ივანწმინდაში დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც ჩიხურამ და დინამომ ფრედ 0:0 ითამაშეს, გაიმართა მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე იურაი იარაბეკი და სოსო ფრუიძე წარსდგნენ.
იურაი იარაბეკი: დღეს კარგი თამაში ვიხილეთ. მინდა კომპლიმენტი ვთქვა მეტოქე გუნდის მისამართით, რომელმაც კარგი შემადგენლობა შეკრიბა. ორივე გუნდს 3 ქულა ჰქონდა დაგეგმილი, რამაც აქტიური და აგრესიული თამაში გამოიწვია. ძალიან ცხელოდა, მაგრამ თამაშის ხარისხი ჩანდა. ჩვენ კარგი მომენტები გვქონდა, თუმცა... შემიძლია ვთქვა, რომ დღეს დინამო ჰამზიჩის წინააღმდეგ თამაშობდა. მეტოქეს არ ვაკნინებ, უბრალოდ ყველა მნიშვნელოვან მომენტში მეტოქის გოლკიპერმა უმაღლეს დონეზე ითამაშა. პირველი მატჩი იყო ჩემპიონატში, ბიჭები დაღლილებიც იყვნენ ზაგრების დინამოსთან ურთულესი თამაშის შემდეგ. საერთო ჯამში ჩემი გუნდის დღევანდელი გამოსვლით კმაყოფილი ვარ, თუმცა ჯობდა გოლიც გაგვეტანა. აი მოედნის მდგომარეობა კი ნამდვილად არასახარბიელო იყო.
სოსო ფრუიძე: პირველ რიგში დინამოს წარმატებები მინდა ვუსურვო მოახლოებულ პლეი ოფის შეხვედრაში. ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ ქართული ფეხბურთის ფლაგმანი მოახერხებს და გავა ჯგუფურ ეტაპზე. რაც შეეხება შეხვედრას- დავეთანხმები ოპონენტს და ვიტყვი, რომ დინამოს მართლაც ჰქონდა რამდენიმე საგოლე მომენტი და ჩვენმა მეკარემ გვიხსნა. საერთო ჯამში კარგი თამაში გამოვიდა. დინამო პირველ ნომრად თამაშობდა და ეს არც არის გასაკვირი, ჩვენ კი ვეცადეთ მეტად კონტრშეტევებზე აგვეწყო მატჩი. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა და ეს ლოგიკურიც იყო.