• Geo
  • Eng
30.05.2016
დინამო და ალკმაარი - ფინალში

ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირზე პლეი ოფის მატჩები გაიმართა. თასისთვის მებრძოლი 4 გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდა ერთმანეთს. პირველ ნახევარფინალში დინამო თბილისმა ტრაბზონსფორი მიიღო. მატჩის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით და არც ისე მაღალ რიტმში წარიმართა. გუნდებმა თითო რეალური მომენტი გააფუჭეს. ჯერ თამაზ ბაბუნაძემ ვერ ისარგებლა მეკარესთან პირისპირ გასვლით, ხოლო შემდეგ დემეტრე ბულისკერიამ აჯობა ტეტ-ა-ტეტ გამოსულ თავდამსხმელს. მეორე ტაიმში თბილისელები დაეუფლნენ უპირატესობას, მასპინძლებმა სიჩქარეებსაც უმატეს და ლამაზი კომბინაციით გატანილი გოლის გარდა, რომლის ავტორიც თამაზ ბაბუნაძე გახლავთ, დინამოელებმა კიდევ არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს კაბლანის კართან. საბოლოოდ დინამოელებმა დამსახურებულად იმარჯვეს და ტურნირის ფინალის საგზურიც მოიპოვეს.

მეორე ნახევარფინალში ლოკომოტივი და ალკმაარი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მატჩი საკმაოდ საინტერესო საცქერი გახლდათ. პირველი ტაიმი გუნდებმა თანაბრად ჩაატარეს. რამდენიმეჯერ სახიფათო მომენტებიც გაცვალეს, მაგრამ ორივე გუნდის კიპერმა მაღალ დონეზე წარმოაჩინა თავი. მეკარეებს საბოლოოდ მთელი თავისი ოსტატობის ჩვენება მატჩისშემდგომ თერთმეტმეტრიანების სერიის დროს მოუწიათ. მანამდე კი იყო ალკმაარის სათამაშო უპირატესობით, ლოკომოტივის სახიფათო კონტრშეტევებით და უგოლოდ ჩატარებული მეორე ტაიმი. პენალტების სერიაში იღბალი სტუმართა მხარეს აღმოჩნდა და ალკმაარმა 6:5 იმარჯვა. ლოკომოტივის მხრიდან ზუსტი დარტმა რუხაძემ, გრძელიძემ, ქურდაძემ, კაკაბაძემ და ჯაფარიძემ შეასრულეს. ჰოლანდიელთა გოლები კი ენსმა, ვან დერ ვახტმა, ფასემ, დე ჰაასმა, ბადუმ და ლატუვერსმა გაიტანეს. ხვალ გასამართ ფინალში, რომელიც დინამო არენაზე 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება, ერთმანეთს დინამო თბილისი და აზ ალკმაარი შეერკინებიან. მესამე ადგილისთვის მატჩი კი აკადემიის მოედანზე 17 საათსა და 30 წუთზე ლოკომოტივსა და ტრაბზონსფორს შორის ჩატარდება.

აკადემიის მოედანზე ჩატარებულ შეხვედრაში თითო გოლი გავიდა და მატჩისშემდგომი პენალტების სერია გახდა საჭირო. ლეხიასა და შერიფის დუელი ხისტად წარიმართა. ორივე გუნდი თავიდანვე შეეცადა უპირატესობის მოპოვებას, მაგრამ რამდენიმე წუთიანი მონაკვეთის გარდა, ეს არც ერთ მხარეს არ გამოუვიდა. შეხვედრის დასრულებას 10 წუთი აკლდა როცა ლეხიას ფეხბურთელებმა გახსნეს ანგარში. პოლონელებს სიხარული კონრადმა მოუტანა, თუმცა 8 წუთში ბოიკომ ითამაშა ზუსტად და გამარჯვებული ნაწილობრივ ფორტუნას მიანდო. პენალტების სერიაში უფრო ზუსტად ლეხიას ფეხბურთელები გაისარჯნენ და 4:2 აჯობეს მეტოქეს.

