბათუმელ სეხნიას. თავი კი გამოიჩინეს: სანდრო კობახიძემ და ჯორჯ აკირემმა დუბლებით, მიხეილ ხუციშვილმა, ილია სპასოევიჩმა და ლევან ხმალაძემ კი თითო გოლით.

ბოლო შეხვედრა ამ გუნდებს შორის, რომელიც 2015 წლის 3 ოქტომბერს თბილისში, დინამო არენაზე გაიმართა, ოთარ კიტეიშვილის გოლით და დედაქალაქელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო თბილისელთა ბრაზილიელი მცველი- რენე ფერეირა და ბათუმელთა ბოსნიელი მცველი- მარკო მიჰაილოვიჩი გამოტოვებენ.

 

 

დინამო ბთ - დინამო თბ  | მსაჯი

ხვალინდელ დაპირისპირებას ბათუმელთა და თბილისელთა შორის- ლევან კვარცხელია განსჯის. მას ასისტენტობას ლ. ვარამიშვილი და ი. უკლება გაუწევენ. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი დ. სანოძე შეასრულებს.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ლევან კვარაცხელიამ იმსაჯა 28 მარტს პირველ ლიგაში გამართული რუსთავი 3:0 ალგეთი გახლავთ, სადაც კვარაცხელიამ მატჩის მონაწილე ფეხბურთელები ერთხელ გააფრთხილა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ლევან კვარაცხელიამ უკანასკნელად 17 ოქტომბერს იმსაჯა. საქართელოს პირველობაზე ჩვენი გუნდი ქუთაისში ტორპედოს დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა. ხსენებულ მატჩში ლევან კვარაცხელიამ ფეხბურთელებს ყვითელი ბარათი სამჯერ უჩვენა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის ლევან კვარაცხელიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ლევან კვარაცხელია
დაბადების თარიღი: 1979 წლის 18 მაისი

===========================================

უმაღლესი ლიგა - 89 თამაში / 345 ყვითელი / 19 წითელი / 18 პენალტი
პირველი ლიგა - 33 თამაში / 94 ყვითელი / 7 წითელი / 7 პენალტი
საქართველოს თასი - 16 თამაში / 59 ყვითელი / 5 წითელი / 5 პენალტი
უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 10 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17.საკვალიფიკაციო ეტაპი – 3 თამაში / 17 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი
საერთაშორისო ამხანგური მატჩები – 3 თამაში / 17 ყვითელი / 3 წითელი / 2 პენალტი

 

ბათუმელთა სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ბათუმის დინამოს სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

ალავიძე - ტვილდიანი, სუხიაშვილი, ტეტუნაშვილი, ქორიძე - ქავთარაძე, ვარშანიძე, შონია, ფონიავა  - კომაზეცი, გაბედავა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024