დინამო არენაზე უეფას ევროპა ლიგის ფლეი-ოფის პირველი მატჩი გაიმართა. დინამო თბილისმა საბერძნეთის პაოკს უმასპინძლა.თბილისელებმა აქტიურად დაიწყეს შეხვედრა. პირველივე წუთებზე ჯაბა ჯიღაურმა და გიორგი პაპუნაშვილმა შეუტიეს. შეხვედრაში პირველი დარტყმა კარისკენ ვახო ჭანტურიშვილმა მე- 15 წუთზე შეასრულა. მანამდე აღსანიშნავია უჩა ლობჟანიძის ტექნიკური თამაში ერთი შეხებით. ჯიღაურის ორიოდე წუთში უაღრესად სახიფათოდ გასროლილი, ბოლო წამს მცველმა კუთხურზე მოიგერია. მატჩის მეოცე წუთზე სტუმართა პირველი ჩამოწოდებული კუთხური გოლით დასრულდა. ბურთს ლეო მატოსი შეწვდა და გახსნა ანგარიში. გაშვებული გოლის შემდეგ დინამო უფრო გააქტიურდა. ჯერ ჯაბა ჯიღაურის ტექნიკური დარტყმული მოიგერია გლიკოსმა, ცოტახანში კი ჩამოწოდებულ კუთხურს სულ მცირედით ვერ შეწვდა ალექსანდრე ამისულაშვილი. 36- ე წუთზე მასპინძლებს კიდევ მიეცათ სახეირო შანსი. პაპუნაშვილმა მოედნის ცენტრში მეტოქეს აართვა ბურთი, თავად გაიჭრა და მოჭრილად დაარტყა, თუმცა არაზუსტად. მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო როცა მცველთა უყურადღებობით ჯალმამ ისარგებლა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. 50- ე წუთზე კი როდრიგესის დარტყმულის შემდეგ დინამოელთა კარი ანტონი სკრიბემ გადაარჩინა. რამდენიმე უშედეგო შეტევის შემდეგ იურაი იარაბეკმა გიორგი პაპუნაშვილის ნაცვლად მოედანზე ვლადიმერ დვალიშვილი შემოუშვა, ხოლო მათე ცინცაძის ნაცვლად მიკელ ალვარო გამოჩნდა. 71- ე წუთზე მასპინძლებმა პირველის იდენტური გოლი გაუშვეს. ჩამოწოდებული კუთხური, ისევ მცველთა უყურადღებობა და ხოსე კრესპომ მეორე გოლი გაიტანა. საპასუხოდ ჯაბა ჯიღაურმა შორიდან უძლიერესად დაარტყა, მეკარემ კი ბურთი ბოლო წამს კუთხურზე მოიგერია. 79- ე წუთზე ოთარ კიტეიშვილი გაიჭრა მეტოქის კარისკენ, თუმცა ბოლო წამს სტუმართა მცველმა აჯობა ჩვენი გუნდის შემტევს. 84- ე წუთზე პაოკის სწრაფი კონტრშეტევა, შეცვლაზე შემოსულმა ბოსესვარმა მარცხენა ფრთიდან ჩააწოდა და ასევე შეცვლაზე შემოსულმა პერეირამ მესამედ აიღო დინამოს კარი. შეხვედრის ბოლო წუთზე მასპინძელთა შეტევას ჯიღაური აგვირგვინებდა, ბურთი მეკარეს ხელებში მიუვიდა. მატჩი ესეც დასრულდა. განმეორებით შეხვედრას დინამო თესალონიკში 25 აგვისტოს გამართავს.
დინამო 0:3 პაოკი
გოლი: 0:1 ლეო მატოსი 20’ 0:2 კრესპო 71’ 0:3 პერეირა 83’
გაფრთხილება: ლეო მატოსი 56’ რენე სანტოსი 69’ პარუნასვილი 77’
დინამო: სკრიბე, ლობჟანიძე (თევზაძე 58), ამისულაშვილი, რენე, ჭელიძე, ცინცაძე (ალვარო 70), პარუნაშვილი, ჭანტურიშვილი, ჯიღაური, კიტეიშვილი, პაპუნაშვილი (დვალიშვილი 63)
პაოკი: გლიკოსი, ლეო მატოსი, ლევაკი, ხარისისი (კანიასი 46), ჯალმა კამპოსი (პერეირა 81), კრესპო, ჩიმიროტი, მენდესი, შახოვი (ბისესვარი 68), ცაველასი, ათანასიადისი
მსაჯი: ლირან ლიანი (ისრაელი)