დინამო თბილისი საქართველოს XXVIII ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბ ცხინვალის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 21 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. დაპირისპირების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ჩვენი კლუბის ვებ გვერდზე შეგეძლებათ.
ჩვენი მეტოქე
ცხინვალის საფეხბურთო კლუბმა, რომელიც 1936 წელს დაარსდა, არსებობის მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა სახელწოდება. კლუბი სპარტაკის სახელით ასპარეზობდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატში და თასის გათამაშებაზე. ასევე ამიერკავკასიისა და სხვა და სხვა ზონების შეჯიბრებებში მონაწილეობდა. საბჭოთა პერიოდში ცხინვალის სპარტაკის საუკეთესო სეზონი 1987 წლით თარიღდება – ცხინვალელმა ფეხბურთელებმა საქართველოს საბჭოთა თასის გათამაშება ტრიუმფით დაასრულეს- სპარტაკმა ფინალურ შეხვედრაში ოზურგეთის მერცხალს 1:0 სძლია. საქართველოს დამოუკიდებელ საფეხბურთი ჩემპიონატებში ცხინვალის კლუბი თავდაპირველად (1990–2003 წლებში) ლიახვის სახელით ასპარეზობდა, 2003–2007 წლებში გუნდი ცხინვალის სახელით გამოდიოდა. 2007 წლიდან გუნდს კვლავ სპარტაკი ეწოდება, ხოლო 2015 წლიდან დაიბრუნეს ძველი სახელწოდება და კლუბს ცხინვალი დაერქვა. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ცხინვალისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი 2014-15 წლების სეზონი გამოდგა. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა და საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების ნახევარფინალში იასპარეზა. ცხინვალი არსებობის მანძილზე პირველად მოხვდა ევროთასებზე. უეფას ევროპა ლიგაზე თავისთვის სადებიუტო ასპარეზობის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ცხინვალი რუმინულ ბოტოშანს დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში 2:4 დამარცხდა.
სამაჩაბლოში განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ, გუნდმა დისლოკაციის ადგილი შეიცვალა და საშინაო შეხვედრებს ცხინვალის ნაცვლად გორში ატარებდა, თუმცა უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ცხინვალი საშინაო შეხვედრებს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე მართავს.
მწვრთნელი და სპარტაკი
ცხინვალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2013 წლის ნოემბრიდან ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი- კახა კაჭარავა მუშაობს. წინა სეზონი გუნდმა 46 ქულით მეშვიდე ადგილზე დაასრულა. მიმდინარე ტურნირში კი გუნდს ჯერ მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული.
დინამომდე...
28- ე გარდამავალ ჩემპიონატში ცხინვალმა ჯერ მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა. ჩვენი მომავალი მეტოქე გურიას დაუპირისპირდა და გატანილი გოლების გარეშე დაცილდა.
ცხინვალი - დინამო
ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა. ეროვნულ ჩემპიონატში დინამო და ცხინვალი ერთმანეთს 21– ჯერ დაუპირისპირდნენ 15 მოგება, 4 ფრე და 2 მარცხი. 51 გატანილი ბურთის საპასუხოდ მიღებული 18 გოლი – ასეთია დედაქალაქელთა მონაგარი.
ცხინვალთან ურთიერთშეხვედრებში დინამომ პირველი მარცხი ოცდამეერთე ჩემპიონატის ოცდამეათე ტურში განიცადა. 2010 წლის 18 აპრილს ჩატარებული შეხვედრა, ჩვენი მეტოქის სასარგებლოდ ანგარიშით 2:1 დასრულდა. მტკვრისპირელებმა დიდი ანგარიშით რამდენჯერმე იმარჯვეს. გასვლაზე გორში ორჯერ დაამარცხეს ცხინვალი ანგარიშით 3:0. 2007 წლის 15 სექტემბერს მეცხრამეტე ჩემპიონატის მეხუთე ტურში და 2008 წლის 29 ნოემბერს მეოცე ჩემპიონატის მეცამეტე ტურში. თბილისში კი 2009 წლის 16 აგვისტოს ოცდამეერთე ჩემპიონატის პირველ ტურში დინამომ გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 აჯობა მეტოქეს. ასევე დიდი ანგარიშით იმარჯვა დინამომ ამ გუნდების წინა საჩემპიონატო დაპირისპირებაში. 2014 წლის 24 ოქტომბერს დინამო არენაზე ჩვენმა გუნდმა 6:1 მოუგო ცხინვალს. გიორგი პაპუნაშვილის ჰეთ თრიქს თითო გოლი ლაშა პარუნაშვილმა, ირაკლი ძარიამ და მათე ცინცაძემ მიამატეს. ასევე დიდი ანგარიშით 4:1 ამჯერად ცხინვალმა იმარჯვა და ეს იყო მათი მეორე წარმატება დედაქალაქურ გუნდთან. 2015 წლის 24 აპრილს გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მათე ცინცაძემ გაიტანა.
უკანასკნელი მატჩი ცხინვალსა და დინამოს შორის 10 აპრილს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 4:2 დასრულდა. გოლები ცხინვალის კარში ვახტანგ ჭანტურიშვილმა, ალექსანდრე იაშვილმა და გიორგი ქვილითაიამ (2) გაიტანეს.
დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
ხვალინდელ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ფეხბურთელები არ გამოტოვებენ.
ცხინვალი - დინამო | მსაჯი
ცხინვალთან დაპირისპირებას, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართება- გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას- დ. გაბისონია და ზ. მენთეშაშვილი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი- ა. ბასლეჰლო შეასრულებს.
ბოლო შეხვედრა, რომელიც იმსაჯა გიორგი ვადაჭკორიამ, 13 აგვისტოს უმაღლეს ლიგაში გამართული შუქურა 1:3 ჩიხურა გახლავთ. მთავარმა არბიტრმა შეხვედრის მიმდინარეობისას სამი ფეხბურთელი გააფრთხილა.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით ეროვნულ ჩემპიონატში გიორგი ვადაჭკორიამ უკანასკნელად 2016 წლის 6 აპრილს იმსაჯა. დინამოელებმა თავის არენაზე ტორპედო ქუთაისი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. აღნიშნულ შეხვედრაში გიორგი ვადაჭკორიამ ხუთი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი გამოიყენა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
გიორგი ვადაჭკორია (დაბადების თარიღი: 1977 წლის 8 ივნისი)
===========================================
უმაღლესი ლიგა - 164 თამაში / 663 ყვითელი / 32 წითელი / 45 პენალტი
პირველი ლიგა – 19 თამაში / 52 ყვითელი / 4 წითელი / 5 პენალტი
მეორე ლიგა – 62 თამაში / 179 ყვითელი / 3 წითელი / 24 პენალტი
საქართველოს თასი – 15 თამაში / 55 ყვითელი / 2 წითელი / 3 პენალტი
საქართველოს სუპერ თასი – 3 თამაში / 20 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 6 თამაში / 20 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 5 თამაში / 16 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19. საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
საერთაშორისო ამხანაგური მატჩები – 3 თამაში / 6 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
ცხინვალის სავარაუდო შემადგენლობა
ჩვენი ვარაუდით ხვალინდელ დაპირისპირებაში, ცხინვალელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
ნადირაძე - ბაჩიაშვილი, თომაშვილი, მაისაშვილი, ცერცვაძე - გაბრიჩიძე, ქოჩლაძე, მახარობლიძე, ქარდავა - კახელიშვილი, დვალი