• Geo
  • Eng
05.04.2016
დინამო - ტორპედო | მატჩამდე

საქართველოს 27- ე ეროვნული ჩემპიონატის, უმაღლესი ლიგის 23- ე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს. ქართული დერბი თბილისში, დინამო არენაზე 18.00 საათზე დაიწყება. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ტრადიციულად მატჩის როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო რეპორტაჟს წარმოგიდგენთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

ქუთაისის საფეხბურთო კლუბი ტორპედო 1946 წელს დაარსდა. ტორპედო საშინაო შეხვედრებს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 19 400 მაყურებელს იტევს. ქუთაისური კლუბის სიმბოლიკა ძირითადად შავ და თეთრ ფერებში არის გადაწყვეტილი. ტორპედომ პირველ სერიოზულ წარმატებას დაარსებიდან სამი წლის თავზე მიაღწია, ტორპედო იმჟამინდელი საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ჩვენი მომავალი მეტოქე 1960 წლიდან – 1962 წლამდე სსრკ ჩემპიონატის ბ ლიგაში ასპარეზობდა. სსრკ პირველობის უმაღლეს ლიგაში ტორპედომ პირველი ოფიციალური მატჩი 1962 წლის 2 მაისს საკუთარ მოედანზე გამართა. სადებიუტო შეხვედრაში ქუთაისელმა ფეხბურთელებმა მოსკოველი თანაკლუბელები ანგარიშით – 5:1 დაამარცხეს. 1963 წლის 15 აპრილი ქუთაისის ცენტრალური სტადიონისთვის ისტორიული თარიღია. ამ დღეს ერთმანეთს ქუთაისის ტორპედო და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ, შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა. აღნიშნულ მატჩს 40 000 მაყურებელი დაესწრო და ეს მაჩვენებელი ქუთაისის ცენტრალური სტადიონისთვის დღემდე სარეკორდო მაჩვენებლად ითვლება. 1970 წლის სეზონი ქუთაისის ტორპედოსთვის წარუმატებელი გამოდგა. გუნდი სსრკ პირველობის უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითდა და შესაბამისად მომდევნო სეზონი I ლიგაში დაიწყო. 1988 წელს სსრკ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში კიდევ ერთხელ დაბრუნდა ტორპედო, თუმცა ამ პერიოდში საქართველო სსრკ– ს ოფიციალურად გამოეყო და გუნდმა საქართველოს ჩემპიონატში განაგრძო ასპარეზობა. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ქუთაისის ტორპედო დინამო თბილისის შემდეგ, ყველაზე მეტჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ქუთაისურმა გუნდმა 1999-00, 2000-01, 2001-02 წლებში ზედიზედ სამჯერ იმარჯვა ეროვნულ პირველობაზე. ამავე პერიოდს უკავშირდება ტორპედოს წარმატებული ასპარეზობა საქართველოს თასზეც, გუნდმა 1998–99, 2000–01 წლების სეზონში ორჯერ აღმართა თასი.

 

 

მწვრთნელი და ტორპედო

2015 წლის ოქტომბრიდან ქუთაისის ტორპედოს უკრაინელი ფეხბურთის სპეციალისტი- ალექსანდრ შტელინი ხელმძღვანელობს. შტელინი ტორპედოს 12 წლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ოთხი მატჩი გამართა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე და იასპარეზა მე- 14 ეროვნულ ჩემპიონატში. მიმდინარე პირველობაზე ტორპედოს 22 ჩატარებული მატჩიდან 30 ქულა აქვს დაგროვილი და სატურნირო ცხრილში მერვე-მეცხრე ადგილებს იყოფს ქობულეთის შუქურასთან. რაც შეეხება ხვალინდელ დაპირისპირებას- ალექსანდრ შტელინი შეუძლოდ იმყოფება და მის ნაცვლად გუნდს ასისტენტები- მიხეილ აშვეთია და გიორგი სუხიაშვილი დამოძღვრავენ.

 

 

დინამომდე

ზამთრის შეკრების შემდეგ ტორპედომ ჩემპიონატი მარტვილის მერანთან 1:2 მარცხით განაახლა. მომდევნო შეხვედრაში ქუთაისელებმა 2:0 მოუგეს ზუგდიდს, 1:0 დაამარცხეს გორის დილა და იმავე ანგარიშით აჯობეს ბათუმის დინამოს. შემდეგ იყო მარცხი 0:2 ფოთის კოლხეთთან, უგოლო ფრე ცხინვალთან და მარცხი საჩხერის ჩიხურასთან 0:2.

 

 

დინამო - ტორპედო | ურთიერთშეხვედრები

ქართული დერბი ყოველთვის უკომპრომისო ბრძოლით და თავდადებული თამაშით აღინიშნება, მომავალი მატჩი კი ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებაში სამოცდამეერთე იქნება. საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 60 მატჩიდან,  30- ჯერ გამარჯვება მტკვრისპირელებმა იზეიმეს, 15 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 15 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდება 105/59 თბილისელთა სასარგებლოდ არის.

