დინამო არენამ მეხუთე ტურის შეხვედრას უმასპინძლა, რომელშიც დინამოელები ქობულეთის შუქურას დაუპირისპირდნენ. მატჩის დებიუტში მასპინძლებმა მიჯრით ორი კუთხური მოაწოდეს, პირველი დარტყმა კარში კი ჯაბა ჯიღაურმა შეასრულა. მესამედ ჩამოწოდებულ კუთხურს შუქურას კართან გოლი მოჰყვა. რამდენიმე გადაცემის შემდეგ უჩა ლობჟანიძემ ალექსანდრე ამისულაშვილს დაუგორა ბურთი, ჩვენი გუნდის კაპიტანმა კი ზუსტი დარტყმით აიღო სტუმართა კარი 1:0. მატჩის 21- ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა მიიღო ტრავმა და ვეღარ მოახერხა მატჩის გაგრძელება, მის მაგივრად მოედანზე სტეფან ველევი გამოჩნდა. სტუმრებმა ამასობაში ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, ალექსანდრე გურულმა ჩააწოდა, ბურთი არავის შეხებია და ისე გავიდა თბილისელთა კარში 1:1. მატჩი დაძაბულად გაგრძელდა. პირველი ნახევრის ბოლოს სტუმრებმა სახიფათოდ შუტიეს, არზიანმა საჯარიმოში ჩააწოდა, კარში დარტყმული ბურთი კი უჩა ლობჟანიძემ მოიგერია.
მეორე ნახევარი დინამომ ცვლილებით დაიწყო. უჩა ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე გიორგი ზარია შევიდა. 57- ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილს ჰქონდა კარგი მომენტი მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ ბოლო წამს მცველებმა განმუხტეს სიტუაცია. 62- ე წუთზე კიდევ ერთხელ გადარჩა შუქურას კარი. ჯაბა ჯიღაურმა ახლო მანძილიდან დაარტყა, ბურთი მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა. მომდევნო შეტევაში ჯაბა ჯიღაურს კიდევ ერთი მცდელობა გაუფუჭდა. რამდენიმე ცრუ მოძრაობის შემდეგ შესრულებული მისი დარტყმა ამჯერად ქობულეთელთა კარის ხარიხამ მოიგერია. 81- ე წუთზე ისევ ჯიღაური აქტიურობდა. შორი მანძილიდან ძლიერად გაისროლა ჯაბამ, ბურთი კი ცხრიანიდან შუქურას მეკარემ აზამატ ჯიოევმა მოხსნა. მატჩის ბოლო წუთზე სტეფან ველევის თავით დარტყმული ბურთი ოდნავ აცდა მიზანს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე სტუმართა კარი კიდევ ერთხელ გადაურჩა ხიფათს. ვლადიმერ დვალიშვილმა ტექნიკურად ითამაშა, კართან ახლოს მყოფ გიორგი პაპუნაშვილს დაუგორა ბურთი, მისი დარტყმული კი ისევ მცველმა გამოიტანა დაუცველი კარიდან. საბოლოოდ მეორე ტაიმში კოლოსალური უპირატესობის მიუხედავად დინამომ ვერ მოახერხა გოლის გატანა და შუქურას ფრედ 1:1 დაცილდა. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 17 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლოკომოტივთან ჩაატარებს.
დინამო 1:1 შუქურა
გოლი: 1:0 ამისულაშვილი 10’ 1:1 გურული 24’
გაფრთხილება: ლობჟანიძე 41’ არზიანი 41’ რენე 74’ მალანია 80’
დინამო: სკრიბე, თევზაძე, ამისულაშვილი, რენე, ლობჟანიძე (ზარია 46), პარუნაშვილი (მიქელთაძე 73), ცინცაძე, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (ველევი 24), ჯიღაური, დვალიშვილი
შუქურა: ჯიოევი, კომახიძე, მირცხულავა, ჭეჟია, ჩაჩუა, საბაძე, არზიანი, გურული (მალანია 73), კონიეჰა (შალამბერიძე 87), ომანიძე (მამულაშვილი 60), კუტალია
მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი