• Geo
  • Eng
16.09.2016
თბილისური დერბი | მატჩამდე

საქართველოს 28- ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლოკომოტივის წინააღმდეგ გამართავს. თბილისური დერბი 17.00 საათზე დაიწყება და მის რეპორტაჟს დინამოს ვებ გვერდი შემოგთავაზებთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი ლოკომოტივი 1936 წელს დაარსდა. იგი რკინიგზის ტრანსპორტის მუშაკთა საკავშირო ნებაყოფლობით სპორტულ საზოგადოებას წარმოადგენდა, რომელშიც გაერთიანდნენ დარგის მუშაკები, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, რკინიგზის წარმოება-დაწესებულებათა, სატრანსპორტო მშენებლობისა და მეტროპოლიტენის მოსამსახურეები. აგრეთვე, რკინიგზის სამინისტროს სისტემაში შემავალი უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების სტუდენტები და მოსწავლეები.

ლოკომოტივი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მართავს საშინაო მატჩებს, რომელიც 25 000 მაყურებელს იტევს. გუნდის ფერები კი ტრადიციული წითელი და თეთრია. ლოკომოტივს 1988-1989 წლებში ომც ლოკომოტივი ერქვა, 1990-1993 წლებში თბილისელები მერანის სახელით ასპარეზობდნენ, ხოლო 1993-1995 წლებში ჩვენს მომავალ მეტოქეს მერანი-ბაჩო ერქვა. ლოკომოტივი სსრკ- ს უმაღლეს (1938 და 1940), პირველ (1939, 1946-1948, 1959-1970) და მეორე ლიგებში (1936-1937, 1981-1982, 1984-1986, 1988-1989) გამოდიოდა. საქართველოს უმაღლეს ლიგაში ლოკომოტივს დებიუტი 1997 წელს ჰქონდა. გუნდი არის საქართველოს თასის სამგზის მფლობელი 2000, 2002 და 2005 წლებში. პირველობის ვერცხლის მედალოსანი 2001 და 2002 წლებში და 1999 წლის პრიზიორი.

 

 

მწვრთნელი და ლოკომოტივი

2015 წლის ოქტომბრიდან თბილისის ლოკომოტივს ესპანელი ფეხბურთის სპეციალისტი- ხერარდ სარაგოსა ხელმძღვანელობს. მისმა გუნდმა განვლილი ჩემპიონატი 25 ქულით მე- 13 ადგილზე დაასრულა. ხერარდ სარაგოსა ლოკომოტივს 2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის მაისამდეც წვრთნიდა.

 

 

დინამომდე

ლოკომოტივმა გარდამავალი ჩემპიონატი ქუთაისის ტორპედოსთან უგოლო ფრიტ გახსნა. ამას მოჰყვა მარცხი საჩხერის ჩიხურასთან 2:3. შემდეგ თასის გათამაშებაში ლოკომოტივმა ვიტ ჯორჯიას აჯობა 1:0, დაამარცხა გურია 2:1 და იმავე ანგარიშით სძლია ცხინვალს.

 

 

დინამო VS ლოკომოტივი

დინამო და ლოკომოტივი ტრადიციული მეტოქეები გახლავთ, რაზეც მათ მიერ ჩატარებული მატჩების სტატისტიკაც მეტყველებს. უმაღლეს ლიგაში ეს გუნდები ერთმანეთს 41- ჯერ დაუპირისპირდნენ. აქედან 24- ჯერ წარმატება დინამოელებს დარჩათ, 11 მატჩი ყაიმით დასრულდა და 6 შეხვედრა ლოკომოტივმა მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 60/23 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.

ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ორჯერ დაამარცხა მეტოქე. 1997 წლის 30 აპრილს, ამ გუნდების სადებიუტო შეხვედრაში ლურჯ- თეთრებმა 4:0 აჯობეს თეთრ-წითლებს. დავით მუჯირმა ჰეთ თრიქი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი გიორგი კიკნაძის ანგარიშზეა. მეორედ დინამომ 4:0 1999 წლის 19 სექტემბერს დააფიქსირა. მიხეილ აშვეთიას დუბლს, თითო გოლი კლიმენტი წიტაიშვილმა და რობერტ ზირაქიშვილმა მიამატეს. 2015 წლის 21 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩში დინამომ 4:1 მოიგო. თბილისურ დერბში დინამოელთაგან თავის გამოჩენა გიორგი თევზაძემ, მათე ცინცაძემ, ჯაბა ჯიღაურმა და ზაზა ჭელიძემ მოახერხეს. დიდი ანგარიშით დინამო ერთხელ, 2000 წლის 23 სექტემბერს დამარცხდა. ლოკომოტივმა 3:0 მოიგო. ყველაზე მეტი გოლი ამ გუნდების დაპირისპირებაში 2008 წლის 10 მაისს გავიდა. ჩვენმა გუნდმა პირველობის ბოლო ტურში, უკვე ჩემპიონის სტატუსით 6:5 მოუგო ლოკომოტივს. მათე ვაწაძემ და მიხეილ ხუციშვილმა დუბლი შეასრულეს. თავის გამოჩენა ასევე ჯორჯ აკირემმა და ლევან ხმალაძემ მოახერხეს. ყველაზე პოპულარული ანგარიში გუნდების დუელში გახლავთ 1:0, რომელიც 13- ჯერ დაფიქსირდა. 11 ნათამაშები ყაიმიდან კი 10 უგოლოდ დასრულდა. მათე ვაწაძეს დინამოელთაგან ყველაზე მეტი- 6 გოლი აქვს გატანილი ლოკომოტივის კარში.

ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება 2016 წლის 23 თებერვალს შედგა. დინამო არენაზე გამართული მატჩი ჩვენმა გუნდმა 2:1 მოიგო. თბილისურ დერბში დინამოელთაგან თავის გამოჩენა ალექსანდრე იაშვილმა და ოთარ კიტეიშვილმა მოახერხეს.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას ორივე გუნდი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების გარეშე ხვდება.

 

 

დინამო - ლოკომოტივი | მსაჯი

შეხვედრას ლოკომოტივის წინააღმდეგ- ლაშა სილაგავა განსჯის. მას ასისტენტობას ზ. მენთეშაშვილი და დ. გაბისონია გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი ჯ. ხორავა შეასრულებს.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ლაშა სილაგავამ იმსაჯა 12 სექტემბერს, პირველ ლიგაში გამართული ჭიათურა 2:1 სქური გახლავთ. სილაგავამ მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს 5 ყვითელი ბარათი უჩვენა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ლაშა სილაგავამ ბოლოს 2016 წლის 5 მაისს, საქართველოს თასზე იმსაჯა საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ 2:1 დასრულებულ შეხვედრაში, მატჩის მთავარმა არბიტრმა ოთხი ყვითელი ბარათი გამოიყენა.

ლაშა სილაგავა

დაბადების თარიღი: 1976 წლის 27 ივლისი
===========================================
უმაღლესი ლიგა - 179 თამაში / 618 ყვითელი / 29 წითელი / 28 პენალტი

პირველი ლიგა - 12 თამაში / 42 ყვითელი / 0 წითელი / 6 პენალტი

საქართველოს თასი - 30 თამაში / 83 ყვითელი / 3 წითელი / 3 პენალტი

საქართველოს სუპერთასი - 2 თამაში / 6 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

უეფა. ჩემპიონთა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა. ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი – 4 თამაში / 21 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

უეფა. ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი - 6 თამაში / 39 ყვითელი / 4 წითელი / 2 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19.საკვალიფიკაციო ეტაპი - 6 თამაში / 30 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

 საერთაშორისო ამხანაგური მატჩი – 2 მატჩი / 11 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

 მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

მალტის ჩემპიონატი – 2 თამაში / 11 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

 

 

 

 

ლოკომოტივის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ლოკომოტივის სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

თევდორაძე - მახარაძე, გაბაძე, ხიდეშელი, ფოფხაძე - დიასამიძე, კლიმიაშვილი, უბილავა, კუხიანიძე - ზარანდია, ვაწაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024