ბოლო მატჩი ბეშიქთაშსა და დინამო 2- ს შორის შედგა. ამ თამაშზე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ თბილისელებმა პირნათლად დაჩაგრეს მეტოქე. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა პირველ ტაიმში სამი გოლი გაუტანა ბეშიქთაშს და მეორე ტაიმს ფორმალური სახე მისცა. პირველი გოლი პენალტით გულდედავამ შეაგდო მეტოქის კარში. შემდეგ ვაწაძემ გამოიჩინა თავი და ბოლოს კვარაცხელიამ ითამაშა ზუსტად. მეორე ტაიმში ბეშიქთაშმა ის მოახერხა, რომ პრესტიჟის და ამ ტურნირზე პირველი გოლი გაიტანა. გოლის ავტორი კი მუსტაფა ჩაი გახლავთ. მეშვიდე ადგილისთვის 15 საათსა და 30 წუთზე, დინამოს ბაზაზე ერთმანეთს ბეშიქთაში და შერიფი შეხვდებიან. იმავე დროს აკადემიის მოედანზე მეხუთე ადგილს დინამო-2 და ლეხია გდანსკი გაითამაშებენ.

მეოთხე დღის ფოტო გალერეას ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე იხილავთ:

დინამო 1:0 ტრაბზონსფორი

დინამო: ბულისკერია, ნინუა, ხარაბაძე, ბასარია, დარცმელია, ბაბუნაძე, კუცია, დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, ბ. ხარშილაძე, გ. ხარშილაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ჩიქოვანი, ჯიჭონაია

ტრაბზონსფორი: კაბლანი, სევინჩი, კარაკაში, იოქსიუზი, აკგიუნი, გენჩი, ჯალაპი, აჩილი, ასანი, აკჩაი, დურნა

შეცვლაზე შევიდა: ჯუმური

შერიფი 1:1 ლეხია - პენალტებში 2:4

შერიფი: ემელიანოვი, ჩებოტარი, კონოჰოვი, კოპუტერკო, კოვჩენკო, გლიგა, გრეკული, მოკონი, ნედოვი, ოსიპოვი, შტაიგილბერი

შეცვლაზე შევიდნენ: ბოიკო, კუზმენკო, გროსუ, მაკალიჩი

ლეხია: პიერნიცკი, კაჩინსკი, ლანდოვსკი, ფრიგერი, დაბროვსკი, ზარება, სლავეკი, რაპინჩუკი, ტროხოვსკი, სჟიმანსკი, ლეტნიოვსკი

შეცვლაზე შევიდნენ: შტეფანიაკი, ესპერსენი

 

ლოკომოტივი 0:0 ალკმაარი - პენალტებში 5:6

ლოკომოტივი: გურგენიძე, ჯაფარიძე, ძებნიაური, მჭედლიშვილი, რუხაძე, კაკაბაძე, გრძელიძე, გაბუნია, ნანობაშვილი, არჩვაძე, კვირიკაშვილი

შეცვლაზე შევიდა: ქურდაძე

ალკმაარი: გორტერი, ბადუ, დე ბური, ენსი, დე ჰაასი, ჰელმერი, ჯაკობსი, კოოპმაინერსი, ლატუვერსი, ტააბუნი, ვან დერ ვახტი

შეცვლაზე შევიდნენ: ფასე, ნინგ-ჰინგი, რიერი

ბეშიქთაში 1:3 დინამო 2

ბეშიქთაში: დოღანი, ჯანი, ჩერი, ბილდიკი, ჩაი, სეჩგინი, კილიჩი, გიონდერიჩი, იაზიჯი, ილმაზი, ილდირიმი

შეცვლაზე შევიდა: ერატი

დინამო 2: მამარდაშვილი, გაბედავა, ჯანგიძე, ცერცვაძე, ლურსმანაშვილი, გულდედავა, კვარაცხელია, ბერიაშვილი, ჩარკვიანი, ვაწაძე, ნაჭყებია

შეცვლაზე შევიდნენ: მექვაბიშვილი, ქობულაძე, აზაროვი, ძოწენიძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024