• Geo
  • Eng
08.08.2016
დინამოში ყველა პირობაა იმისთვის, რომ ევროპული დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდე

გიორგი ქვილითაია თბილისის "დინამოდან" ავსტრიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ ვენის "რაპიდში" რომ გადავიდა, ეს უკვე იცით. რა თქმა უნდა, ბოლოდროინდელ ქართულ სინამდვილეში ეს ერთ-ერთი გამორჩეული ტრანსფერია.

"ლელო" ვენის "რაპიდის" 22 წლის ახალწვეულს ავსტრიაში დაუკავშირდა.

- როგორ მიგიღეს "რაპიდში"? მოგვიყევით ახალ გუნდში პირველი შთაბეჭდილებების შესახებ...
- პირველი შთაბეჭდილება რაც არის, გამოვარჩევდი ჩემდამი დიდ ყურადღებას ახალი თანაგუნდელების მხრიდან. ვიგრძენი, რომ დიდი ისტორიის მქონე კლუბში მოვხვდი. დავესწარი კიდეც საშინაო მატჩს ახალ სტადიონზე, საოცარი ატმოსფერო იყო, სავსე ტრიბუნები და 90 წუთის განმავლობაში გაუჩერებლად მომღერალი ფანები. ამ ყველაფერმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

- ტრავმის გამო "დინამოს" ევროთასებზე ბოლომდე ვერ დაეხმარეთ. ალბათ, ძალიან განიცადეთ ეს ამბავი...
- მთელი წელი ვემზადებოდი ამ მატჩებისთვის... სამწუხაროდ, ტრავმამ შემიშალა ხელი, ბოლომდე გვერდში რომ დავდგომოდი "დინამოს". ეს ურთულესი გადასატანი იყო ჩემთვის. ძალიან მინდოდა, ჩემს გუნდთან ერთად მიმეღწია წარმატებისთვის ევროარენაზე...

სამწუხაროდ, ფეხბურთში არავინ არის დაზღვეული ამისგან, მაგრამ ყველაზე მეტად გული იმან მატკინა, როცა ზოგიერთებმა ეჭვი გამოთქვეს, თითქოს, არაფერი მაწუხებდა და ავსტრიაში მიმეჩქარებოდა. მიმძიმს, რომ თავის მართლება მიწევს. მერწმუნეთ, ჩემზე უფრო არავის სურდა, ევროთასებზე ბოლომდე რომ მეთამაშა "დინამოში". ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იქნებოდა, წარმატებისთვის მიმეღწია და თავაწეულს დამეტოვებინა კლუბი...

ბევრმა არ იცის - "ალაშკერტთან" გამაყუჩებლით ვითამაშე, ტკივილი რომ არ მეგრძნო და ამით ტრავმა კიდევ უფრო გამირთულდა...

- "რაპიდის" ვარიანტი როდის გაჩნდა?
- დიდი ხანია მქონდა ეს ვარიანტი, მაგრამ სანამ "დინამოში" თამაში შემეძლო, წასვლა არც მიფიქრია, ხოლო, როცა გაირკვა, რომ ევროთასებზე ჩემი თამაში გამოირიცხა, მოცდას აზრი აღარ ჰქონდა.

- ახლა როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და როდიდან შეუდგებით ვარჯიშს?
- გავაგრძელებ მკურნალობას და, ალბათ, 2-3 კვირა დამჭირდება ტრავმის მოსარჩენად. სამშაბათს კიდევ ერთხელ გადამიღებენ სურათს და უფრო კონკრეტულად მეცოდინება, როდის განვაახლებ ვარჯიშს.

- რა მოგცათ "დინამოში" გატარებულმა პერიოდმა?
- პირველ რიგში, ეს ბავშვობის ოცნების ასრულება იყო. გარდა ამისა, 3 ტიტული, საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირობა... სწორედ "დინამოდან" მოვხვდი ეროვნულ ნაკრებში. ავსტრიელებმაც რომ შემამჩნიეს, ესეც მთლიანად "დინამოს" დამსახურებაა. რაც მთავარია, "დინამოში" გატარებულმა პერიოდმა შემძინა ხალხის სიყვარული, რომელსაც ყოველი მატჩისას ვგრძნობდი.

"დინამოში" ჩვენ ერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობდით - ფეხბურთელებით დაწყებული და ხელმძღვანელებით დამთავრებული. ბევრი რამ ვისწავლე ამ გუნდში, თან - არამარტო მწვრთნელებისგან. მე მათი მადლიერი ვიქნები მთელი ცხოვრება. "დინამო" ჩემი ოჯახია.

მსურს განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ბატონ რომან ფიფიას, რომლისგანაც, დღიდან გუნდში მისვლისა, წასვლამდე ვგრძნობდი ყურადღებასა და მხარდაჭერას. ასევე, მადლობა იმისთვის, რომ "დინამოში" დღეს ყველა პირობაა შექმნილი, რომ ფეხბურთელი გაიზარდოს და ევროპული დონის კლუბში კარიერის გაგრძელებაზე იფიქროს. ჩემი ტრანსფერი სწორედ ამის მაგალითია. მჯერა, ჩემი ყოფილი თანაგუნდელები ამ შანსს გამოიყენებენ.

და ერთსაც ვიტყვი - მინდა, წარმატება ვუსურვო "დინამოს" მომავალ მატჩებში ბერძნულ პაოკ-თან და, ასევე, გულთბილად მოვიკითხო ჩვენი ერთგული ფანები.

 

http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/legionerebi/95043-qyvelaze-metad-guli-etcvebma-matkina-da-mimdzims-rom-thavis-marthleba-mitsevsq.html

"ლელო"  ალეკო კაკაურიძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024