დინამოელები 2013-2014 წლების სეზონისთვის მზადებას განაგრძობენ. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ ჟვანიამ ანთალიურ შეკრებაზე ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს უხმო. 19 წლის მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ სამწუხაროდ პირველივე სპარინგში ტრავმა მიიღო და სამშობლოში მკურნალობს. ანთალიაში დინამოს პირველი გუნდის შემადგენლობაში ემზადებიან - 19 წლის მეკარე ლევან ტყეშელაშვილი და მისი თანატოლები ცენტრალური მცველი სანდრო გურეშიძე და ნიკა დიასამიძე. 16 თებერვალს შეუსრულდება 20 წელი გიორგი პაპავას, რომელსაც უკვე კარგა ხანია ძირითადში თამაშის გამოცდილება აქვს. პირველად იმყოფებიან დინამოს მთავარ გუნდთან ერთად უცხოურ შეკრებაზე მეორე გუნდიდან დაწინაურებული 18 წლის ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი, 19 წლის შემტევი ნახევარმცველი საბა ლოჟბანიძე, 21 წლის მარჯვენა მცველი ვაკო ბაჩიაშვილი და 22 წლის მარცხენა მცველი ლაშა შერეგელაშვილი. 19 წლამდელთა ნაკრების წევრია დინამოს ახალწვეული, საყრდენი ნახევარმცველი მათე ცინცაძე. შეკრების შესახებ ჩვენი გუნდის ახალგაზრდები გვიამბობენ.
მათე ცინცაძე- როდესაც დინამოს ინტერესის შესახებ გავიგე, ძალიან გამიხარდა და სხვა გუნდების შემოთავაზებებზე არც მიმიქცევია ყურადღება. პირველად ვარ შეკრებაზე დინამოსთან ერთად. შეკრების დანიშნულება სეზონისთვის მომზადებაა. ჩვენც ვხვეწავთ სხვადასხვა კომბინაციებს, აქ უნდა შევთამაშეთ და სანახაობრივი ფეხბურთი ვაჩვენოთ. დრო გვაქვს. ვხედავ ნდობას მწვრთნელის მხრიდან. განცდა იმის რომ საჭირო ფეხბურთელი ვარ სასიამოვნო და საპასუხისმგებლოა. პროგრესირების დიდი სურვილი მაქვს.
საბა ლობჟანიძე -პირველად ვარ დინამოს მთავარი გუნდის შეკრებაზე, რაც ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. 3 წელია გუნდში ვარ. ყველა საფეხური გავიარე -აკადემია, დუბლები, დინამო-2, სადაც მალხაზ ჟვანია გვავარჯიშებდა. ძალიან საინტერესო შეკრებაა, ვარჯიშებით და საინტერესო სპარინგებით დატვირთული. ამ შეხვედრებში შედეგი მაინც ალბათ მეორეხარისხოვანია. მთავარია ახალგაზრდებმა ძალიან მოვინდომოთ და მზად ვიყოთ პირველ გუნდში თამაშისთვის.
ლაშა შერგელაშვილი-ძალიან კარგ პიროებში ვემზადებით. სასტუმრო, მინდვრის საფარი, ყველაფერი საუკეთესოა. მეორე გუნდში ვთამაშობდი. მთავარი მწვრთნელის ინიციატივით პირველში დავწინაურდი და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ დინამოსთვის სასარგებლო ფეხბურთელი ვიყო. ჩემ პოზიციაზე დავით კვირკველია თამაშობს და მის გვერდით ვცდილობ ბევრი ვისწავლო.
გიორგი პაპუნაშვილი - 3 წელია რაც დინამოში ვირიცხები. გავიარე დუბლები, მეორე გუნდი. მადლობა მინდა ვუთხრა მთავარ მწვრთნელს, ნდობა გამოგვიცხადეს ახალგაზრდა ფეხბურთელებს. 3 კვირაა რაც მოსამზადებელ ეტაპს გავდივართ და მთავარი ალბათ ამ ეტაპზე შეთამაშებაა. მინდა ნდობა გავამართლო და ვფიქრობ მზად ვარ პირველ გუნდში ყოფნის პასუხისმგებლობისთვის.
ნიკა დიასამიძე - თავიდან, ფაქტიურად გუნდში მოსვლისთანავე განათხოვრებით მომიწია წასვლა, შემდეგ დროებით დინამო-2-ში ვიყავი. დინამოში მალხაზ ჟვანიას მოსვლის დღიდან ერთად გვიწევს მუშაობა. ფეხბურთელები დინამო-2-შიც კარგად ვუგებდით მას და მისი მოსვლის შემდეგ ყველა თამაში მოვიგეთ. 2014 წელს მასთან ერთად გადავედი პირველ გუნდში. სახალისო და კარგი ვარჯიშები გვაქვს. გრძელდება საინტერესო ტაქტიკური მონახაზების დამუშავება, რასაც დრო სჭირდება.
ვაკო ბაჩიაშვილი - 15 წლის წავედი უკრაინაში სადაც ჯერ 2 წელი კიევის არსენალის შესაბამის ასაკობრივ გუნდში ვთამაშობდი, შემდეგ კი 19 წლამდელთა გუნდში გადავედი. 6 თვე კარპატის დუბლებში გავატარე. ამის შემდეგ ჩამოვედი თბილისში. სინჯებზე დინამოში მივედი და დამტოვეს. ჩემს მონდომებას ხედავდა და ყოველთვის ვგრძნობდით მალხაზ ჟვანიას მხარდაჭერას. ტრავმების გამო, მოულოდნელად პირველ გუნდში დამიძახეს. დიდი გამოცდილებაა ჩემთვის. აქამდე ასეთი დონის გუნდში არასდროს ვყოფილვარ. ცოტა ძნელია თავიდან. ბოლომდე მოვინდომებ, ბოლომდე დავიხარჯები და შემდგომში რა იქნება, ამას უკვე დრო გვაჩვენებს.
ლევან ტყეშელაშვილი- შეკრება, რომელიც დასასრულს უახლოვდება, ვფიქრობ ძალიან ნაყოფიერად მიმდინარეობს. დაღლილობის ფონმა იკლო. ყველანაირი პირობაა მოსამზადებლად. იყო ტრავმები, მაგრამ იმედია შეკრებას ტრავმების გარეშე დავასრულებთ. სეზონის განახლებას ოპტიმალურ ფორმაში შევხვდებით და ვეცდებით დასახული მიზნის მიღწევას.
სანდრო გურეშიძე- სამწუხაროდ ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი გამიცდა და დინამო-2-ში რამდენიმე შეხვედრის გამოტოვება მომიხდა. მოულოდნელად მომიწია გუნდთან შეერთება. აქ საუკეთესო პირობები დამხვდა. ყველაფერია, რომ თავი ფეხბურთელად იგრძნო. საინტერესო ვაჯიშები გვაქვს. დატვირთვების ფონზე სხვადასხვა ტიპის ვარჯიშები ერთმანეთს ისე ენაცვლება, რომ ვერ გრძნობ დაღლილობას. მნიშვნელოვანია გვერდით გამოცდილი ფეხბურთელების ყოფნა. ეს ჩვენთვის დიდი სკოლაა. შეკრებაზე ბევრი ახალგარდა ვართ და ჩვენთვის მთავარი პირველ გუნდში დამკვიდრებაა.