ავსტრიულ შეკრებაზე დინამო თბილისი პირველ სპარინგ მატჩს ვარშავის ლეგიას წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ნოიშტიპში გაიმართება და თბილისის დროით 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
ლეგია 1916 წელს დაარსდა და წელს ასი წლის იუბილე აქვს. პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი საშინაო მატჩებს 31 000- იან პეპსი არენაზე ატარებს. ლეგიას საკლუბო ფერები- თეთრი, შავი და მწვანეა. ლეგია პოლონეთის თორმეტგზის გამარჯვებული გახლავთ, ეროვნული თასი კი ვარშავულმა გუნდმა 18- ჯერ აღმართა. პოლონეთის სუპერთასი 4- ჯერ მოიგო ჩვენმა მომავალმა სპარინგ პარტნიორმა და ერთხელაც პოლონეთის ლიგის თასი მოიპოვა. 1970 წელს ლეგია ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდა, ხოლო 1991 წელს გათამაშების იმავე სტადიამდე მიაღწია, ოღონდ თასების თასზე. წელს დასრულებული ექსტრაკლასა ლეგიამ პირველ ადგილზე დაასრულა, აჯობა რა პიასტის 2 ქულით.
ლეგიას თავკაცად ამ თვის დასაწყისში ალბანელი ფეხბურთის სპეციალისტი ბესნიკ ჰასი დაინიშნა, რომელმაც თავისი პოსტი სტანისლავ ჩერჩესოვისგან გადაიბარა. ბესნიკ ჰასი მანამდე 8 წელი ბელგიურ ანდერლეხტში მუშაობდა. ჯერ ასისტენტად, შემდეგ კი მთავარ მწვრთნელად.
დინამო და ლეგია ევროთასებზე ერთმანეთს 1982 წელს დაუპირისპირდნენ. თასების მფლობელთა თასის გათამაშების მეოთხედფინალში თბილისელებმა 3 მარტს ვარშავაში 1:0 იმარჯვეს, ხოლო 17 მარტს იმავე ანგარიშით დინამო არენაზე აჯობეს მეტოქეს.