ამ შეხვედრებიდან აღსანიშნავია დინამოელთა საშინაო გამარჯვება ანგარიშით 5:1. ეს შედეგი ეროვნულ ასპარეზობაზე ორჯერ დაფიქსირდა. მეორე ჩემპიონატის მეოთხე ტურში 1991 წლის 1 აპრილს და მეშვიდე ჩემპიონატის მესამე ტურში 1995 წლის 17 სექტემბერს. ოთხბურთიანი სხვაობით დინამოელებმა მეტოქე 2013/2014 სეზონში დაამარცხეს, XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მერვე ტურის მატჩში დინამომ ქუთასის ტორპედოს 4:0 აჯობა. 2000 წლის 27 აგვისტოს კი თბილისელები დიდი ანგარიშით 0:3 მეთორმეტე ჩემპიონატის მეორე ტურში დამარცხდნენ. ამ თამაშებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა თბილისელებმა ქუთაისში დააფიქსირეს. მეთვრამეტე ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში 2007 წლის 17 მარტს ეროვნული გათამაშების ლიდერმა ანგარიშით 5:0 გაიმარჯვა. 2013 წლის 4 მაისს დინამო არენაზე თბილისელებმა 4:0 აჯობეს მეტოქეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს.

დინამო - ტორპედოს დაპირისპირება მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატით არ შემოიფარგლბა. ეს გუნდები საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში 26- ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და აქაც უპირატესობა დინამოელთა მხარესაა. ამ დაპირისპირებებიდან დინამომ 13 თამაშში მიაღწია წარმატებას, 9 შეხვედრა დასრულდა ფრედ და 4- ჯერ ტორპედომ მოიგო. ბურთების შეფარდება 38/21. თბილისელებმა სამჯერ გაიმარჯვეს ანგარიშით 3:1, აქედან ერთხელ სტუმრად. შესაბამისად 1966 წლის 26 აპრილს, 1969 წლის 26 მაისსა და 1962 წლის 25 მაისს. მეტოქემ ანგარიშით 4:2 წარმატებას 1968 წლის 31 ივლისს მიაღწია. აღნიშვნის ღირსია უხვგოლიანი ფრე 3:3, რომელიც ქუთაისში 1966 წლის 30 ნოემბერს დაფიქსირდა.

ქუთაისელებს თბილისელი ფეხბურთელები უკვე თითქმის ოთხი წელია არ დაუმარცხებიათ. ბოლოს ტორპედომ 2012 წლის 6 მაისს იმარჯვა. მას შემდეგ დინამომ ექვსჯერ დაჯაბნა მეტოქე და სამი დერბი (სამივე ქუთაისში) გამარჯვებულის გარეშე დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო შეხვედრა, რომელიც 2015 წლის 17 ოქტომბერს ქუთაისში გაიმართა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. გოლი ქუთაისელთა კარში ბაჩანა არაბულმა გაიტანა.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ფეხბურთელები არ გამოტოვებენ.

 

 

დინამო - ტორპედო | მსაჯი

ქართულ დერბის, რომელიც დინამო არენაზე გაიმართება- გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას- დ. ჩიგოგიძე და გ. ელიკაშვილი გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები გ. ყრუაშვილი და დ. ხარიტონაშვილი იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი- პ. მაჭარაძე შეასრულებს.

ბოლო შეხვედრა, რომელიც იმსაჯა გიორგი ვადაჭკორიამ, 2 აპრილს უმაღლეს ლიგაში გამართული დილა 1:2 სამტრედია გახლავთ. მთავარმა არბიტრმა შეხვედრის მიმდინარეობისას ოთხი ფეხბურთელი გააფრთხილა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ეროვნულ ჩემპიონატში გიორგი ვადაჭკორიამ უკანასკნელად 2015 წლის 6 დეკემბერს იმსაჯა. დინამოელებმა თავის არენაზე ბოლნისის სიონი დიდი ანგარიშით 5:2 დაამარცხეს. აღნიშნულ შეხვედრაში გიორგი ვადაჭკორიამ ორი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი გამოიყენა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გიორგი ვადაჭკორია (დაბადების თარიღი: 1977 წლის 8 ივნისი)

===========================================

უმაღლესი ლიგა - 157 თამაში / 634 ყვითელი / 28 წითელი / 42 პენალტი

პირველი ლიგა – 15 თამაში / 39 ყვითელი / 2 წითელი / 5 პენალტი

მეორე ლიგა – 62 თამაში / 179 ყვითელი / 3 წითელი / 24 პენალტი

საქართველოს თასი – 13 თამაში / 49 ყვითელი / 2 წითელი / 1 პენალტი

საქართველოს სუპერ თასი – 3 თამაში / 20 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 5 თამაში / 17 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 5 თამაში / 16 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19. საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩები – 3 თამაში / 6 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

ტორპედოს სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ქუთაისელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

კვასხვაძე - ადამაძე, მამასახლისი, ტაბატაძე, ქიმაძე - ნერგაძე, კლიმიაშვილი, ბაბუნაშვილი, კუხიანიძე - კაპანაძე, შინდაგორიძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024