• Geo
  • Eng
19.04.2016
დინამო - ჩიხურა | ნახევარფინალამდე

ხვალ 20 აპრილს დინამო არენა საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალის პირველ მატჩს უმასპინძლებს. დინამო თბილისს თავის მე- 15 ფინალში გასასვლელად მეტოქეობას საჩხერის ჩიხურა გაუწევს. დაპირისპირება 18.00 საათზე დაიწყება, ხოლო მის პირდაპირ და ტექსტურ რეპორტაჟს მაყურებელი დინამოს ვებ გვერდის საშუალებით იხილავს.

 

ნახევარფინალამდე დედაქალაქელებმა ორჯერ ერთნაირი ანგარიშით 1:0 დაამარცხეს ფოთის კოლხეთი. გოლები პირველ შემთხვევაში ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა, მეორედ კი საპასუხო მატჩში- გიორგი ქვილითაიამ. მეოთხედფინალში მტკვრისპირელებმა ქუთაისში ტორპედოს გიორგი ქვილითაიას გოლით 1:0 აჯობეს, ხოლო საპასუხო შეხვედრაში თბილისელებმა 2:1 დაამარცხეს ტრადიციული მეტოქე. გოლები ქუთაისელებს გიორგი ქვილითაიამ და მათე ცინცაძემ გაუტანეს.

 

საჩხერის ჩიხურას ნახევარფინალში გასასვლელ გზაზე პირველ მეტოქედ ოზურგეთის მერცხალი ერგო. ორი მატჩის ჯამში ჩვენმა მომავალმა მეტოქემ 5:0 აჯობა გურულებს. პირველ შერკინებაში თორნიკე მუმლაძემ გაიტანა გოლი, მეორე მატჩში კი გიორგი ჯოხაძემ მიხეილ სარდალიშვილის და ბესიკ დეკანოიძის გოლებს დუბლი მიამატა. შემდეგ ჩიხურამ სარდალიშვილის და გიორგი ჭანკოტაძის გოლებით თერჯოლის საპოვნელას მოუგო 2:0, ხოლო საპასუხო მატჩი უგოლო ყაიმით დასრულდა. მეოთხედფინალში ჩიხურამ ქობულეთის შუქურა მიიღო. პირველი მატჩი ამ შემთხვევაშიც მასპინძელთა სასარგებლოდ 2:0 მორჩა. სარდალიშვილი და ჭიაბერ ჭეჭელაშვილი გატანილი გოლების ავტორები. ქობულეთში ჩატარებული საპასუხო შეხვედრა ფრედ 1:1 მორჩა. გოლი იმერელთაგან ბესიკ დეკანოიძემ გაიტანა.

 

საქართველოს თასზე ეს გუნდები 2013 წლის 22 მაისს გადამწყვეტ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დინამომ 3:1 დაამარცხა მეტოქე. გიორგი მერებაშვილმა, ლევან ხმალაძემ და ირაკლი ძარიამ გაიტანეს გოლები. მომდევნო წელს დინამო და ჩიხურა ისევ თასის ფინალში გავიდნენ და დედაქალაქელებმა 2:1 იმარჯვეს. ამჯერად გოლები ჩისკო მუნიოსის და ოთარ მარცვალაძის ანგარიშზეა.

 

ხვალინდელ ნახევარფინალს დინამო თბილისი და ჩიხურა საჩხერე დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების გარეშე ხვდებიან. საპასუხო მატჩი ივანწმინდაში 5 მაისს ჩატარდება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024