დინამო თბილისმა თავის ისტორიაში მეთხუთმეტე თასის ფინალი ითამაშა და მეცამეტედ დაეუფლა დავით ყიფიანის სახელობის ტროფეის, ამასთან ერთად საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა მეათე დუბლი შეასრულა. ჩვენი გუნდის სლოვაკი თავკაცი- იურაი იარაბეკი კი მეოთხე უცხოელი მწვრთნელი გახდა, ვინც მოახერხა საქართველოს თასის მოპოვება. მანამდე ეს პატივი ანატოლი პისკოვეცს (გაგრა), ივო შუშაკს და დუშან უჰრინ უმცროსს (ორივე დინამო) ხვდა წილად. გიორგი ქვილითაია კი წლევანდელი გათამაშების ბომბარდირი გახდა 5 გოლით.
მანამდე კი იყო მზადება. საქართველოს თასის გადამწყვეტი შეხვედრა პირველად გაიმართა დედაქალაქის ფარგლებს გარეთ და ამ ფინალს ქუთაისმა უმასპინძლა. შეხვედრის ინტერესიდან გამომდინარე პაექრობას საქართველოს პრეზიდენტი- გიორგი მარგველაშვილი და მთავრობის არაერთი წარმომადგენელი დაესწრო. წვიმიანი ამინდის მიუხედავად მაყურებელიც საკმაოდ მოვიდა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე. თავისი გულშემატკივარი კი ორივე კლუბს ჩამოჰყვა. დედაქალაქელთათვის 159- ე მატჩი საქართველოს თასზე მძიმედ და დაძაბულად (ფინალის ხასიათიდან გამომდინარე) წარიმართა და წარმატებულად დასრულდა. პაექრობა ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა და ორივე გუნდი ერიდებოდა ზედმეტად თამაშის გახსნას. პირველი სახიფათო მომენტი ბოლნისელებმა მე- 14 წუთზე შექმნეს, როცა გურამ გიორბელიძის თავით დარტყმული ოდნავ აცდა დინამოელთა კარს. თბილისელებმა ასევე სახიფათო შეტევით 27- ე წუთზე უპასუხეს. ალექსანდრე იაშვილის ჩაწოდების შემდეგ, გიორგი ქვილითაიამ იყოჩაღა და თავით ცდილობდა ანგარიშის გახსნას. მისი დარტყმული ბურთი ჯერ მირზა მერლანმა მოიგერია, ხოლო შემდეგ სიონის კარის ძელმა. ამის შემდეგ დინამოელები დაეუფლნენ უპირატესობას და ორიოდე წუთში ვახო ჭანტურიშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტი და ტექნიკური დარტყმით, როგორც შემდეგ აღმოჩნდა ფინალის ერთადერთი გოლი გაიტანა და თბილისელი გულშემატკივარი გაახარა. პირველ ტაიმში კიდევ ერთი სახიფათო მომენტი სიონის ფეხბურთელებმა შექმნეს, მაგრამ უშედეგოდ. აღსანიშნავია ოთარ კაკაბაძის ფლანგური გარღვევებიც, რომელმაც არაერთხელ გაამწვავა სიტუაცია. მეორე ტაიმის მე- 15 წუთზე ჩვენი გუნდის კაპიტანი ძლიერი დარტყმით გზავნიდა ბურთს, მაგრამ არაზუსტად. 67- ე წუთზე კი დინამოს კარი გადაურჩა ხიფათს. გიორგი ვასაძის მაღალი ტრაექტორიით დარტყმული ბურთი ზემოდან დაეცა დინამოელთა კარის ხარიხას. მოედანზე თბილისელთა შემადგენლობაში ნიკოლოზ გელაშვილი გამოჩნდა. შეხვედრის ბოლო წუთებზე ნიკა მარცხენა ფრთიდან გაიჭრა, მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა მისი მოჭრილი დარტყმული საკმაო მანძილით აცდა მერლანის კარს. მომდევნო შეტევაში გელაშვილი კვლავ ერთი ერთზე გადიოდა, მაგრამ მისი ეს მცდელობა გურამ გიორბელიძემ აკრძალული ილეთით შეაჩერა და მთავარი არბიტრისგან წითელი ბარათიც დაიმსახურა. მატჩი მალე დასრულდა და დინამოელებმა მე- 13 ტროფეის მოპოვება თავის ერთგულ გულშემატკივართან ერთად აღნიშნეს.
თბილისელთა კაპიტანმა- ალექსანდრე იაშვილმა და ცენტრალურმა მცველმა- გიორგი გველესიანმა მეოთხედ აღმართეს საქართველოს თასი. ფინალის საუკეთესო მოთამაშედ, ორგანიზატორებმა დინამოს ნახევარმცველი- ვახტანგ ჭანტურიშვილი დაასახელეს.
დინამო 1:0 სიონი
ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი. 7 000 მაყურებელი
გოლი: 1:0 ჭანტურიშვილი 29’
გაფრთხილება: სვანიძე 19’ კაკაბაძე 49’ იაშვილი 54’ ამისულაშვილი 63’ გიორბელიძე 65’ ჯიღაური 90’ გელაშვილი 90’
გაძევება: გიორბელიძე 90+2’
დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, უ. ლობჟანიძე, რენე, ამისულაშვილი, ალვარო (ჭელიძე 83), ჯიღაური, კიტეიშვილი, ჭანტურიშვილი, იაშვილი (პარუნაშვილი 71), ქვილითაია (გელაშვილი 67)
სიონი: მერლანი, ფოფხაძე (შალამბერიძე 87), სვანიძე, კილასონია, გაფრინდაშვილი, გიორბელიძე, ვასაძე, რაზმაძე, გველია (მედინა 72), მანჯგალაძე (მანაგაძე 83), ტატანაშვილი
მსაჯი: გ. ყრუაშვილი